გურია
გურია ისტორიულ–გეოგრაფიული მხარეა დასავლეთ საქართველოში. ისტორიულად იგი შემოსაზღვრული იყო ჩრდილოეთით რიონით, სამხრეთით - ჭოროხით. აღმოსავლეთით ჭოროხ-აჭარისწყლის შესართავიდან მესხეთის ქედის გაყოლებით აჭარას ესაზღვრებოდა.
პირველად სიტყვა გურია ისტორიულ წყაროებში იხსენიება VIII საუკუნეში, მურვან ყრუს ლაშქრობის დროს. როგორც მემატიანე წერს, "მურვან-ყრუმ გაიარა გზა გურიისა".
ტოპონიმ გურიის წარმოშობის შესახებ საბოლოო და დაზუსტებული მოსაზრება არ არსებობს. თედო სახოკიას მოსაზრებით, გურია შესაძლებელია გულს ნიშნავდეს (მეგრულად გური ნიშნავ გულს). გეოგრაფიულად გურია დასავლეთ საქართველოს შუაგულში მდებარეობს.
ნიკოლოზ ბერძენიშვილის მოსაზრებით გურია შესაძლებელია წარმოდგებოდეს რომელიმე დასახლებული პუნქტიდან. ბერძენიშვილს ასეთად მიაჩნია სოფელი გურიანთა.
არსებობს სხვა მოსაზრებებიც, რომლის თანახმადაც გურია არის ძველი წელთაღრიცხვის VIII საუკუნეში ურარტუს ისტორიულ წყაროებში მოხსენიებული ქვეყანა კურიანთა. ვახუშტი ბატონიშვილი ამბობს, რომ ამ მხარეში "გურიანნი", ანუ ფიცხი და ბრაზიანი ხალხი ცხოვრობდა და აქედან წამოიშვა სახელი გურია.
მხარის ფართობი შეადგენს 2030,7 კვ.კმ–ს, მოსახლეობა – 148 ათასს, მოსახლეობის სიმჭიდროვე 1 კვ.კმ–ზე – 73 კაცს. მოსახლეობის 96% ეთნიკურად ქართველია. მხარის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ოზურგეთი. მხარეში 193 დასახლებული პუნქტია, მათ შორის:
ქალაქი - 2: ლანჩხუთი, ოზურგეთი;
დაბა – 5: ლაითური, ნარუჯა, ნასაკირალი, ურეკი, ჩოხატაური.
სოფელი - 186.
კლიმატი ნოტიო-სუბტროპიკული. ძირითადი მდინარეებია სუფსა, ნატანები, ბჟუჟი, ბახვისწყალი, გუბაზოული.
გურია სასოფლო–სამეურნეო მხარეა, სადაც ძირითად საქმიანობას წარმოადგენს სუბტროპიკული კულტურების და ჩაის მოყვანა. რეგიონის წარმოება ოზურგეთის ირგვლივაა თავმოყრილი, რასაც ხელს უწყობს სუფსაში ნავთობის ტერმინალის არსებობა.
გურიის ტერიტორიაზე არის შემდეგი სასარგებლო წიაღისეული: კაოლინი (ზემო მაკვანეთი); წითელი რკინა, აპატიტი (ვაკიჯვარი); ცემენტი (ქვედა ძიმითი); ოქრა, რკინის ჟანგი, თიხა (ნაგომარი, წითელმთა); ბენტონიტური თიხა (მთისპირი); ოქრო (ზოტი); ტუფი, გრანიტის ქვა (დიდივანი); ნავთობი (სუფსა); კირქვა (შუხუთი, ჯუნჯუათი); ტორფი (იმნათი, სუფსა, გრიგოლეთი, მალთაყვა);
მნიშვნელოვანი კურორტებია ბახმარო, ნაბეღლავი, გომისმთა, ურეკი, შეკვეთილი, გრიგოლეთი.
მხარის ტერიტორიაზე მდებარეობს ბუნების, არქიტექტურისა და კულტურის მრავალი ძეგლი, მათ შორის უმნიშვნელოვანესია: შემოქმედის სამონასტრო კომპლექსი, ლიხაურის ეკლესია, ჯუმათის მთავარანგელოზის ეკლესია, ჯიხეთის მონასტერი.
გურიის მხარეში შედის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შემდეგი ადმინისტრაციულ–ტერიტორიული ერთეულები: