იმერეთი

იმერეთი — დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი ისტორიულ-გეოგრაფიულ მხარეა. ვრცელი მნიშვნელობით იგი დასავლეთ საქართველოს ისტორიული სახელწოდებაა. საკუთრივ იმერეთი შემოსაზღვრულია აღმოსავლეთით ლიხის ქედით, დასავლეთით ცხენისწყლით, ჩრდილოეთით კავკასიონის ქედით და სამხრეთით ფერსათის, ანუ მესხეთის მთებით. სახელწოდება დაკავშირებულია ამ მხარის მდებარეობასთან, იმერეთი, ანუ ლიხსიქითა მხარე. იმერეთის მხარეში შედის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შემდეგი ადმინისტრაციულ–ტერიტორიული ერთეულები: ქალაქი ქუთაისი; ბაღდათის მუნიციპალიტეტი; ვანის მუნიციპალიტეტი; ზესტაფონის მუნიციპალიტეტი; თერჯოლის მუნიციპალიტეტი; სამტრედიის მუნიციპალიტეტი; საჩხერის მუნიციპალიტეტი; ტყიბულის მუნიციპალიტეტი; წყალტუბოს მუნიციპალიტეტი; ჭიათურის მუნიციპალიტეტი; ხარაგაულის მუნიციპალიტეტი; ხონის მუნიციპალიტეტი. მხარის ფართობი შეადგენს 6552 კვ.კმ–ს, მოსახლეობა 700 ათასს, მოსახლეობის სიმჭიდროვე 1 კვ.კმ–ზე – 108 კაცს. მხარის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ქუთაისი. მხარეში 542 დასახლებული პუნქტია, მათ შორის: ქალაქი - 10: ქუთაისი, ვანი, ტყიბული, წყალტუბო, ჭიათურა, ბაღდათი, ზესტაფონი, თერჯოლა, სამტრედია, საჩხერე, ხონი; დაბა – 3: შორაპანი, კულაში, ხარაგაული; სოფელი - 529. იმერეთის ტერიტორიაზე აღმოჩენილი არქეოლოგიური ძეგლები ადასტურებს, რომ ამ მხარეში ადამიანს ცხოვრება, ჯერ კიდევ, ქვედა პალეოლითის ხანაში დაუწყია. მათ შორისაა საკაჟიის და ჭახათის (მდ. წყალწითელას ნაპირზე), დევისხვრელის (მდ. ჩხერიმელას ნაპირზე) გამოქვაბულები, სათაფლიის მიდამოები და სხვა. საქალაქო ცხოვრების უძველესი პერიოდის არქეოლოგიური ძეგლები ნაპოვნია ქუთაისში, ვანში, ვარციხეში (როდოპოლისი), შორაპანში და სხვა. იმერეთის მხარე ფლორითა და ფაუნით მდიდარია. მის ტერიტორიაზე ტყის მასივებს 250 000 ჰა უჭირავს, რომელიც ძირითადად მთაგორიან ლანდშაფტზეა განფენილი. მაქსიმალური სიმაღლე ზღვის დონიდან 2850 მეტრია. სოფლის მეურნეობა მხარის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგია. რეგიონი გამოირჩევა საქართველოს ტეროტორიაზე არსებული წიაღისეული სიმდიდრეების მრავალფეროვნებით. ძირითადი წიაღისეული სიმდიდრეა ჭიათურის მანგანუმი, ტყიბულისა და გელათის ქვანახშირის, ბარიტის, საშენ მასალათა, თიხის მარაგი. იმერეთის ტურისტული პროდუქციის ერთ-ერთ პრიორიტეტული მიმართულება კურორტები და გამაჯანსაღებელი ზონებია. რეგიონის ლანდშაფტი, სამკურნალო მინერალური წყლები ბალნეოლოგიურ კურორტებს მიმზიდველს ხდის დამსვენებლთათვის. დღეისათვის იმერეთში 53 საკურორტო და დასასვენებელი ბაზაა, მათ შორის აღსანიშნავია წყალტუბო, საირმე, ნუნისი, სიმონეთი, სულორი, საწირე, ჭითურის ხრეითი, სამტრედია, ზვარე, ამაღლება. იმერეთის მხარეში შედის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შემდეგი ადმინისტრაციულ–ტერიტორიული ერთეულები: