ბაგრატის ტაძარი


galerea



aRwera

ქუთაისში, უქიმერონის გორაზე, მდებარეობს გაერთიანებული საქართველოს სიმბოლო და ერთიანი საქართველოს პირველი მეფის _ ბაგრატ III-ის სახელის მატარებელი ტაძრის ნანგრევები. X საუკუნეში საქართველოში მეფობდა ბაგრატ III (975-1014). სწორედ მის სახელს უკავშირდება საქართველოს გაერთიანება. ბაგრატი სამშობლოს გასაძლიერებლად ძალ-ღონეს არ იშურებდა, მაგრამ მან კარგად იცოდა, რომ თუ ღმერთი არ შეეწეოდა, მარტო ვერაფერს გახდებოდა. ღვთისმოსავი მეფე მოწყალებით, სამართლიანობითა და განსწავლულობით გამოირჩეოდა. ბაგრატმა გაერთიანებული საქართველოს სატახტო ქალაქში - ქუთაისში ააგო ერთ-ერთი ოთხ დიდ კათედრალთაგანი (ოშკი, სვეტიცხოველი, ალავერდი), რომელსაც „ბაგრატის სახელით“ ვიცნობთ. "ამანვე აკურთხა ეკლესია ქუთათისა განგებით დიდითა და მიუწვდომელითა, რამეთუ შემოკრიბნა მახლობელნი ყოველნი ხელმწიფენი და კათალიკოსნი, მღვდელთმოძღვარნი და ყოველთა მონასტერთა წინამძღვარნი და ყოველნი დიდებულნი ზემონი და ქვემონი, მამულისა და სამეფოსა მისისა მყოფნი, და სხვათა ყოველთა სახელმწიფოთანი". მოგვითხრობს ქართლის ცხოვრება. ვახუშტი ბატონიშვილი ამ მოვლენის შესახებ ასეთ ცნობას გვაწვდის: "აქ აღაშენა მეფემან ბაგრატ ყოვლადწმიდისა ეკლესია მშვენიერი და დასუა ეპისკოპოსი მწყემსი იმერეთისა და გურიისა, თვინიერ რაჭა-ლეჩხუმისა". როგორც ვარაუდობენ, ტაძრის აგება ბაგრატ მეფეს მე-10 საუკუნის 80-იან წლებში დაუწყია და 1003 წელს უკვე დასრულებული ყოფილა. ამაზე ნათლად მოწმობს ტაძრის ჩრდილოეთის კედლის წარწერა: "ოდეს განმტკიცნა იატაკი, ქორონიკონი იყო 223" (1003), ტაძარი ღვთისმშობლის მიძინების სახელობისა იყო. ბაგრატის ტაძარს თავისი ხუროთმოძღვრული და მხატვრული ღირსებით განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ქართულ სატაძრო არქიტექტურაში, როგორც განვითარებული შუა საუკუნეების დროინდელი სტილის საბოლოოდ დამამკვიდრებელ ნაწარმოებს. ისტორიულად კი იგი გაერთიანებული საქართველოს სიმბოლოა. ბაგრატის ტაძარი ტრიკონქის ტიპის ჯვარგუმბათოვანი ნაგებობაა. გუმბათი ოთხ მძლავრ ბურჯს ეყრდნობოდა. ეს ფორმა ქმნის ფართო შიდა სივრცეს და აზოგადებს შენობის ყველა ნაწილს კომპოზიციის ძირითად სივრცესთან დაქვემდებარებით. ცილინდრული თაღით გადახურული ტაძრის შინაგანი სივრცე აღმოსავლეთით, სამხრეთითა და ჩრდილოეთით კონქით დახურული ნახევრადწრიული აფსიდით მთავრდებოდა. საგრძნობლად გაფართოებული დასავლეთის სამნავიანი მკლავის გვერდითა ნავები ორ-ორ სართულიან მოცულობებს - პატრონიკეებს ქმნიდა. დასავლეთის მკლავს შემოუყვებოდა პატრონიკე - გალერეა, სადაც წირვა-ლოცვისა და დღესასწაულების დროს მეფე-დედოფალი და დიდებულები იდგნენ. ისინი ეკლესიაში მყოფებს ხედავდნენ, თვითონ კი ამ უკანასკნელთათვის დაფარულნი იყვნენ. საკურთხევლის ორივე მხარეს სამკვეთლო და სადიაკვნე იყო. მშენებლობის დამთავრებამდე ტაძარს ჩრდილო-დასავლეთიდან მიაშენეს სამსართულიანი საცხოვრებელი კოშკი, რომელშიც სავარაუდოდ, ქუთაისში მჯდარი ეპისკოპოსი ცხოვრობდა. ხოლო XI საუკუნის პირველ ნახევარში სამხრეთიდან და დასავლეთიდან მდიდრულად მოჩუქურთმებული კარიბჭეები მიაშენეს, რომლებიც ძეგლს XIX საუკუნის 30-იან წლებამდე ჰქონდა შემორჩენილი. ამათში უკეთ შემონახული სამხრეთის კარიბჭე იხსნება ორ მრავალწახნაგა და სვეტზე დაყრდნობილი სამმაგი თაღით და დახურულია ვარსკვლავებრი, მოჩუქურთმებული კამარით. ამავე კარიბჭეში შემორჩენილია ფრესკის კვალი - ღვთისმშობლის გამოსახულება. სვეტისთავებისთვის ფართოდაა გამოყენებული სკულპტურული კომპოზიცია ფანტასტიკური ცხოველების, ფრინველებისა და მცენარეულ მოტივებზე. მეორე სართულის სათავსოები ერთმანეთთან დაკავშირებული იყო მკლავის დასავლეთ ნაწილში შექმნილი ფართო გასასავლელით. აქ ჩრდილოეთის მონაკვეთში მოთავსებული კიბით ადიოდნენ. ორ სართულად იყო განთავსებული აგრეთვე აღმოსავლეთის საკუთხევლის გვერდითა სათავსოები. სამხრეთისა და ჩრდილოეთის მკლავები გუმბათქვეშა კვადრატის მიმართაა მთელ სიგანესა და სიმაღლეში განვითარებული. შინაგანი სივრცის ეს გადაწყვეტა მკვეთრად არის გამოვლენილი გარეთა მასებში. სამხრეთისა და ჩრდილოეთის მკლავი გამოსულია ნაწილების შემაერთებელი ხაზებიდან. ეს ხაზს უსვამს ჯვარგუმბათიანი გეგმის კონცეპციას. ხუროთმოძღვარი მკლავების გამოწევით შექმნილ უბეებს გონებამახვილურად იყენებს: ქმნის მასათა განლაგებაში დამატებით საფეხურს, დასავლეთ ნაწილში სამივე ფასადზე გარშემოსავლელის მოთავსებით. მდიდრულია ტაძრის მორთულობა. ფასადების გასაფორმებლად გამოყენებული დეკორატიული თაღების სისტემა ფასადებს ერთმანეთთან აკავშირებდა. განსხვავებული მიდგომა შესამჩნევია ფასადების დამუშავებაში, ასე მაგალითად, თუ ნაგებობის დასავლეთ ფასადზე პილასტრები სწორკუთხედის განივკვეთის მქონე ძლიერ სიბრტყეებს წარმოადგენს, აღმოსავლეთ ნაწილში პილასტრების დანიშნულებას რამდენადმე თხელი და დაბალი რელიეფის მქონე სამი ლილვი ასრულებს. აღმოსავლეთი ფასადი განსაკუთრებით შთამბეჭდავია - ხუთი დეკორატიული თაღითა და ორი ღრმა ნიშით. ასეთივე განსხვავებაა კაპიტელისა და ბაზების გაფორმებაში. თუ პირველი ოსტატის მიერ ბაზებად გამოყენებულია ჭურჭლის მაგვარი, პლასტიკურად მოდელირებული ძლიერი ფორმა, საიდანაც ლილვის სახით ამოდის ქვაში გაცხოველებული რტო, რომელიც მიჰყვება ძლიერ პილასტრს და ხაზს უსვამს არქიტექტურას, მეორე ოსტატი მშრალი