სვეტიცხოველი
galerea
aRwera
სვეტიცხოველი - ქართული კულტურის, ხელოვნებისა და არქიტექტურის უმნიშვნელოვანესი ძეგლი გამოირჩევა არა მხოლოდ თავისი მხატვრული ღირსებით, დიდებულებით და ჰარმონიულობით, არამედ იმ განსაკუთრებული როლითაც, რომელიც მან ქართველი ერის ისტორიაში შეასრულა.
როგორც „ქართლის ცხოვრება“ და „მოქცევაი ქართლისაი“ გადმოგვცემს, მცხეთელი ელიოზი და კარსნელი ლონგინოზი დასწრებიან ქრისტეს წამებას იერუსალიმში და მისი კვართით დაბრუნებულან მცხეთაში. აქ ელიოზს დახვედრია მისი და - სიდონია, რომელსაც გულში ჩაუკრავს ეს ძვირფასი რელიქვია და მღელვარებისაგან იქვე განუტევებია სული. სიდონია დაუსაფლავებიათ ქრისტეს კვართით ხელში სამეფო ბაღში. მოგვიანებით მის საფლავზე ამოსულა ლიბანის კედარი. IV ს-ში, ქრისტიანობის მიღების შემდეგ, მირიან მეფის ბრძანებით, ეს ხე მოუჭრიათ, რათა სიდონიას საფლავზე აეგოთ ქრისტიანული ეკლესია. მოჭრილი ხისაგან დაუმზადებიათ „შვიდნი სვეტნი ეკლესიისანი“. ერთ-ერთი მათგანი სასწაულმოქმედი ათმოჩენილა: იგი ჰაერში აჭრილა და მხოლოდ მას შემდეგ „დაემყარა და მტკიცედ შეეძერწა“ თავის კვარცხლბეკს, როცა წმიდა ნინომ მთელი ღამე ლოცვაში გაატარა. ამ სვეტიდან მირონი დიოდა, და ყველანი, ვინც კი აქ მოვიდოდა, „სენთაგან შეპყრობილნი, მსწრაფლ განკურნებულნი წარვიდოდეს სახით თვისადო“. სწორედ ეს იყო „სვეტიცხოველი“ - სვეტი, სიცოცხლის მომნიჭებელი და ტაძარსაც მისი სახელი ეწოდა.
სვეტიცხოველი, უპირველეს ყოვლისა, წარმოადგენდა საქართველოს რელიგიურ ცენტრს, რადგან იგი იყო საპატრიარქო ტაძარი, საქართველოს ეკლესიის მეთაურთა კათოლიკოს-პატრიარქთა რეზიდენცია. სწორედ სვეტიცხოველში ხდებოდა საქართველოს მეფეთა და ეკლესიის მეთაურთა - კურთხევა, ჯვრისწერა, ქართველ უფლისწულთა მონათვლა. აქ ხდებოდა ქართველ მეფეთა, დედოფალთა, ბატონიშვილთა და კათოლიკოს-პატრიარქთა დაკრძალვა (ტაძარში დღემდე შემორჩენილია რამდენიმე მათგანის საფლავი). გარეშე მტერთა შემოსევებისას აქ აფარებდა თავს მცხეთისა და მისი შემოგარენის მოსახლეობა. თავისი მდიდარი ბიბლიოთეკით სვეტიცხოველი მწიგნობრობის გავრცელების კერასაც წარმოადგენდა.
პირველი ქართული ეკლესია, აიგო სწორედ ამ ადგილას, მდინარეების - მტკვრისა და არაგვის შესართავთან, „წმინდა ჭალაში“, ანუ სამეფო ბაღში. იგი აუგიათ პირველი ქრისტიანი მეფის მირიანის მითითებით IV ს-ის 30-იან წლებში. ეს ხის ნაგებობა მცირე ზომის ყოფილა, რაც ტაძარში ბოლო ხანს ჩატარებული არქეოლოგიური გამოკვლევების შედეგაც დადასტურდა. აქ აღმოჩენილი ხის სვეტების ნაშთები მეცნიერებმა IV საუკუნით დაათარიღეს, რითაც საშუალება მოგვეცა დარწმუნებით გვეთქვა, რომ მირიან მეფის ბრძანებით აგებული სვეტიცხოველი ხის ნაგებობა ყოფილა.
