სამეგრელო

სამეგრელო (მეგრ. სამარგალო) საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა. ეს არის მდინარე რიონს, ცხენისწყალს, ენგურსა და შავ ზღვას შორის მოქცეული ტერიტორია. სახელწოდება მომდინარეობს ისტორიული მხარის ეგრისისაგან. ქართულ წერილობით წყაროებში იხსენიება XII საუკუნიდან. მხარის ფართობი შეადგენს 7441 კვ.კმ-ს, მოსახლეობა — 466 ათასს, მოსახლეობის სიმჭიდროვე 1 კვ.კმ-ზე — 63 კაცს. მხარის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ზუგდიდი. მხარეში 500 დასახლებული პუნქტია, მათ შორის: ქალაქი — 8: აბაშა, ზუგდიდი, მარტვილი, სენაკი, ფოთი, წალენჯიხა, ჯვარი, ხობი; დაბა — 1: ჩხოროწყუ; სოფელი — 490. სამეგრელოს ტერიტორია მდიდარია სხვადასხვა სახის წიაღისეულით. განსაკუთრებულ ყურადღებას თავისი პერსპექტიულობით იპყრობს მდინარეების ენგურის, ხობის და რიონის ხეობებს შორის მდებარე ვაკე–დაბლობზე განვითარებული ნავთობისა და გაზის შემცველი ქანების კომპლექსი. სამეგრელო წყლის ობიექტების სიუხვითა და მრავალფეროვნებით გამოირჩევა. აქ მრავლადაა მდინარეები, ჭაობები და წყაროები. შედარებით ნაკლები გავრცელება აქვს ტბებსა და მყირვარებს. სამეგრელოს ტერიტორია გამოირჩევა მდინარეთა ჰიდროგრაფიული ქსელების კარგი განვითარებით. აქ აღრიცხულია 2441 დიდი და მცირე მდინარე, უდიდესია ხობისწყალი, რომლის სიგრძე 150 კმ–ია და მეექვსე მდინარეა საქართველოს დიდ მდინარეთა შორის. იგი შედგება 1485 შენაკადისაგან, მეორე ადგილზეა მდინარე ტეხური, მესამე ადგილზეა მდინარე აბაშა. სამეგრელოს ტერიტორიაზე სულ 13 ტბაა აღრიცხული. მათ შორის აღსანიშნავია პალიასტომი, ფართო წყარო, ტობავარჩხილი, დიდი ტობა ვარჩხი, ჩიპსთა ვარჩხი... ეკონომიკური განვითარების დონე მნიშვნელოვნად განსხვავდება ზღვისპირა (ფოთი, ხობი), ცენტრალურ და მაღალმთიან ზონებში. ფოთი საქართველოს გარე სამყაროსთან დამაკავშირებელი მთავარი ჭიშკარია, რომელზეც მოდის ქვეყნის სავაჭრო ტვირთბრუნვის მნიშვნელოვანი წილი. რეგიონის ეკონომიკური გაჯანსაღება მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული აფხაზეთთან პოლიტიკური ურთიერთობების მოწესრიგებაზე. სამეგრელოს საკურორტო პოტენციალი წარმოდგენილია კლიმატურ–საკურორტო (მთის, ზღვის ჰავა), პლაჟურ–საკურორტო (ზღვის წყალი, ქვიშა, მზის ნათების ხანგრძლივობა), ჰიდრომინერალური (თერმული და მინერალური წყაროები) რესურსებით. სოფლის მოსახლეობა ეწევა მებაღეობას, მემცენარეობას, მეციტრუსეობას, მეჩაიეობას. ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით სამეგრელო შედის სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში და მოიცავს შემდეგ ტერიტორიულ ერთეულებს