კვეთით შესრულებული ბრტყელი ლილვებით შედგენილი პილასტრებით მოხაზავს ჩამოყალიბებულ კომპოზიციას. ტაძრის შიგა მორთულობას შეადგენდა კედლის მხატვრობა, მაგრამ ამასთან ერთად ის იყო `სრულიად სოფიის კენჭით (მოზაიკით) შინაგან ქმნული და მარმარილოთა სპატაკითა, წითლითა და ჭრელითა, და სვეტებითა მისითავე, და ყოვლითა შემკობილობითა სრული,~ (ვახუშტი). მართლაც, დღემდე მოღწეულია ფერადი მოზაიკის იატაკი ვარსკვლავისებური სახეებით, ფაქიზად დამუშავებული ფერადსახოვანი მარმარილოს სვეტების ორი მოზრდილი ნაჭერი (მათ შესახებ ცნობა შემოინახა ა.ი. გვილდენშტედტმაც) და უძველესი მხატვრობის ნიმუშებიც. სამხრეთის კარიბჭეში შემორჩენილია ფრესკის კვალი – ღვთისმშობლის გამოსახულება. ტაძარი ფლობდა ოქრო-ვერცხლისა და ძვირფასი თვლებით შემკულ დიდძალ ქონება-ინვენტარს (ჰქონდა საგანგებო განძსაცავიც). აღსანიშნავია, რომ ბაგრატის ტაძარში დაცული იყო ქრისტიანთა უდიდესი სიწმინდე - მაცხოვრის სამსჭვალი, რომელიც 1686 წელს პოეტ მეფე არჩილს წაუბრძანებია რუსეთში, თუმცა მას ბევრს ევედრებოდნენ, ეს სიწმინდე არ გაეტანა, ამ თხოვნის საფუძველზე, მან იმერეთში დატოვა სამსჭვალის მცირე ნაწილი, რომელიც შემდგომში მაცხოვრის ოქროს ძვირფას ხატში ჩაამაგრეს, ეს ხატი 1980 წელს ქუთაისში ალექსანდრე ნეველის საკათედრო ტაძრიდან დაიკარგა. 1650-1651 წლებში იმერეთში იმყოფებოდნენ რუსი ელჩები იევლეივი და ტოლოჩანოვი, რომლებიც განცვიფრებაში მოუყვანია ტაძრის სიწმინდეებს. იმერეთის მეფის ალექსანდრეს მოძღვარი, მიტროპოლიტი ზაქარია, მათ ასეთ განმარტებებს აძლევდა: "ჯვარცმის ზემოთ პატარა ოქროს კიდობანია გაკეთებული, კიდობანში კი, როგორც გვიამბეს, უფლის ძელი ცხოველის ნაწილია მოთავსებული. კიდობანს ჟოლოსფერი იაგუნდისგან და მარგალიტებისაგან შემკული ოქროს კარები აქვს". ბაგრატის ტაძარში იყო დაბრძანებული "პალიასტომის" ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი, ბიჭვინთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატის ასლი, რომელიც დღეს ქუთაისის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში ინახება. რუსი ელჩების თანახმად, ტაძარში ორი საცეცხლურის გარდა, სხვა საეკლესიო ნივთები ოქროსი ყოფილა. ის რამდენადმე შეიცავდა სამხედრო-თავდაცვითი ნაგებობის დამახასიათებელ ნიშნებს და ამ დანიშნულებას ზოგჯერ კიდეც ასრულებდა. ტაძარს უკეთესი დაცვის მიზნით შემოვლებული ჰქონდა ქვის გალავანი. გალავნის შიგნით აგებული იყო დამხმარე ნაგებობანი (პალატები) და არქიტექტურულად გაფორმებული ქვის სამრეკლო. ტაძარი გარკვეულ ეტაპზე დახურული იყო მოჭიქული კრამიტით. ტაძრის აგება-შემკობისათვის გამოყენებულია მხოლოდ ადგილობრივი საშენი