კევლიანის ღვთისმშობლის ეკლესია


galerea



aRwera

ღვთისმშობლის ეკლესია, დგას სოფლის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით, ფერდობზე, ტყის პირას. თარიღდება ადრინდელი ფეოდალური ხანით. ეკლესია დარბაზულია (8,9X4 8), ნაგებია რიყისა და ნატეხი ქვით, ზოგან შირიმიცაა გამოყენებული. შეიმჩნევა შეკეთების ან აღდგენის კვალი. ტაძარი ძლიერ დაზიანებულია: ჩამონგრეულია სამხრეთ კედლის ზედა ნაწილი, სახურავი და კამარები. ადიდებული ხევის მოტანილი ინერტული მასალით დაახლოებით 2 მეტრამდე,  მიწაშია ჩაფლული. ეკლესიას სამხრეთით ნალისებრი თაღით დასრულებული ორი შესასავლელი ჰქონია. აღმოსავლეთ შესასვლელი ამოშენებულია, ხოლო დასავლეთისა სწორკუთხოვნად არის გადაკეთებული. აღმოსავლეთით ვიწრო მხრებით გამოყოფილი აფსიდია, რომლის ღერძზე თალოვანი სარკმელია. სატრიუმფო თაღი აფსიდის მხრებს ეყრდნობა. თაღის ქუსლებთან მარტივი იმპოსტია, რომლის პროფილს თარო და დახრილი სიბრტყე შეადგენს. დარბაზის ნახევარწრიული კამარა უშუალოდ კედლებს ეყრდნობა. დასავლეთ კედელზე ერთსაფეხურიანი შეღრმავებაა, რომელსაც კედლის შუა მესამედი უკავია. ჩრდილოეთ კედელში აფსიდის მხართან პატარა ნიშია. სამხრეთის კედელში ორი სწორკუთხა სარკმელია. ეკლესიის კედლები შელესილი ყოფილა. შელესილობა შემორჩენილია კონქში და აქა-იქ კედლებზე. ეკლესიის ინტერიერის ქვედა დონე სახურავიდან ჩამოყრილი ნაშალი მასალისგან საკმაოდ ამაღლებულია.

ეკლესიას სამხრეთით მინაშენი ჰქონია, დღეს მისგან მხოლოდ მონახაზიღა იკითხება. დეკორატიული მორთულობიდან შემორჩენილია აღმოსავლეთ ფასადზე სარკმლის თაღი, იგი რელიეფური რკალითა და ჯვრით ყოფილა შემკული, აღნიშნული ქვა ჩამოვარდნილია და იქვე კედელთან დევს.

 

ინფორმაცია მოამზადა ანზორ მჭედლიშვილმა

ფოტოები - ანზორ მჭედლიშვილის
გამოყენებული ლიტერატურა - საქართველოს ისტორიისა კულტურის ძეგლთა აღწერილობა