პირუკუღმარის მონასტერი


galerea



aRwera

პირუკუღმარის მთაში ქვაბთა ორი ჯგუფია. მათგან ერთი ბაიდის ხევშია. ნასომხარად წოდებული ადგილის მახლობლად. ხოლო მეორე – ქვემოთ, გაილად წოდებულ ადგილზე, სადაც უძველესი მეუდაბნოეობის დროის მცირე ქვაბების ფრაგმენტებია შემორჩენილი. მათ შორის ერთი მიუდგომელია. ქვაბთა ამ ჯგუფში ეკლესია არ დასტურდება. პირველი ჯგუფი კი მიუდგომელ სიმაღლეზე მდებარე, ეკლესიანი, მცირე უდაბნოა. აქ ორსართულად თხუთმეტიოდე ქვაბია განლაგებული. შემორჩენილია მეორე სართულზე არსებული ქვაბები, რომელთა ღიობები კლდოვან ქარაფზე გამოდის. მათ შორის ეკლესიანი ჯგუფიცაა. ეკლესია დარბახულია, ნალისებრაფსიდიანი (სიგრძე აფსიდის ჩათვლით – 5.2 მეტრი, სიგანე – 2.3 მეტრი). ნალისებრია სატრიუმფო თაღიც, რომლის ქუსლებთან მარტივი, თაროსებრი იმპოსტებია გამოყვანილი. საკურთხეველი ამაღლებული არ არის. დარბაზის ჩრდილოეთ და სამხრეთ კედელზე ორ-ორი ვიწრო, თაღოვანი ნიშაა. სამხრეთ - აღმოსავლეთ ნიშაში კარის ღიობია გამოკვეთილი. იგი ამჟამად ფასადზე გადის. ეკლესია გასასვლელითაა დაკავშირებული სამხრეთ აღმოსავლეთით მდებარე ეკვდერ - სამარხთან.

ეკვდერ-სამარხის აღმოსავლეთ კედელში მცირე ზომის ორი ნიშა საკურთხეველია. ჩრდილოეთ კედლის წინ კი იატაკში სამარხია ამოკვეთილი. ამ ჯგუფში კიდევ ორი სადგომია. მათგან ერთი მოზრდილია (ფართობი – დაახლოებით 22 კვადრატული მეტრია) მეორე – მომცრო (ფართობით – დაახლოებით 14 კვადრატული მეტრია). ორივეს კედლებში ღრმა ნიშები და მერხებია ამოკვეთილი. მცირე სათავსის ერთ-ერთ ნიშაში საცეცხლურია. დიდი სათავსის ჩრდილოეთ კედელში გამოკვეთილია მცირე ზომის, წრიული გეგმის მქონე სამეურნეო სათავსი – ქოცოების ჩასადგმელი ორმოებით. სათავსის ჩრდილო - დასავლეთ კუთხეში იატაკში 3 მეტრის სიღრმის ღრმულია, რომელიც გვირაბით უკავშირდება ურთიერთდაკავშირებულ ორ სამალავს. ორივე ჯგუფი ტიპური მეუდაბნოეობის ეპოქის უდაბნოა და VI საუკუნით თარიღდება.

ამჟამად კომპლექსი საკმაოდ სავალალო მდგომარეობაშია. შლადი ქანების გამო მის გამოქვაბულებში შესვლა საკმაოდ სარისკოა, აგრეთვე ადგილობრივი რელიეფის და იმის გათვალისწინებით, რომ პირუკუღმარის კომპლექსი საკმაოდ მოცილებულია გზასთან, მიმდებარე ტერიტორიაზე მოგზაურობისას საკმაოდ დიდი შანსია, რომ შეხვდეთ არასასურველ და საშიშ არსებებს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე აიპ "კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და კვლევის ცენტრის" შესაბამისი სამსახური ტურისტული მიზნებით მოძრავ ჯგუფებს არ უწევს რეკომენდაციას ზემოხსენებული ადგილების მონახულებისთვის.

 

ინფორმაცია მოამზადა ვასილ ჭიჭაღუამ

ფოტოები - ანზორ მჭედლიშვილის

წყარო - საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა  1-III