მასალები, კერძოდ, რამდენიმე სახეობის ქვა, რომლის სიუხვემ ქუთაისსა და მის მიდამოებში ადრიდანვე გააძლიერა შენობათა ქვითმკობელობისადმი ინტერესი და განაპირობა ქვის დამუშავების ხელოვნების დაუფლების საქმეში ადგილობრივი მოსახლეობის დაწინაურება. ირკვევა ისიც, რომ ტაძრის მშენებლობაზე მეტად დიდი ქვების ასაზიდად გამოყენებული იყო თავისი დროის გაუმჯობესებული ტექნიკური საშუალებანი, ეპოქის შესაბამისი მანქანები. ტაძრის ინტერიერსა და ეზოში აწყვია ქვაზე ნაკვეთი, რელიეფებითა და ორნამენტით შემკული დეტალები და ფრაგმენტები, რომლებიც ტაძრის შიდა კედლებსა და ფასადებს ამშევენებდა. ბაგრატის ტაძრის დახვეწილი პროპორციები, გარე მასების ჰარმონიულობა, გრანდიოზული შიდა სივრცე, ფასადების კომპოზიცია, მრავალფეროვანი მორთულობა, რთულ ტექნიკურ ამოცანათა დაძლევა მოწმობს არქიტექტორის შესანიშნავ მხატვრულ ნიჭს, დიდ პრაქტიკულ გამოცდილებასა და ოსტატობას. ტაძრის ხუროთმოძღვარმა, როგორც ვთქვით, გუმბათი მაღალ ბოძებს დააყრდნო, ხოლო ფასადებზე სიბრტყიდან სიბრტყეზე, ფასადიდან ფასადზე გადავლებული არმატურის ერთიანი სისტემა იხმარა. ეს სიახლე იყო მშენებლობის ხელოვნებაში. ქუთაისის კათედრალს, რომელიც წარმოადგენს მრავალსაუკუნოვანი ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლს, შექმნილს ქართველი ხუროთმოძღვრების მიერ, აკადემიკოსი ჩუბინაშვილი დამსახურებულად აკუთვნებს ერთ-ერთ წამყვან ადგილს, ქრონოლოგიურად მასთან ახლოს მდგომ მცხეთისა და ალავერდის კათედრალთა შორის. ამ ძეგლზე პირველად აღმოჩნდა საქართველოში არაბული ციფრებით შესრულებული წარწერა `223~ ეს ფაქტი, რომელმაც თავის დროზე მკვლევართა ცხოველი ინტერესი გამოიწვია. ბაგრატის ტაძარი თავიდანვე შეიქმნა დიდი უფლებით აღჭურვილი ეპისკოპოსის (ტახტზე ასვლისას ის ადგამდა გვირგვინს საქართველოს მეფეებს) ადგილსამყოფელი. მეფე ბაგრატმა აქ `დასვა ეპისკოპოსი, მწყემსი იმერეთისა და გურიისა, თვინიერ რაჭა-ლეჩხუმისა~ (ვახუშტი). განსაზღვრულ დრომდე ამ ტაძარში სრულდებოდა მეფეთა კურთხევის ცერემონიალი. აქ მიიღო ფიცი იმერეთის მეფე ალექსანდრემ რუსეთის მეფის ერთგულებაზე. ამ ტაძარში იქნა დაკრძალული საქართველოს ზოგიერთი მეფე (მაგ: გიორგი I) და ა.შ. მაგრამ მთავარი მაინც ის არის, რომ ქუთაისის კათედრალი წარმოადგენდა მსხვილ საეკლესიო-ფეოდალურ ცენტრს ძლიერი საეკლესიო-ეკონომიკური ბაზით. იგი რელიგიური დოგმების ქადაგებითა და მის ხელთ არსებული ყველა სხვა საშუალების გამოყენებით, ენერგიულად იცავდა გაბატონებული კლასის ინტერესებს. მას მთლიანად ეკუთვნოდა არაერთი სოფელი, ხოლო 1578 წლის დავთარის მიხედვით, მისთვის შეწირული ყმების რაოდენობა 500-მდე ოჯახს უდრიდა. ქუთაისის ტაძარი, რომელიც წარმტაცი მდებარეობის ბუნებრივად გამაგრებულ ადგილზე - `ხორხის მთაზე~, ციხისა და სამეფოს სასახლის გვერდით იყო აგებული, ხუთასი წლის მანძილზე იდგა დაუზიანებლად, მაგრამ 1510 წელს ოსმალთა ჯარი, სელიმის მეთაურობით მოულოდნელად თავს დაესხა ქუთაისს, ციხის აღების შემდეგ თურქებმა ცეცხლს მისცეს ქუთაისის სიონი და სწორედ მაშინ განადგურდა ტაძრის მხატვრობა. 1692 წელს კი თურქებმა ააფეთქეს ტაძარი. მათვე მიიტაცეს მისი სიმდიდრეც. ამის შესახებ ვახუშტი ბატონიშვილი შემდეგს მოგვითხრობს: "გარნა იქმნა საგლოველო, რამეთუ გამოვიდნენ ციხიდან ოსმალნი და შემუსრეს ქუთაისის ეკლესია ყოვლადწმიდისა. დიდ შვენიერად გებული". 1740 წლიდან ოსმალებმა, რაც ტაძრისგან გადარჩა, იარაღის საწყობად აქციეს. 1770 წელს იმერეთის მეფემ სოლომონ პირველმა (1752-1784წწ.) ციხე დაიბრუნა და ბაგრატის ტაძარი ოსმალებისგან გაათავისუფლა, მაგრამ ბრძოლების დროს ძველ დაზიანებებს ახალიც დაემატა. ხოლო მისი აღდგენა დღემდე ვერ მოხერხდა. 1775 წელს სოლომონ I-ის დახმარებით ტაძრის დანგრეული სამხრეთი კარიბჭე აღდგა და 1871 წლამდე მღვდელთმთავრის კათედრას წარმოადგენდა. XIX საუკუნის 30-იან წლებამდე ტაძრის სამხრეთისა და დასავლეთის კარიბჭე უვნებლად მდგარა. ამას მოწმობს მხატვარ ნ. ჩერნეცოვის ჩანახატები. დღეს კი ისიც ნანგრევების სახითაა შემორჩენილი. 1952 წლიდან ვახტანგ ცინცაძის მიერ ტაძრის თავდაპირველი სახის გრაფიკული რესტავრაციის პროექტის მიხედვით წარმოებს მისი აღდგენა-კონსერვაციის სამუშაოები. პარალელურად მიმდინარეობს ძეგლის მეცნიერული შესწავლა და გამოკვლევა. 1994 წლიდან ბაგრატის ტაძარი იუნესკოს, მსოფლიოს კულტურული საგანძურის სიაშია. 1911-1913 წლებში იმერეთის ეპისკოპოსმა გიორგიმ (ალადაშვილი) ტაძარს გალავანი შემოავლო, რომელმაც 1984 წლამდე იარსება. 1930-იან წლებში დიდი შრომა გასწია სარესტავრაციო მუშაობის დროს პეტრე ჭაბუკიანმა. 1941-1942 წლებში აკადემიკოს გ. ჩუბინაშვილისა და არქიტექტორ ნ. სევეროვის ხელმძღვანელობით ჩატარდა ტაძრის ტერიტორიის გათხრა. მოპოვებული მასალის საფუძველზე შესაძლებელი გახდა ტაძრის გეგმის აღდგენა. ბაგრატის ტაძრის აღდგენა-რესტავრაციაში დიდი ღვაწლი მიუძღვის პროფესორ ვახტანგ ცინცაძეს, რომელმაც 1950 წლიდან მოყოლებული ტაძარზე ათეულობით წლები იმუშავა. 1995 წლის 25 აგვისტოს, 303 წლის შემდეგ, ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა კალისტრატემ აკურთხა ქუთაისის სიონის ტაძარი. 27-28 აგვისტოს კი დიდ ტაძარში ღია ცის ქვეშ პირველად აღესრულა წირვა-ლოცვა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II ბრძანებს: "'აქ არ არის მხოლოდ ტაძრის აღდგენა, ეს შეეხება სრულიად საქართველოს გამთლიანებას, სრულიად საქართველო უნდა გამთლიანდეს, აი ამ უძველესი და უწმინდესი ტაძრის მშენებლობის და აღდგენის გარშემო". შემთხვევითი არ არის, რომ სწორედ ქუთაისის სიონში დაიბადა სიტყვები: "ქართველნო, ერთად ღვთისაკენ", რომელიც უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ წარმოთქვა და ქართველებს ქრისტესმიერი ერთობისა და სიყვარულისკენ მოგვიწოდა. 2003 წლის 21-27 სექტემბერს აღინიშნა ბაგრატის ტაძრის 1000 წლის იუბილე. 2009 წელს საქართველოს მთავრობამ დაიწყო ძეგლის რესტავრაცია, რაც მასზე გუმბათის დადგმით უნდა დასრულდეს. პროექტის, რომლის ავტორია ივანე გრემელაშვილი, მიმდინარეობამ საზოგადოების არაერთგვაროვანი და მძაფრი რეაქცია გამოიწვია. განგაში მას შემდეგ ატყდა, რაც იტალიელმა ინჟინერმა და არქიტექტორმა სილვიო კალვიმ თავის სტატიაში ბაგრატის ტაძრის მდგომარეობა აღწერა. მისი თქმით, ძეგლზე სარეკონსტრუქციო სამუშაოები იუნესკოსთან პროექტის შეუთანხმებლად დაიწყო და უშუალოდ ამ სამუშაოებს წინ არ უძღოდა ფართომასშტაბიანი კვლევა. სპეციალისტთა ნაწილი არ გამორიცხავს, რომ ძეგლი იუნესკოს სიიდან ამოიღონ, რადგან მათი აზრით, ტაძარზე ამჟამად მიმდინარე სამუშაოები ძეგლის ავთენტურობას ვნებს, შენდება სრულიად არატრადიციული, რკინა-ბეტონის შენობა. სპეციალისტთა ნაწილი კი არ ეთანხმება ამ მოსაზრებას. ისინი ფიქრობენ, რომ ტაძრის გამაგრება და მასზე გუმბათის დადგმა ამგვარი კონსტრუქციების გარეშე შეუძლებელია. ამჟამად ხორციელდება ყველაზე სუსტი და მიწისძვრის დროს გამორღვეული ნაწილების შევსება იმავე კარიერიდან აღებული ქვით და აგრეთვე, ოთხი საყრდენის ამოყვანა. ეს კი ძეგლის ვიზუალურ მხარეზე დიდ გავლენას არ იქონიებს. 2009 წლის აგვისტოში ქუთაისის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ ბაგრატის ტაძარში, ფუნდამენტის გამაგრებითი სამუშაოების დროს, სამარხს მიაკვლიეს. სამარხი ტაძრის დარბაზში, დასავლეთ კარიბჭის შიგნით აღმოაჩინეს, რომელშიც ნაპოვნია ჩვ. წელთაღრიხცვის მე-8 მე-9 საუკუნეებით დათარიღებული ოქროს საყურეები, ლალის თვლიანი ბეჭდები, მინის სამაჯურები, ფერადი თვლებით შემკული სამკაულები და ქალის სხვადასვა აქსესუარი. სამარხი სპეციალური ხსნარითაა დამუშავებული, რაც სპეციალისტების განცხადებით, საკმაოდ იშვიათი მოვლენაა. სამარხს ზემოდან ქვა-ყუთი ადევს. სამკაულების ოდენობა იმდენად დიდი და მნიშვნელოვანი იყო, რომ შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავებიც გამოიძახეს და ექსპერტიზის დასრულებამდე ბაგრატის ტაძრის მთლიან პერიმეტრს პოლიცია აკონტროლებდა. სპეციალისტებისა და ექსპედიციის წევრების განცხადებით, დღეს აღმოჩენილ სამარხს, სიმდიდრითა და ოქროს რაოდენობით, საქართველოში ანალოგი არ აქვს. ისტორიკოსების ვარაუდით, სამარხი ეკუთვნის ეგრის-აფხაზეთის რომელიმე დედოფალს. ამ დასკვნას სპეციალისტები ძვირფასი სამკაულებისა და სამარხის მდებარეობის გათვალისწინებით აკეთებენ. არქეოლოგების ვარაუდით, ქალბატონი დამარხული იყო არა ბაგრატის ტაძარში, არამედ იმ ტაძარში, რომელიც ბაგრატის ტაძრამდე იყო იქ აშენებული დაახლოებით მე-7 საუკუნეში. აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა არ გამორიცხავს, რომ ბაგრატის ტაძრის ეზოში ნაპოვნი სამარხი, აფხაზთა ერთ-ერთი დედოფლის ნეშტი იყოს, მაგრამ არსებულ ვითარებაში, სამარხის შესწავლაში აფხაზი ისტორიკოსების მონაწილეობას გამორიცხავს. პროფესიით ისტორიკოს სერგეი შამბას განმარტებით, იმის გათვალისწინებით, რომ VIII-IX საუკუნეებში აფხაზთა სამეფოს დედაქალაქი ქუთაისში იყო, მართლაც არ არის გამორიცხული, რომ ბაგრატის ტაძრის ეზოში ნაპოვნი სამარხი აფხაზთა სამეფოს მმართველი ელიტის წარმომადგენლი იყოს. მისივე თქმით, იგი სამარხის შესწავლაში იმ შემთხვევაშიც არ მიიღებდა მონაწილეობას, თუ ამგვარი წინადადებით მას ქართველმა ისტორიკოსებმა მიმართეს. ამგვარ წინადადებას არ მივიღებდი, თუნდაც იმიტომ, რომ დიდი ხანია მეცნიერებას მოწყვეტილი ვარ, თუმცა უნივერსიტეტში ლექციებს კი ვკითხულობ. რაც შეეხება ამ საქმეში სხვა აფხაზი მეცნიერების მონაწილეობას, იმ ვითარებაში რომელშიც ვიმყოფებით, არა მგონია აფხაზმა ისტორიკოსებმა ქართველ კოლეგებთან თანამშრომლობა ისურვონ~, - განუცხადა `ინტერპრესნიუსს~ სერგეი შამბამ, რომლის თქმითაც, იგი ყურადღებით მიადევნებს თვალს ნაპოვნის შესახებ ქართველ მეცნიერთა კვლევას. ბაგრატის ტაძრის ეზოში ნაპოვნი სამარხის აფხაზურ კვალს არ გამორიცხავს ასევე თბილისში მცხოვრები აფხაზი ისტორიკოსი ზურაბ ანჩაბაძე. იგი დარწმუნებულია, რომ სამარხი ქრისტიანული იქნება, ვინაიდან ბაგრატის ტაძრის ეზოში არაქრისტიან დიდგვაროვანს არ დაასაფლაბედნენ. მისივე თქმით, ნაპოვნის აფხაზური კვალი სრულიად არ არის გამორიცხული თუნდაც იმის გამო, რომ აფხაზეთის მეფეების, ლეონიდების სასახლე ბაგრატის ტაძრის ეზოში იყო აგებული და, სავარაუდოდ, ეზოში აფხაზთა სამეფოს არა ერთი დედოფალი უნდა იყოს დაკრძალული, რომლის არსებობის შესახებ ისტორიამ ჯერჯერობით არაფერი იცის. ბაგრატის ტაძრიდან ანთროპოლოგებმა ძვლოვანი მასა თბილისში წამოიღეს. ბაგრატის ტაძარში ნაპოვნი ოქროს სამკაულები ქუთაისის მუზეუმში გადაიტანეს. ექსპერტიზის დასრულების შემდეგ ცნობილი გახდება, წლის რომელ დროს გარდაიცალა დიდგვაროვანი, რა გახდა მისი სიკვდილის მიზეზი, ასევე დადგინდება მისი ასაკიც.

ინფორმაცია მოამზადა ლელა მარგიანმა

ფოტოები - ლელა მარგიანის