V ს-ის მეორე ნახევარში, ვახტანგ გორგასლის მეფობის დროს, ქართულმა ეკლესიამ მოიპოვა დამოუკიდებლობა - ე.ი. გახდა ავტოკეფალური (მანამდე იგი ანტიოქიის საპატრიარქოს ექვემდებარებოდა). ამ დროიდან მცხეთა უკვე ცხადდება საპატრიარქო რეზიდენციად, კათედრით სვეტიცხოველში. აქედან გამომდინარე პატარა ხის ეკლესია უკვე აღარ შეესაბამებოდა ქრისტიანული რელიგიის როლსა და ავტორიტეტს, რის გამოც ვახტანგ გორგასლის ბრძანებით V ს-ის ბოლოს მის ადგილზე ააგეს დიდი ზომის ქვის სამნავიანი ბაზილიკური ტიპის ეკლესია, რომლის ზომებიც ბევრად აღამატებოდა იმხანად ცნობილ ეკლესიებს: წილკნის, ბოლნისის, ხაშმის და სხვა. ვახტანგისეული ნაგებობიდან დღემდე თითქმის აღარაფერი შემორჩა, რადგან დროთა განმავლობაში ძალზე დაზიანებულა. XI ს-ის დამდეგისათვის საჭირო გამხდარა მისი გადაკეთება.
გორგასლისეული სვეტიცხოვლის აღდგენა-გადაკეთებას ხელი მოჰკიდა ქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მელქისედეკ I-მა. მისი ბრძანებით XI ს-ის დასაწყისში ხუროთმოძღვარმა არსუკისძემ ძველი ბაზილიკის ნაგებობა გადააკეთა ჯვარ-გუმბათოვან ტაძრად. სწორედ არსუკისძის ეს გენიალური ქმნილებაა ჩვენამდე მოღწეული, გარკვეული ცვლილებებით.
XI ს-ში სვეტიცხოვლის მშენებლობა დაწყებულა გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფის ბაგრატ III-ის (1001-1014 წწ.) დროს. ძირითადი სამუშაოები მიმდინარეობდა მეფე გიორგი I (1014-1027 წწ.) მეფობის პერიოდში, ხოლო დასრულებული სახე ტაძარმა მიიღო ბაგრატ IV-ის (1027-1072 წწ.) მეფობის ხანაში. სხვადასხვა მონაცემების შეჯერების შედეგად დაზუსტდა, რომ სვეტიცხოველი შენდებოდა 19 წლის განმავლობაში - (1010-1029 წწ.).
აღსანიშნავია, რომ ქვეყნის ტრაგიკულმა ისტორიამ ყველაზე მძიმე დაღი დაასვა ტაძრის გუმბათს: XIII ს-ის დასასრულს (1283 წ.) საქართველოში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად გუმბათი ჩამოიქცა. იგი შეაკეთა გიორგი ბრწყინვალემ XIV ს-ის პირველ ნახევარში. გუმბათი მეორედ ჩამოაქციეს თემურ-ლენგის მეომრებმა XIV ს-ის ბოლოს.
ცნობილია, რომ ამ შუა აზიელმა დამპყრობელმა 8-ჯერ ილაშქრა საქართველოში. ერთ-ერთი ლაშქრობის დროს მას აუოხრებია სვეტიცხოველი. „შეჰკადრა და ბილწითა ხელით ხელჰყო დარღვევად და მოოხრებად სვეტიცხოვლისა შინაგან და გარეთ“ - გადმოგვცემს მემატიანე. ზოგიერთი ცნობით, ეს თავდასხმა მომხდარა 1387 წელს, მე-2 შემოსევის დროს. მიუხედავად იმისა, რომ სვეტიცხოველს სხვა დროსაც არაერთი ამაოხრებელი თავდასხმა განუცდია, თემურლენგის მიერ სვეტიცხოვლის აოხრება ყველაზე გამანადგურებლად ითვლება. მისმა ურდოებმა არა მარტო მოანგრიეს ტაძრის გალავანი, გაძარცვეს ოქროთი მოპირკეთებული ემბაზი, სამალავებში დაცული განძეულობა და ბიბლიოთეკა, არამედ გადაწყვიტეს თვით ტაძრის დანგრევაც. ამ მიზნით, თემურლენგის ბრძანებით მოანგრიეს სვეტიცხოვლის ბურჯები, მაგრამ ტაძარი არ დანგრეულა, ჩამოიქცა მხოლოდ გუმბათი. ალექსანდრე პირველს აღუდგენია თემურლენგის მიერ დანგრეული ბუნჯებიც, მაგრამ აღდგენისას ეს ბურჯები, გამაგრების მიზნით, უფრო გაამსხვილეს და ამით თავიანთი პირვანდელი სილამაზე დაუკარგეს. თუ რაოდენ დიდი განსხვავებაა XI ს-ისა და XV ს-ის ბურჯებს შორის, ეს კარგად ჩანს დღესაც.
სვეტიცხოვლისადმი დიდი ზრუნვა გამოუჩენია ქართლის მაჰმადიან მეფეს როსტომს (მეფობდა 1632-1638 წლებში). როგორც ჩანს, ამაში დიდია მისი მეუღლის, ჭეშმარიტი ქრისტიანობითა და მაღალი გონებით გამორჩეული ქალის მარიამ დადიანის დამსახურება. მათ საფუძვლიანი რესტავრაცია ჩაუტარებიათ დაზიანებული ტაძრისათვის, შეუკეთებიათ - აღუდგენიათ გუმბათი, მიუკუთვნებიათ მრავალი გლეხი. სოფლებიდან შემოსავალი გროვდებოდა როგორც ფულით, ასევე ნატურით (პური, ღვინო, სანთელი, ქსოვილები და ა.შ.).
XVII საუკუნის ბოლოს მთელ საქართველოში სვეტიცხოვლის კუთვნილება ყოფილა გლეხთა 1025 ოჯახი და 237 სოფელი.
კარიბჭის მარცხნივ XVII ს-ის ნახევრად დანგრეული სამრეკლოა. აღსანიშნავია, რომ XIII-XIV სს-მდე ქართულ საკულტო არქიტექტურაში სამრეკლო, როგორც ცალკე არქიტექტურული ელემენტი, არ გვხვდება. მათი მშენებლობა იწყება მხოლოდ XIII-XIV ს-დან. სვეტიცხოვლის სამშენებლო მასალა ქვიშაქვაა. ტაძარი გადახურულია ალგეთური ბაზალტით.
ტაძარს ერთი ძირითადი შესასვლელი აქვს დასავლეთიდან. მთავარი შესასვლელი ტაძრის აგების დროინდელია, ხოლო ფრესკა კარიბჭის თავზე - XIX ს-ისა. ფრესკაზე გამოსახულია ღვთისმშობელი ყრმით, რომლის მარჯვნივ და მარცხნივ მთავარანგელოზები მიქაელი და გაბრიელი არიან გამოსახულნი.
შესასვლელშივე, მარჯვნივ ქვის სანათლავი ემბაზია. არსებობს მოსაზრება, რომ იგი ქართლის მოქცევის დროინდელი - ე.ი. IV ს-ისა უნდა იყოს. ემბაზი იმ პერიოდში ეკლესიის ეზოში უნდა მდგარიყო. ინტერიერში მოხვდა მხოლოდ XI ს-ში - ტაძრის გაფართოების შემდეგ. საფიქრებელია, რომ სვეტიცხოვლის დიდი მნიშნველობის გამო, სწორედ ამ ემბაზში ინათლებოდნენ ქართველი უფლისწულები. გადმოცემის მიხედვით, ამ ემბაზში მოინათლა პირველი ქრისტიანი მეფე მირიანი და მისი მეუღლე ნანა, ემბაზი ადრე მოოქროვილი ყოფილა.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, სვეტიცხოველს გააჩნია სამალავები ტაძრის ზედა ნაწილში. იქ, საჭიროების შემთხვევაში, თავს აფარებდნენ, მალავდნენ ტაძრის განძეულობას და მდიდარ ბიბლიოთეკას. დაბლიდან მოჩანს სამალავებში ერთ-ერთი საიდუმლო შესასვლელი. სადაც საფრთხის შემთხვევაში თოკის კიბით ადიოდნენ, რის შემდეგაც ხატით ფარავდნენ ღრმულს. აღმოსავლეთის მხრიდან საკურთხევლის მარცხენა მხარეს სამალავებში არის სხვა შესასვლელი - საიუდმლო ქვის კიბეებით, რომლებსაც გუმბათზე ავყავართ. სვეტიცხოვლის ტაძარი საქართველოში სიმდიდრითა და მასშტაბურობით გამოირჩეოდა.
სამხრეთის კედელზე არის მიშენებული მინიატურული ეკლესია, რომელიც XIV-XV საუკუნეებში ჩაუდგამთ. ეს პატარა ეკლესია წარმოადგენს იერუსალიმში, გოლგოთას მთაზე, ქრისტეს ჯვარცმის ადგილზე, იმპერატორ კონსტანტინეს ბრძანებით IV ს-ში აშენებული ეკლესიის არაზუსტ ასლს. იგი აუგიათ იმ ადგილობრივ მორწმუნეთათვის, რომელთაც არ ჰქონდათ საშუალება იერუსალიმში ენახათ ქრისტეს წამების ადგილი. ეკლესია სვეტიცხოველში ააგეს იმიტომ, რომ ქალაქ მცხეთას ეძახდნენ „მეორე იერუსალიმს“.
ისეთი დიდი მნიშნველობის ტაძარი, როგორც სვეტიცხოველია, რასაკვრიველია, თავდაპირველად მთლიანად მოხატული იყო ფრესკებით. ჟამთა სიავეს ტაძრის ფრესკები საკმაოდ დაუზიანებია, XIX ს-ის შუა ხანებში კი ქართული ეკლესიის იმდროინდელი მეთაურის ეგზარქოს ევგენი ბაჟენოვის ბრძანებით სვტიცხოვლის ფრესკები შეუთეთრებიათ, კირის რამდენიმე ფენით დაუფარავთ. ამ შეთეთრებას რუსული საეკლესიო ხელისუფლება „რესტავრაციას“ უწოდებდა. ფრესკები შეათეთრეს თითქოსდა იმიტომ, რომ ისინი ასეთ მდგომარეობაში არ უნდოდათ ენახა იმპერატორ ნიკოლოზ I-ს, რომლის ჩამოსვლასაც ელოდნენ საქართველოში 1837 წელს. ცნობილია, რომ XIX ს-ისთვის სვეტიცხოველში მოღწეული ფრესკები მართლაც საჭიროებდნენ რესტავრაციას. მათი გადარჩენისათვის ფრთხილი და ფაქიზი სამუშაოების ჩატარება იყო საჭირო. მაგრამ ეს სამუშაოები XIX ს-ში ძალზე უხეშად ჩატარდა, რის გამოც ბევრი ფრესკა დაიღუპა. ძვირფასი ქართული ფრესკების განადგურება ლოგიკური შედეგი იყო იმ რუსიფიკატორული პოლიტიკისა, რომელსაც მეფის რუსეთი ახორციელებდა საქართველოში. ფრესკები შეათეთრეს ბევრ სხვა ქართულ ტაძარშიც. მხოლოდ XX საუკუნის 60-იან წლებში ტაძარი მიმდინარე სარესტავრაციო სამუშაობის დროს მოხსნეს კირის ეს ფენები ფრესკებს. თუმცა, როგორც ვხედავთ, ფრესკების უმეტესი ნაწილი განადგურებულია, რადგან მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა. შემორჩა მხოლოდ კედლის მხატვრობის მცირე ნაწილი, რომელიც გვიანი პერიოდით (XVI-XVII სს.) თარიღდება.
სვეტიცხოვლის ცენტრალურ ნაწილში სამხრეთ მხარეს დგას თაღოვანი ნაგებობა, რომლის ქვეშ, ისტორიული წყაროების მიხედვით, ქრისტეს კვართია დაკრძალული. ეს ნაგებობა XVII ს-ისაა. მასზე ასომთავარული წარწერაა: „ქრისტე ღმერთო შენისა დიდებისათვის ბრძანებითა ნიკოლოზ კათალიკოზისათა მოვხატე მე, ფრიად ცოდვილმან გულჯავრიშვილმან გრიგოლ სვეტი ესე. ვინც შენდობა ბრძანოთ, თქვენც მოგეტევნოთ ცოდვანი“. მოხსენიებული კათალიკოსი ნიკოლოზ დიასამიძე XVII ს-ში მოღვაწეობდა. მოხატულობა წარმოადგენს სცენებს ბიბლიიდან და ქართლის გაქრისტიანებიდან.
კათალიკოსის საბრძანისი, ამჟამად პატრიარქის საბრძანისი აღარ გამოიყენება. დღესდღეობით კათედრას წარმოადგენს ტაძრის ინტერიერის ცენტრში მოთავსებული სავარძელი. აღარ გამოიყენება აგრეთვე აივნები აღმოსავლეთ-დასავლეთ ნაწილში, რომელიც, როგორც ფიქრობენ, მგალობელთა გუნდისთვის გამოიყენებოდა.
სვეტიცხოვლის კანკელი თანამედროვეა, თუმცა იგი წარმოადგენს XI ს-ის სპეთის ეკლესიის კანკელის ასლს. საქმე ისაა, რომ XIX ს-ის ბაჟენოვისეული „რესტავრაციის“ დროს ქართული ტიპის დაზიანებული კანკელი შეცვალეს მაღალი ხის სამიარუსიანი რუსული არქიტექტურისათვის დამახასიათებელი იკონოსტასით, რომელიც სვეტიცხოვლის ხუროთმოძღვრულ სახეს არ შეეფერებოდა, სწორედ ამიტომ ბოლო რესტავრაციის დროს იგი შეიცვალა ქართული ტიპის კანკელით. სვეტიცხოვლის თავდაპირველი კანკელისგან მხოლოდ პატარა ფრაგმენტია შემორჩენილი. ხატები კანკელზე თანამედროვეა, შესრულებული ენკაუსტიკის მეთოდით.
როგორც აღვნიშნეთ, სვეტიცხოველი წარმოადგენდა ქართველ მეფეთა განსასვენებელს. ისტორიული წყაროების მიხედვით ტაძარში დაკრძალული უნდა იყოს 10-ზე მეტი ქართველი მეფე: დავით ულუ, დემეტრე თავდადებული, გიორგი ბრწყინვალე, გიორგი VII, გიორგი VIII, ალექსანდრე დიდი, სიმონ I და სხვა, მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენამდე მხოლოდ ვახტანგ გორგასლის, ერეკლე II-სა და გიორგი XII-ის საფლავებმა მოაღწიეს.
რაც შეეხება დანარჩენ საფლავებს, ისინი უმთავრესად გვიანდელია და წარმოადგენს ქართველ მეფეთა - მუხრან ბაგრატოვანთა დინასტიის ახლო ნათესავების განსასვენებელს. ისტორიული წყაროების მიხედვით, სვეტიცხოველშია დაკრძალული ევსტათი მცხეთელი და მელქისედეკ I კათალიკოსი, აქვეა დაკრძალული ილია წინასწარმეტყველის ხალენი.
უკანასკნელად ტაძარს XX ს-ის 60-იან წლებში ჩაუტარდა საფუძვლიანი რესტავრაცია. აღადგინეს ტაძრის ეზოში შემოსასვლელი ცენტრალური კარიბჭე. ე.წ. „მელქისედეკის ჭიშკარი“. გალავნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში აღმოაჩინეს მელქისედეკის სასახლის ნაშთები, შეაკეთეს ტაძრის დაზიანებული ნაწილები. ჩრდილოეთ და სამხრეთ ფასადებთან წარმოაჩინეს მონგრეული მინაშენების ნაშთები, გამოცვალეს ტაძრის იატაკი და მეფეთა საფლავების ფილები (1970 წ.), კელდები გასუფთავდა XIX ს-ის შეთეთრებისაგან, იპოვეს IV და V ს-ის ეკლესიათა ნაშთები, გამოაჩინეს XI ს-ის ნატიფი ბურჯები და თაღები, რომლებიც, როგორც აღვნიშნეთ, გაუხეშდა XV ს-ის რესტავრაციის დროს, კაპიტალურად შეკეთდა სახურავი.
გასულ საუკუნეში სვეტიცხოველში არაერთი არქეოლოგიური სამუშაო ჩატარდა. 2000-2001 წლების განმავლობაში სვეტიცხოვლის ეზოში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოჩნდა ანტიკური პერიოდის აკლდამა (III-IV), სადაც არქეოლოგებმა ნახეს ოქროს, ვერცხლის, ბრინჯაოს, რკინის, მინის და სხვა მინერალებისგან დამზადებული ნივთები. მათ შორის, საყურადღებოა ვერცხლის საწერი ხელსაწყო, რომლის მსგავსი საქართველოში მანამდე არ ყოფილა აღმოჩენილი.