ეკლესია (ორსართულიანი)


galerea



aRwera

ეკლესია, არქიტექტორული ძეგლი მდებარეობს უჯარმის ციხე-დარბაზის სამხრეთით დაახლოებით 1,8 კმ-ზე, მდ. ივრის მარჯვენა ნაპირას, ტყიანი მთის ციცაბო კალთაზე. სავარაუდოდ, თარიღდება განვითარებული შუა საუკუნეებით.

ეკლესია კლდის გამოშვერილ ნაწილზე დგას. ისე, რომ მისი სამხრეთ მხარე ფერდობშია შეჭრილი, ჩრდილოეთ მხარე კი, ფერდობისკენაა მიმართული. ერთადერთი შესასვლელი სწორედ ამ მხრიდანაა, მიწიდან დაახლოებით 1.2 მ-ის სიმაღლეზე.

ეკლესია დარბაზულია (გარეთა ზომები: სიგრძე – 7.8 მ, სიგანე – 5.2 მ). ჩრდილოეთ მხრიდან მას ეკვრის თანადროული, მომცრო (გარეთა ზომები: სიგრძე – 4.2. მ. სიგანე 2,3 მ), ორსართულიანი ნაგებობა, რომლის ერთ-ერთ კედელს ეკლესიის ჩრდილოეთ კედელი წარმოადგენს. ეკლესიის საშენ მასალად მოზრდილი ზომის. სრულიდ დაუმუშავებელი, ნატეხი ქვაა გამოყენებული. ქვები შემთხვევითი ფორმისაა-ისინი ზომისა და ფორმის მიხედვით არ არის შერჩეული, რის გამოც წყობა ქაოსურია. წყობაში დიდი, თხელი ქვებიცაა ჩართული რომლებიც ზედაპირით ფასადის მხარეს არის მიქცეული. შიგნით კედლების საპირე წყობა თითქმის იმდაგვარივეა, აფსიდის კუთხეები კი, რიყის ქვითაა გამოყვანილი. კონსტრუქციულ ნაწილებში გამოყენებულია თხელი, მოგრძო ქვები. იგივე საშენი მასალითაა ნაგები მინაშენიც.

საერთო ჯამში ძეგლი ძლიერ დაზიანებულია: აყრილია ეკლესიის სახურავის საფარი. სამხრეთ კალთაზე დაყრილია ფერდობიდან ჩამოზვავებული მიწა და ზედ ხეებია ამოსული, კამარა რამდენიმე ადგილას გახვრეტილია, დარღვეულია იატაკის დონე. თითქმის მთლიანადაა ჩამოშლილი ორივე ფრონტონი. ჩრდილოეთ მინაშენი სართულნახევრის სიმაღლეზეღაა შემორჩენილი.

ეკლესიის შესასვლელი გაჭრილია ჩრდილოეთ კედლის დასავლეთ კიდეში ისე, რომ მისი დასავლეთ წირთხლი დასავლეთ კედელთან ერთ სიბრტყეშია. კარი გარედან ნახევარწრიული თაღითაა გადახურული.

აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდია, დაბალი, ოთხკუთხა, სარკმლით შუაში და მცირე ოთხკუთკა ნიშით ჩრდილოეთ გვერდში. სარკმლის თავი კონქის ქუსლის დონეზეა. საკუთრივ კონქი დადაბლებული პროპორციებისაა. იგი კამარისგან კვერცხისებრი თაღითაა გამოყოფილი. მსგავსი ფორმისაა კამარაც. აფსიდს და დანარჩენ კედლებს მთელ სიგრძეზე ხარისხი გაუყვება.

ეკლესიის დარბაზი თითქმის კვადრატულია (სიგრძე – 3.9მ* 3.6 მ.) დასავლეთ კედლის ზედა ნაწილში მაღალი, ბრტყლად გადახურული სარკმელია, ჩრდილოეთ კედელში კი, იატაკიდან დაახლოებით 1 მ სიმაღლეზე ოთხკუთხა ხვრელი, რომელიც ჩრდილოეთიდან მიშენებული ნაგებობის მეორე სართულში გადის.

ჩრდილოეთიდან მიშენებული ნაგებობა, როგორც ჩანს ბერის საცხოვრებელს წარმოადგენდა შესასვლელი მას ჩრდილოეთიდან აქვს – პირველი სართულის დონეზე. კარი, ეკლესიის მსგავსად, ჩრდილოეთ კედლის დასავლეთ კიდეშია გაჭრილი. იგი იმდენად მცირე ზომისაა (სიგანე – 50 სმ. სიმაღლე – 70 სმ.) რომ მასში შესვლა მხოლოდ ხოხვითაა შესაძლებელი. პირველი სართული (ფართი 4 კვ.მ.-მდეა) გადახურულია ნახევარწრიული კამარით, რომლის ღერძი ეკლესიის ჩრდილოეთ კედლის პერპენდიკულარულია. სართულის აღმოსავლეთ და დასავლეთ კედლებში თითო ოთხკუთხა ნიშაა. დასავლეთის ნიშა სიმაღლეში ორ ტოლ ნაწილადაა გაყოფილი. ქვედა ნახევარი, ვიწროა. ზედა – განიერი. ჩრდილოეთ კედელში მცირე ზომის, ოთხკუთხა სარკმელია (წირთხლების დიდი ნაწილი აკლია), რომლის ქვემოთ. ოცდაათიოდე სმ-ზე. კედლიდან გამოშვერილი. თხელი ქვის თაროა. სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეში კი - ქვით ნაგები კვადრატის ფორმის მაგიდა.

კამარის დასავლეთ გვერდში ხვრელია (სიგანე დაახლოებით – 70 სმ). რომელიც ნაგებობის მეორე სართულზე ადის. შენობის მეორე სართულის. კედლები (შემორჩენილია 13-15 მ. სიმაღლეზე), პირველი სართულის კედლებთან შედარებით, რამდენადმე თხელია, რის ხარჯზეც მეორე სართილის ფართობი, პირველთან შედარებით ოდნავ უფრო მეტია. სართულის აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ კედლების შუაში ღიობის კვალია შემორჩენილი. შესაძლოა ღიობი მოწყობილი იყო დასავლეთ კედლის შუაშიც (კედელი. ამ ადგილას დანგრეულია) თუ როგორ იყო გადახურული სართული არ ჩანს.

 

ინფორმაცია მოამზადა ანზორ მჭედლიშვილმა

ფოტოები - არჩილ მაისურაძის

გამოყენებული ლიტერატურა - საქართველოს ისტორიისა კულტურის ძეგლთა აღწერილობა