სვანეთი
სვანეთი საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა. იგი მოიცავს კავკასიონის ქედის სამხრეთ კალთებს და მდინარეების ენგურისა და ცხენისწყლის ზემოწელს. ამჟამად სვანეთი ორ ნაწილად იყოფა, ზემო და ქვემო სვანეთად. მათ ჰყოფს მაღალი სვანეთის ქედი ლატფარის ზეკარით. ზემო სვანეთი მოიცავს მდინარე ენგურის ხეობას სათავიდან სამეგრელოს საზღვრამდე.
თანამედროვე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით ზემო სვანეთი შედის სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის მესტიის მუნიციპალიტეტში. სვანეთის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ქართველია, კერძოდ მათი ეთნოგრაფიული ჯგუფი — სვანები.
სვანეთში თავმოყრილია კავკასიონის უმთავრესი მწვერვალები: შხარა (5068 მ), ჯანღა (5060 მ), გესტოლა (4860 მ), თეთნულდი (4860 მ), წურუნგალა (4220 მ), აილამა (4550 მ), მაზერი (4010 მ), ჩათინი (4370 მ) და ორთავა უშბას კლდოვანი მასივი (4700 მ).
მესტიის მუნიციპალიტეტი მაღალმთიანია. მის ტერიტორიაზე არსებული მსხვილი ოროგრაფიული ერთეულებია: კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედი, სვანეთის ქედი, ეგრისის ქედი, კოდორის ქედის ნაწილი და მდინარე ენგურის ხეობა. ტერიტორია — 3045 კვ.კმ. რაიონში 200-მდე მყინვარია, რომელთა საერთო ფართობია 285 კვ.კმ. მთავარი მდინარეა ენგური, მისი შენაკადები — ადიშისჭალა, იფარი, ხაიშურა და სხვა. მთავარი წიაღისეული სიმდიდრეა ბარიტი, მარმარილო, ტყვია-თუთია, მინერალური წყლები.
მოსახლეობის რიცხოვნობა — 14 ათასი კაცი; სიმჭიდროვე — 5 კაცი კვ.კმ-ზე. მუნიციპალიტეტში 135 დასახლებული პუნქტია: 1 დაბა - მესტია და 134 სოფელი.
მკაცრი კლიმატისა და მთიანი რელიეფის გამო უპირატესად განვითარებულია მეცხოველეობა, რომლის საკვები ბაზაა ბუნებრივი სათიბ-საძოვრები. მცირე რაოდენობით ითესება მარცვლეული კულტურები და კარტოფილი. მესტიის მუნიციპალიტეტი ტურიზმისა და ალპინიზმის კერაა — აქ გადის მაღალმთიანი ტურისტული მარშრუტები ნაკრის, ბეჩოს, ლეხზირისა და ლატფარის უღელტეხილებზე.
სვანეთი არამხოლოდ თვალწარმტაცი და ორიგინალური ბუნებით გამორჩეული რეგიონია, არამედ ნამდვილი განძია უძველესი ქართული ხელოვნებისა. სოფლებში, რომლებიც მთის ფერდობებზეა განლაგებული, ჯერ კიდევ შენარჩუნებულია უძველესი საცხოვრებელი სახლები-მაჩუბი ფართო ოთახებით და ფარდული, მაღალი თავდაცვის კოშკები და პატარა შუასაუკუნეების ეკლესიები. მხოლოდ სვანეთშია საერო ხასიათის ფრესკები, რომლებიც შემორჩენილია შუა საუკუნეებიდან. სვანეთის მაღალმთიანი დასახლებები მოიცავს უძველეს ხელნაწერებს (მაგალითად, სოფელ ადიშში, საოჯახო ეკლესიაში, 893 წელს გადაწერილი სახარება ინახება), ხატებს, ჯვრებს და ხელოვნების სხვადასხვა ნიმუშებს (ბევრი მათგანი შედევრია).
მჟამად სვანეთი ორ ნაწილად იყოფა, ზემო და ქვემო სვანეთად. მათ ჰყოფს მაღალი სვანეთის ქედი ლატფარის ზეკარით. ქვემო სვანეთი მოიცავს ცხენისწყლის ხეობას სათავიდან მურის ხიდამდე (ქ. ცაგერის სიახლოვეს).
თანამედროვე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით ქვემო სვანეთი — რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის მხარის ლენტეხის მუნიციპალიტეტში.
ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორია მთიანია, ჭარბობს საშუალო და მაღალმთიანი რელიეფი. მუნიციპალიტეტის ფარგლებშია კავკასიონის მთავარი წყალგამყოფის მონაკვეთი, შემოფარგლულია სვანეთის, ლეჩხუმისა და ეგრისის ქედებით. ტერიტორია — 1344 კვ.კმ. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიედინება მდინარე ცხენისწყალი და მისი შენაკადები: ხელედულა, ლასკადურა, ხოფური და სხვა. მთავარი წიაღისეული სიმდიდრეა დარიშხანი (ცანის საბადო), მარმარილო და კვარციტები, მინერალური წყალი.
მოსახლეობის რიცხოვნობა — 9 ათასი კაცი; სიმჭიდროვე — 7 კაცი კვ.კმ-ზე. მუნიციპალიტეტში 59 დასახლებული პუნქტია: 1 დაბა და 58 სოფელი.
წამყვანი დარგია მეცხოველეობა. სასოფლო-სამეურნეო კულტურებიდან მოჰყავთ სიმინდი, კარტოფილი და პარკოსანი მცენარეები. მისდევენ ასევე მებაღეობასაც. მუნიციპალიტეტში არის სხვადასხვა პროფილის მცირე საწარმოები. ადგილობრივი მნიშვნელობის კურორტია მუაში. ისტრიული სვანეთი დღეს გაერთიანებულია შემდეგ ტერიტორიულ ერთეულებში: