სამცხე-ჯავახეთი
სამცხე-ჯავახეთი - მხარე სამხრეთ საქართველოში, მოიცავს ისტორიულ–გეოგრაფიული პროვინციების სამცხის, ჯავახეთის და თორის ტერიტორიებს.
სამცხე საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა, ისტორიული მესხეთის ნაწილი. არის მოსაზრება, რომ ადრე ამ მხარეს ოძრხე ეწოდებოდა. მისი ისტორიული საზღვრებია: დასავლეთით - არსიანის მთები, ჩრდილოეთით - ფერსათის მთები, სამხრეთით - ერუშეთის მთები, კასრის სერი, გუმბათისა და ვანის მთები, აღმოსავლეთით - ჭობისხევი. თანამედროვე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით სამცხე მოიცავს სამცხე-ჯავახეთის მხარის ადიგენის, ახალციხის და ასპინძის მუნიციპალიტეტებს.
ჯავახეთი - მხარე სამხრეთ საქართველოში, ზემო ქართლში, ძირითადად მოიცავს ახლანდელი ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების ტერიტორიას, ისტორიულად საზღვრავდა დასავლეთით მდინარე მტკვარი, ჩრდილოეთით, სამხრეთით და აღმოსავლეთით შავვაშეთის, სამსარისა და ნიალისყურის მთები.
თორი საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა, ისტორიული მესხეთის ნაწილი. როგორც ცნობილია, სამცხე იწყებოდა ტაშისკარიდან. იგი მოიცავს გუჯარეთისა და შავწყალას ხეობებს და მტკვრის ორივე ნაპირს ტაშისკარიდან დვირამდე. თანამედროვე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით თორი მოიცავს სამცხე-ჯავახეთის მხარის ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიას.
მხარის ფართობი შეადგენს 6413 კვ.კმ-ს, მოსახლეობა - 208 ათასს, მოსახლეობის სიმჭიდროვე 1 კვ.კმ-ზე - 32 კაცს. მხარის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ახალციხე. მხარეში 353 დასახლებული პუნქტია, მათ შორის:
ქალაქი - 5: ახალქალაქი, ახალციხე, ბორჯომი, ვალე, ნინოწმინდა;
დაბა – 7: ბაკურიანი, ბაკურიანის ანდეზიტი, წაღვერი, ახალდაბა, ადიგენი, აბასთუმანი, ასპინძა;
სოფელი - 254.
მხარის ტერიტორიაზე მიედინება მდინარეები ფარავანი, მტკვარი, ბორჯომულა... ტბებიდან აღსანიშნავია ხოზაფინის ტბა, მრუდე ტბა, ტაბაწყური, ფარავანი, საღამო, წეროს ტბა...
სამცხე-ჯავახეთში მოიპოვება სასარგებლო წიაღისეული: ვულკანური წიდა, აქატის საბადოები, მურა ნახშირის საბადო.
აღსანიშნავია წყალთბილას გოგირდოვანი თერმული წყალი, აგრეთვე ურაველის, გურკელისა და ბორჯომის მინერალური სამკურნალო წყლები.
სამცხე–ჯავახეთი ძირითადად სასოფლო–სამეურნეო რეგიონია. მრეწველობის წამყვანი დარგია მინერალური წყლების ჩამოსხმა, არის ადგილობრივი მნიშვნელობის სხვა საწარმოები. სოფლის მეურნეობაში მთავარია მეხილეობა და მეცხოველეობა. ბორჯომის მუნიციპალიტეტი ცნობილია თავისი საკურორტო მეურნეობით, სამთო-კლიმატური და ბალნეოლოგიური კურორტებით: ბორჯომი, წაღვერი, ტბა, ციხისჯვარი, ბაკურიანი, ცემი.
აქ არის ადგილობრივი მნიშვნელობის ორი ბალნეოლოგიური კურორტი: ასპინძა და ნაქალაქევი. სამცხე-ჯავახეთის დღევანდელი ტერიტორია მოიცავს შემდეგ ტერიტორიულ ერთეულებს: