უცნობი ახალი მონასტერი
galerea
aRwera
VI ექსპედიციისას (29-30.10.2022) ყაჯირის მთის ჩრდილო-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ხევების დაზვერვისას, ერთ-ერთი დამშრალი ხევის თავზე გზიდანვე შევამჩნიეთ გამოქვაბული მაღალი კლდის ფასადზე (პირობითად რიგით IV მღვიმე). ხევისა და კლდეების დეტალური დათვალიერების შედეგად აღმოჩნდა, რომ კლდოვანი კონცხი ყაჯირის მთის ჩრდილო განშტოებიდან აღმოსავლეთ მხარესაა გამოყოფილი. მის ჩრდილოეთ ფასადზე ერთი გამოქვაბულია, ხოლო კლდის სამხეთ-აღმოსავლეთ ფასადზე კიდევ სამი გამოქვაბულია გამოკვეთილი.
ამ სამი გამოქვაბულის ძირში ჩვენ VIII ექსპედიციისას (06-07.01.2024) კიდევ ერთხელ მივედით, თუმცა სპეციალური აღჭურვილობის გარეშე ამ მღვიმეებში ასვლა შეუძლებელი აღმოჩნდა.
თუმცა, ჩვენ მაინც შევძელით მათი დათვალიერება უპილოტო საფრენი აპარატით გადაღებული ფოტოებისა და ვიდეოების მეშვეობით. მათზე დაკვირვებით აღმოჩნდა, რომ ჩრდილოეთ ფასადზე არსებული გამოქვაბული (IV მღვიმე) საკმაოდ ღრმა არის, თუმცა ხელოვნური კვეთის კვალი იქ არ შეიმჩნევა და არ არის გამორიცხული საქმე გვქონდეს ბუნებრივ მღვიმესთან.
სულ სხვა სანახაობა გველოდა კლდის სამხრეთ-აღმოსავლეთ მხარეს არსებულ მღვიმეებში.
აქ კლდე თავისებურ უბეს ქმნის, რომლის მარცხენა, შუა და მარჯვენა ნაწილებში ერთ სიმაღლეზე განლაგებული სამი მღვიმე ჩანს.
რიგით X ექსპედიცია მოეწყო 2025 წლის 25 იანვარს. ექსპედიციის მიზანი სწორედ ამ მღვიმოვან კომპლექსში შესვლა და შესწავლა იყო, რაც წარმატებით შესრულდა. მღვიმეებში შესვლაში დაგვეხმარა ალპინისტი ბიძინა გუჯაბიძე, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით მას.
მთის ფერდობი, სადაც კომპლექსი არის ნაკვეთი, წარმოადგენს კონგლომერატს – ძალზე რბილ ნალექ ქანს, რომელიც შედგება ერთმანეთში აზელილი გამაგრებული ქვიშისგან და მცირე ზომის მრგვალი ქვებისგან. სწორედ ასეთი ქანის გასამაგრებლად კომპლექსის სამივე მღვიმე თავის დროზე მთლიანად უნდა ყოფილიყო შელესილი სქელი, თუმცა დაბალი ხარისხის – თივაში მოზელილი კირით. ეს შელესილობა არ გამოდგებოდა მოხატვისთვის, თუმცა შეასრულებდა მღვიმეების დამატებითი განათების (უფრო სწორად სინათლის არეკვლის) ფუნქციით. მღვიმეების აღმოსავლეთ ნაწილები ჩამოშლილია. კომპლექსის ცენტრალური (II) მGღვიმე წარმოადგენს დარბაზულ ეკლესიას, მისგან სამხრეთით მდებარე მღვიმე (I), დიდი ალბათობით, სატრაპეზოსა და სხვა დამხმარე სამეურნეო ნაგებობებია. ხოლო ეკლესიის ჩრდილოეთით მდებარე მღვიმის (III) დანიშნულება, კვლევის ამ ეტაპზე, უცნობია.
კომპლექსის აღწერას ვიწყებთ რიგითობის პრინციპით – მარცხნიდან მარჯვნივ (სამხრეთიდან ჩრდილოეთით).
I მღვიმე
რიგით I მღვიმეში, რომელიც მარცხენა მხარეს მდებარეობს, სივრცის ძირითად ნაწილში, ჩვენი დაკვირვებით, მონასტრის სატრაპეზო უნდა ყოფილიყო. დარბაზის აღმოსავლეთ ნაწილი ჩანგრეულია. იატაკი არ ჩანს, მისი დონე აწეულია დაახლ. 1 მეტრით მღვიმეში ჩამოშლილი და გამაგრებული მიწის გამო. სამხრეთ კედელზე განირჩევა კედელში შეჭრილი ორი თაღოვანი სივრცე, შუაში პილასტრით. მათგან აღმოსავლეთით შესაძლოა ყოფილიყო სულ მცირე კიდევ ერთი ასეთი თაღი, რომლის მოხაზულობა თითქოს ახლაც განირჩევა, თუმცა კლდის ჩამოშლის გამო ამის ზუსტად თქმა შეუძლებელია.
დასავლეთ კედელი უფრო მეტყველია. სამხრეთ-დასავლეთ კუთხესთან, მიწის დონე ფარავს ელიფსური მოხაზულობის შელესილი სათავსი იკითხება, რომელიც შესაძლოა სითხის შესანახი რეზერვუარი ყოფილიყო. დასავლეთ კედელში გაჭრილია ორი კარი, რომელიც ერთმანეთისგან დამოუკიდებელ ორ სივრცეში გადის. მათი ზუსტი დანიშნულება უცნობია. ამ ორ კარს შორის არსებულ კედლის ზედაპირზე ამოჭრილია მოზრდილი ნიში (სახატე?), რომლის შიდა ნაწილიც შელესილია. ასეთივე ნიში ჩანს მის ქვემოთაც, თუმცა, მიწის ამაღლებული დონის გამო, ქვედა ნიშის მხოლოდ ზედა ნაწილი ჩანს. ამავე კედელს ორ მწკრივად გაუყვება წრიული ფოსოები – ზედა მწკრივი წარმოადგენს ხუთ მოზრდილ ფოსოს, ხოლო ქვედა მწკრივი შედგება ოთხი შედარებით მცირე ფოსოსგან. ეს მწკრივები, როგორც ჩანს, გრძელდებოდა მღვიმის ჩრდილო კედელზეც, სადაც ამ მწკრივების სულ მცირე ორ-ორი ფოსო განირჩევა. მათი ზუსტი დანიშნულება უცნობია. შესაძლოა ყოფილიყო დარბაზის გასანათებელი კანდელებისა და/ან ჭრაქებისთვის განკუთვნილი თაროები.
ჩრდილოეთ კედელში, ჩრდილო-დასავლეთ კუთხესთან, შეჭრილია სათავსი, რომელსაც სამხრეთიდან ამოშენებული ჰქონია კედელი. ამავე კედელში გაჭრილია კარი, რომელსაც ეკლესიასთან (II მღვიმე) დამაკავშირებელ წაგრძელებულ დერეფანში შევყავართ.
I მღვიმის კედლებზე ნალესობა ფრაგმენტულად შემორჩა. ჭერის კამარა სამხრეთიდან ჩრდილოეთისკენ არის მიმართული.
II მღვიმე
I მღვიმისა და II მღვიმის, ანუ სატრაპეზოსა (?) და ეკლესიის დამაკავშირებელ დერეფანს აღმოსავლეთ მხარეს ნალისებური ფორმის მცირე საკურთხეველია გამოჭრილი, სამკვეთლო (?) ნიშით ჩრდილოეთ მხარეს. საკურთხევლის კედელში, გარედან ქანის ღარის ჩამორეცხვის შედეგად, გაჩენილია ღიობი. აღსანიშნავია, რომ 2022 წელს დრონით გადაღებულ ფოტოებზე ნათლად ჩანს, რომ კლდის ეს ღარი ჯერ კიდევ მთელი იყო. ეს კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, თუ რა ჩქარი დინამიკით მიმდინარეობს ადგილობრივი ძეგლების დაზიანება ბუნებრივი პირობების შედეგად და თუ როგორი საჩქაროა აღნიშნული ძეგლების დროული დაფიქსირება და კვლევა.
აღნიშნული დერეფანი კომპლექსის ეკლესიაში ერთადერთი შესასვლელია.
კომპლექსის II მღვიმე წარმოადგენს დარბაზულ ეკლესიას. ტაძრის საკურთხეველი, რომლის აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილი ჩანგრეულია, ნალისებური მოხაზულობისაა. შემორჩენილია საკურთხევლის ორი ნიში – ჩრდილოეთი შედარებით უკეთესად, სამხრეთი ძლივს განირჩევა. ლოგიკურად, საკურთხეველს უნდა ჰქონოდა სარკმელიც, რომელიც ეკლესიის ბუნებრივი განათების ერთადერთი წყარო იქნებოდა.
ჩრდილოეთ კედელზე ორი ღრმა თაღია, დასავლეთზე და სამხრეთზე კი თითო-თითო. სამხრეთ კედლის თაღშივე არის გაჭრილი კარი. თაღების ზომები, მათ შორის სიმაღლეც, განსხვავებულია. პილასტრები კაპიტელის გარეშეა.
ეკლესია მთლიანად ყოფილა შელესილი, თუმცა დღეისათვის ნაწილობრივ შემორჩა. ბათქაში მთლიანად არის ჩამოყრილი კამარადან. ასევე სამხრეთ კედელს აკლია შელესილობის დიდი ნაწილი.
ამ მღვიმის ქვემოთ, ჩამოშლილი მიწის მასივში ჩვენ ვნახეთ ადამიანის ძვლების ფრაგმენტები. როგორც ჩანს, ეკლესიის საკურთხეველში აკლდამაც ყოფილა, რომელიც კლდის ჩამოშლის გამო მორღვეულა. ამავე ხევში შეინიშნება მცირე რაოდენობის კერამიკაც.
III მღვიმე
კლდეზე სულ მარჯვენა მხარეს რიგით III მღვიმე მდებარეობს. ზომებით ის თითქოს ყველაზე დიდია. მის დასავლეთ კედელში შეიმჩნევა ჰორიზონტალურად გამოკვეთილი მოგრძო სივრცე. მის თავზე კედლის შელესილობის მოზრდილი ფრაგმენტია. ჩრდილოეთ კედელშიც თითქოს შეიმჩნევა ისეთივე გრძელი ჰორიზონტალური თახჩას არსებობა, როგორიც დასავლეთ კედელზეა. წინა ორ მღვიმესთან შედარებით, ამ მღვიმის ინტერიერი ძალზე დაზიანებულია
ამ სივრცის მარჯვნივ ორი კედლის დამაკავშირებელი კუთხეა. აქვე, ჩრდილო-დასავლეთ კედლის კუთხესთან, ჩრდილოეთ კედელში გაჭრილია მოზრდილი კარი. კარში ჩანს დერეფანიც, რომელიც დაახლ. 10 მეტრით შედის კლდის სიღრმეში. ეს დერეფანი არ არის სწორი, ის გზადაგზა მარჯვნივ უხვევს. დერეფნის ბოლო ნაწილს ეტყობა, რომ ის დაუსრულებელია.
აღნიშნული მღვიმის ზუსტი დანიშნულება უცნობია, თუმცა მასში არსებული გრძელი გასასვლელი და მისი მიმართულება აჩენს ეჭვს, რომ ამ დერეფნის გამჭრელ(ებ)ის მიზანი იყო კლდის მეორე მხარეს (ჩრდილოეთ მხარეს) არსებულ მღვიმესთან (IV მღვიმე) დაკავშირება. თუ ეს დაკვირვება სწორია, გამოდის, რომ რიგით IV მღვიმეც ხელოვნურია და სამონასტრო კომპლექსის ნაწილად უნდა აღვიქვათ. სამწუხაროდ ამ მღვიმეში შესვლა ჯერ-ჯერობით ვერ მოხერხდა. აღსანიშნავია, რომ კიდევ ერთი მღვიმე მდებარეობს სამონასტრო კომპლექსის მოპირდაპირე კლდეში. ვიწრო მღვიმე ჰორიზონტალურად არის წაგრძელებული. გარეგნული დათვალიერებით მღვიმე ბუნებრივი უნდა იყოს. თუმცა მასში საკმაოდ დიდი ცარიელი სივრცე შეიძლება იყოს.
სამონასტრო კომპლექსი კარგად არის დამალული კლდოვან ხევში. მისი დანახვა მხოლოდ კლდოვანი ხევის სიღრმეში შესვლით და უშუალოდ მღვიმეებთან ახლოს მისვლით არის შესაძლებელი. ვფიქრობთ ასეთი მდებარეობა თავის დროზე სამონასტრე ცხოვრებისათვის მშვენიერ პირობებს ქმნიდა.
კვლევის ამ ეტაპზე, არქიტექტურული დეტალების მიხედვით, კონკრეტული დარგის სპეციალისტებთან კონსულტაციის შედეგად, ეს მონასტერი X საუკუნის I ნახევრის ძეგლად შეგვიძლია მოვიაზროთ.
ინფორმაცია მოამზადა
ნიკოლოზ ჟღენტმა
ფოტომასალა
ანზორ მჭედლიშვილის
ვასილ ჭიჭაღუასი