რაჭა
რაჭა საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა. იგი მდებარეობს დასავლეთ საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე რიონისა და მისი შენაკადების ხეობაში. ჩრდილოეთით რაჭას ესაზღვრება ოსეთი, ჩრდილო-დასავლეთით - ქვემო სვანეთი, სამხრეთით - იმერეთი, აღმოსავლეთით - შიდა ქართლი, დასავლეთით - ლეჩხუმი.
ვახუშტი ბატინოშვილის გადმოცემით, ამ ადგილს რაჭა შემდეგი შემთხვევის გამო დარქმევია: ერთ ქართველ მონადირეს, რომელიც აქ პირველად დასახლებულა, ნაქერალადან გადმოუხედავს, განცვიფრებულა რიონის ვიწრო და ღრმა ხეობით, იგი ჭისათვის მიუმსგავსებია და წამოუძახავს: "ეს რა ჭა ყოფილაო!" ამის შემდეგ ამ მხარეს რაჭა დარქმევია.
ისტორიულ-გეოგრაფიულად რაჭა სამ კუთხედ იყოფოდა: მთის რაჭა, ზემორაჭა და ქვემორაჭა.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტი მდებარეობს კავკასიონის სისტემის სამხრეთი ფერდობის ზონაში. მისი სამხრეთ-აღმოსავლეთი საზღვარი გასდევს რაჭის ქედს, ჩრდილოეთით გაწოლილია ლეჩხუმის ქედი. ტერიტორია — 1141 კვ.კმ. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიედინება რიონი და მისი შენაკადები: კრიხულა, ზნაკურა, შარეულა, ლუხუნისწყალი, რიცეულა, ასკისწყალი. მთავარი წიაღისეული სიმდიდრეა დარიშხანი, თაბაშირი.
მოსახლეობის რიცხოვნობა — 16 ათასი კაცი; სიმჭიდროვე — 16 კაცი კვ.კმ-ზე. მუნიციპალიტეტში 72 დასახლებული პუნქტია: 1 ქალაქი, 1 დაბა და 70 სოფელი.
ონის მუნიციპალიტეტს აღმოსავლეთით ეკვრის ჯავის, დასავლეთით ამბროლაურისა და ლენტეხის, სამხრეთით საჩხერის მუნიციპალიტეტები, ჩრდილოეთით ყაბარდო-ბალყარეთისა და ჩრდილოეთი ოსეთის რესპუბლიკები. ფართობი 1326,3 კმ. ცენტრი ქალაქი ონი. მუნიციპალიტეტში 1 ქალაქი და 65 სოფელია.
წამყვანი დარგია სოფლის მეურნეობა, მათ შორის მევენახეობა-მეღვინეობა და მეცხოველეობა. საქართველოში გავრცელებული ვაზის 600 ჯიშთაგან, ამ მხარეში 300-მდე სახეობის ყურძენი მოჰყავთ. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ღვინო "ხვანჭკარა", რომელსაც ადრე რაჭის ამავე სახელწოდების სოფელში, ალექსანდრეულისა და მუჯურეთულის ყურძნის ჯიშისაგან ამზადებდნენ.
მეხილეობა ვითარდება ძირითადად მთიან ზონაში. მნიშვნელოვანი საწარმოებია: ღვინის ქარხნები, ყველ-კარაქის და აგურის ქარხნები, ლითონური დარიშხანის ქარხანა. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადის ოსეთის სამხედრო გზა.
საქვეყნოდაა განთქმული აქაური სამკურნალო მინერალური წყლები და კურორტები – უწერა, ლაშიჭალა, ქვეშვაკე, მუაში, სორტუანი, ბუგეული, ხიდიკარი, სადაც მათივე სახელობის 25-ზე მეტი სამკურნალო - მინერალური და გოგირდოვანი წყალი მოიპოვება. განსაკუთრებული ლანდშაფტით გამოირჩევა საკურორტო ადგილები – ხიდიკარი, წესიგორა, ურავი, ბარი, სხეფური, ქვედის ტბა და სხვა. ამჟამად რაჭა მოიცავს: