კევლიანის წმინდა გიორგის ეკლესია
galerea
aRwera
წმინდა გიორგის ეკლესია დგას სოფლის ჩრდილო-აღმოსავლეთით 3 კმ-ზე, ხშირი ტყით დაფარულ მაღალ ფერდობზე. სტილისტური ნიშნებით გვიან ფეოდალური ხანით თარიღდება. ეკლესია დარბაზულია (6,65X45 მ), ნაგებია რიყის ქვით. კონსტრუქციულ ადგილებში (კუთხეები, აფსიდის მხრები და ნიშის თალი) შირიმის სწორკუთხა ქვებია გამოყენებული. ინტერიერში ზოგან (დასავლეთის სარკმლის თაღი, ჩრდილოეთის კედლის ნაწილი კამარის ქუსლამდე) ნახმარია აგურიც. ეკლესია დაზიანებულია, კამარა და აფსიდის სატრიუმფო თაღი მთლიანად ჩანგრეულია, დანგრეულია კონქის უმეტესი ნაწილი და სამხრეთ კედლის ნახევარი. შესასვლელი სამხრეთიდანაა. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდია, რომლის ღერძზე შეისრულთაღიან შეღრმავებაში სარკმელია გაჭრილი. სარკმლის ჩრდილოეთით ნახევარწრიული თაღით გადახურული ნიშია. ერთი თაღოვანი სარკმელი. დასავლეთის კედელშია. ამავე კედელში, შესასვლელის გადახურვის დონეზე კარის ნაოთხალის ტოლი შეღრმავებაა. კედლები შელესილი ყოფილა. მოხატულობის კვალი არ შეიმჩნევა. ფასადზე ფრონტონის ჩრდილოეთ ქანობზე შემორჩენილია თაროსებრი ლავგარდანი. გარეგანი დათვალიერებით, შესაძლოა გაირჩეს ორი სამშენებლო ფენა. ძალზედ საინტერესოა ეკლესიის მდებარეობა. სავარაუდოა, რომ სწორედ ამ ადგილას გადიოდა ისტორიული გზა, რომელიც მდინარე თეზამის ხეობის გავლით აკავშირებდა კახეთს, კონკრეტულად უჯარმის მიმდებარე სოფლებს და დასახლებებს არაგვის პირა სოფლებთან, რომელიც ისტორიის გარკვეულ ეტაპებზე კახეთის სამეფოს შემადგენლობაში იყო.
ინფორმაცია მოამზადა ანზორ მჭედლიშვილმა
ფოტოები - ანზორ მჭედლიშვილის
გამოყენებული ლიტერატურა - საქართველოს ისტორიისა კულტურის ძეგლთა აღწერილობა