მცხეთა-მთიანეთი

მცხეთა-მთიანეთის მხარე აღმოსავლეთ საქართველოში მოიცავს ისტორიულ-გეოგრაფიული პროვინციების ფშავის, ხევსურეთის, მთიულეთის, ხევის ტერიტორიებს. მხარის ფართობი შეადგენს 6785 კვ.კმ-ს, მოსახლეობა – 125 ათასს, მოსახლეობის სიმჭიდროვე 1 კვ.კმ-ზე – 18 კაცს. მხარის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი მცხეთა. მხარეში 285 დასახლებული პუნქტია, მათ შორის: ქალაქი – 2: მცხეთა, დუშეთი; დაბა – 7: ახალგორი, ჟინვალი, ფასანაური, თიანეთი, სიონი, სტეფანწმინდა; სოფელი – 582. ეთნიკური შემადგენლობა - ქართველები, ოსები, ასურელები, სომხები, რუსები მცხეთა-მთიანეთი ძირითადად სასოფლო-სამეურნეო მხარეს წარმოადგენს, სადაც გამოიყოფა მეცხოველეობის (ახალგორი, თიანეთი, დუშეთი, ყაზბეგი) და მებოსტნეობა-მებაღეობის რაიონები (მცხეთა, ნაწილობრივ დუშეთი). სამრეწველო ობიექტები თავმოყრილია მცხეთასა და დუშეთში. მხარეში მდებარეობს ქვეყნის მთავარი სამთო-სათხილამურო კურორტი გუდაური. რეგიონის სასარგებლო წიაღისეული ძირითადად სამშენებლო მასალებითაა წარმოდგენილი: ტუფის და მარმარილოს ქვით, კირქვით, ინერტული მასალებით, გრანიტებით... რეგიონში მოიპოვება უნიკალური სამრეწველო თიხა მეჭურჭლეობისთვის. რეგიონის ერთ-ერთი მთავარი სიმდიდრეა მინერალური წყლები. აღსანიშნავია "ვაჟას წყარო" და "ხადა" "ნატახტრისწყალი", "ვეძა". სტეფანწმინდის, კობის, თრუსოს მინერალური წყლები: "ბაგინი", "ლომისა", "ალნაგუდა". მცენარეული საფარი მდიდარია და მრავალფეროვანი, ისევე როგორც მისი ფაუნა. რეგიონის ტერიტორიაზეა საგურამოსა და ყაზბეგის სახელმწიფო ნაკრძალები. მთისწინეთი უკავია ჯაგეკლიან სტეპებს, რომელშიც შერეულია ტყის ელემენტები. რეგიონში წიწვოვნების მხოლოდ ცალკეული ეგზემპლარები გვხვდება. გავრცელებულია ფიჭვნარი. მთების ტყის ზონის ზემოთ სუბალპური და ალპური მდელოებია, სადაც ჩრდილო კალთებზე ხარობს დეკა, სამხრეთ კალთებზე - ღვია. მაღალმთიან ზონაში გვხვდება აღმოსავლეთ კავკასიური ჯიხვი და არჩვი, ნიამორი მხოლოდ პირიქითა ხევსურეთშია. მთის ტყის ზონის ქვემო ნაწილში შემორჩენილია ირემი, შველი, მტაცებლებიდან გვხვდება მურა დათვი, მგელი, მელა, მაჩვი, კვერნა, დედოფალა, იშვიათად - ფოცხვერი. მთისწინეთის ტყეში ბინადრობს ტურა, კურდღელი, ციყვი. თევზი: კალმახი, ქაშაპი, მტკვრის ტობი, ხრამული, მტკვრის წვერა, მურწა. ფრინველები: მთის არწივი, ქორი, ბატკანძერი, მაღრანი, ჭკა, კავკასიური შურთხი, როჭო, კაკაბი, შაშვი, ოფოფი, ჩხიკვი. მხარეში შედის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შემდეგი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულები: