თბილისი

თბილისი საქართველოს დედაქალაქია; მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, თბილისის ქვაბულში, მდინარე მტკვრის ორივე სანაპიროზე, ზღვის დონიდან 380—600 მ სიმაღლეზე, ჩრდილოეთით ესაზღვრება საგურამოს ქედის სამხრეთი მთისწინეთი, აღმოსავლეთით — ივრის ზეგნის ჩრდილო-დასავლეთი მონაკვეთი, დასავლეთით და სამხრეთით კი — თრიალეთის ქედის განშტოებები. ქალაქს 720 კმ² ფართობი უჭირავს და 1.090 მილიონზე მეტი მცხოვრები ჰყავს. ლეგენდის თანახმად, თბილისის ტერიტორია ტყით ყოფილა დაფარული, ქართველ მეფეს (ერთ-ერთი ვარიანტით, ვახტანგ I გორგასალს) ნადირობის დროს შველი დაუჭრია, შველი ცხელ წყაროში განბანილა და განკურნებული გაქცევია მონადირეებს (სხვა ვარიანტით, მეფის მიმინო თავს დასცხრომია ხოხობს, ფრინველები ცხელ წყაროში ჩაცვივნულან და დაფუფქულან). ცხელი წყლის სამკურნალო თვისებებისა და ადგილის ხელსაყრელი მდებარეობის გამო მეფეს ტყე გაუკაფავს და ქალაქი გაუშენებია. "თბილისი" — "თბილი" (ძვ. ქართულად "ტფილი") მინერალური წყაროების გამო უწოდეს ქალაქს. შემდგომში ამ ადგილზე გოგირდის აბანოები გაშენდა. აღნიშნული ადგილი თბილისის ისტორიული უბანი — აბანოთუბანია. არქეოლოგიური გათხრებით დასტურდება, რომ თბილისის ტერიტორია დასახლებული ყოფილა ჯერ კიდევ ძვ. წ. IV ათასწლეულში. უძველესი წყაროსეული მოხსენიება განეკუთვნება IV საუკუნის II ნახევარს, როცა ამ ადგილებში მეფე ვარაზ-ბაკურის დროს ციხე ააგეს. IV საუკუნის დასასრულს თბილისი სპარსეთის მოხელის — პიტიახშის რეზიდენცია გახდა. V საუკუნის შუა წლებიდან კვლავ ქართლის მეფეთა ხელში გადავიდა. ვახტან გორგასალმა აღადგინა და გააშენა, ამიტომ იგი მიჩნეულია ქალაქის დამაარსებლად. ვახტანგ გორგასლის მემკვიდრემ დაჩი I-მა უჯარმელმა (VI ს. დამდეგი) დაამთავრა ქალაქის ზღუდე-გალავნის აგება, რომელმაც ქალაქის საზღვრები განავრცო და მამის ანდერძის თანახმად, სატახტო ქალაქი მცხეთიდან თბილისში გადმოიტანა. დღეს თბილისის დედაქალაქის სტატუსი განსაზღვრულია საქართველოს კონსტიტუციის (1995) X მუხლითა და საქართველოს კანონით "საქართველოს დედაქალაქის - თბილისის - შესახებ" (1998, 20 თებერვალი). თბილისს განაგებს საკრებულო და თბილისის მერი. ადმინისტრაციულად თბილისი დაყოფილია ექვს რაიონად, რომელთაც საკუთარი წარმომადგენლები - მაჟორიტარი დეპუტატები ჰყავთ საკრებულოში და ადგილობრივი მმართველობა, შეზღუდული იურისდიქციით. თბილისის მოსახლეობა მუდამ მრავალეთნიკური იყო. ქართველების გვერდით ქალაქში მუდმივად ცხოვრობდნენ ქურთები, სომხები, ებრაელები, აზერბაიჯანელები, რუსები, ბერძნები. სწორედ ამიტომ თბილისი კავკასიაში ერთადერთი ქალაქი იყო და არის, სადაც მეჩეთს, სინაგოგასა და ეკლესიას გვერდიგვერდ იხილავთ. თბილისის ბუნება მრავალფეროვანია. ქალაქის წყლის მთავარი არტერიაა მტკვარი, რომელიც ქალაქს კვეთს ჩრდილოეთ-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ. თბილისის ფარგლებშია მტკვრის შენაკადები: მარჯვენა — დიღმისწყალი, ვერე და წავკისისწყალი; მარცხენა — გლდანისხევი და ლოჭინა. თბილისის ფარგლებშია აგრეთვე სამგორის სარწყავი სისტემის ზემო და ქვემო მაგისტრალური არხები უკიდურესი დასავლეთი მონაკვეთები, თბილისის წყალსაცავი, ლისისა და კუს ტბები. თბილისის რელიეფში განსაკუთრებით საინტერესოა ის დეპრესია, რომელიც ამჟამად "თბილისის ზღვას" უკავია. არადა, აქ რამდენიმე ათეული წლის წინ სამი მლაშე ტბა იყო. ვარაუდობენ, რომ აღნიშნული ტბები მდინარე მტკვრის უძველეს ხეობაში მდებაორებდა. მდინარე მტკვრის ხეობის ფსკერი, ქალაქის ფარგლებში, მერყეობს ზღ.დ 425 მ-დან (დიღომი) 370 მ-მდე (ორთაჭალა). მთაწმინდის სიმაღლე, რომელიც ამშვენებს ქალაქის ცენტრალურ ნაწილს, ზღ. დ. 719 მეტრის ტოლია. საცხოვრებელი უბნების მიხედვით ყველაზე მაღლაა ე.წ. ნუცუბიძის პლატო, რომელიც ზღ.დ. 700 მ სიმაღლეზე მდებარეობს.