ლეჩხუმი

ლეჩხუმი დასავლეთ საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა. იგი მოიცავდა ძირითადად ახლანდელი ცაგერის რაიონისა და ნაწილობრივ წყალტუბოს რაიონის და ამბროლაურის რაიონის ტერიტორიას. ლეჩხუმს დასავლეთით სამეგრელოსაგან ყოფდა ასხის მთის მასივი, ჩრდილოეთით სვანეთისაგან — ლეჩხუმის ქედი, აღმოსავლეთით რაჭისაგან — მდინარე ასკისწყალი, მდინარე რიონის მარცხენა ნაპირზე კი თავშავის ქედის სამხრეთი კალთები, სამხრეთით იმერეთისაგან — მდინარე ლეხიდარის მარცხენა ნაპირის გასწვრივ მდებარე სერი და ხვამლის მთის მასივი. ლეჩხუმში ადამიანის ცხოვრების კვალი ნეოლითის ხანიდანაა დამოწმებული. არქეოლოგიური მონაპოვარით კარგად არის აგრეთვე წარმოდგენილი გვიანდელი ბრინჯაოს ხანა. ანტიკურ ხანაში ლეჩხუმი უკვე მჭიდროდ დასახლებული რეგიონი იყო. წყაროებში პირველად მოიხსენიება VI საუკუნეში (პროკოპი კესარიელი) სკვიმნიას სახელწოდებით. ამჟამად ლეჩხუმი ძირითადად რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის მხარის ცაგერის მუნიციპალიტეტში შედის. ცაგერიდან სამხრეთ-დასავლეთით 15 კმ-ში მდებარეობს ხვამლის მთა, მაქსიმალური სიმაღლე 2002 მ. უპირატესად აგებულია პორფირიტების, ფიქალისაგან და კირქვის ქანებისაგან. მწვერვალიდან სრულყოფილად ჩანს მდინარეების: რიონის, ცხენისწყლის და ლაჯანურის ხეობები. მთაზე აგებულია წმინდა გიორგის სახელობის სალოცავი და XII საუკუნის ისტორიული ციხე-სიმაგრის ნანგრევები, აქ იყო იმდროინდელი საქართველოს განძსაცავი, "თუ საქართველო დაიმშეს, ხვამლმა არჩინოს". მოსახლეობა შეადგენს 15 ათასი კაცს. ცაგერის ეკონომიკა ძირითადად მოიცავს ღვინისა და ხილის გადამამუშავებელ საწარმოებს.