შიომღვიმის მონასტერი


galerea



aRwera

             შიომღვიმის მონასტერი მდებარეობს თბილისიდან 40 კმ-ზე, მცხეთის რაიონში,  მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, სარკინეს (ახალტბის) ქედის სამხრეთ კალთაზე. მონასტერი დაარსებულია VI საუკუნის შუახანებში, ერთ-ერთმა ასურელ მამის შიოს მიერ, რომელმაც სიცოცხლის ბოლო ორი წელი მონასტრის შუა ნაწილში მდებარე ბნელ მღვიმეში გაატარა და იქვე დაიკრძალა.
         სამონასტრო კომპლექსის უძველესი ნაგებობაა ჯერ კიდევ წმიდა შიოს სიცოცხლეში, 560-70-იან წლებში აშენებული წმიდა იოანე ნათლისმცემლის ეკლესია, რომლის ქვედა ნაწილი საგანგებოდ გაკაფულ კლდეში არის ამოყვანილი. ეკლესია „თავისუფალი ჯვრის“ ტიპისაა. ნაგებია ნატეხი ქვით. გადახურულია კონუსებრი სახურავით. XI ს-ის ბოლოს წმიდა შიოს მღვიმის თავზე, ნათლისმცემლის ეკლესიის დასავლეთით, აშენდა გრძელი უაფსიდო ეგვტერი. მღვიმე, რომლის ცენტრშიც არის წმიდა შიოს საფლავი, 11 მეტრის სიღრმისაა. იგი ზემოთკენ ჭასავით ვიწროვდება და იხსნება ეგვტერის დასავლეთ ნაწილში გაკეთებული ხვრელით.
         1010-1033 წლებში კათალიკოსმა მელქისედეკ I -მა ეკლესიაში გააკეთებინა კანკელი, რომელიც შედგება ოთხი მოჩუქურთმებული ფილისაგან, რომელზედაც რელიეფური გამოსახულებებია - ძველი აღთქმის სქემა, ჯვარცმა, წმიდა სიმეონ მესვეტე და მართა, წმიდა შიოსა და ევაგრეს შეხვედრა (მცხეთელი დიდებული, რომელიც წმიდა შიომ ბერად აღკვეცა). ეს რელიეფები შუა საუკუნეების ქართული სკულპტურის საუკეთესო ნიმუშთა რიცხვს განეკუთვნება (ინახება ხელოვნების მუზეუმში).
         ნათლისმცემლის ეკლესიის ჩრდილოეთით ღმრთისმშობლის მიძინების დიდი ტაძარია. ის 1103-23 წლებში ააშენა მეფე დავით აღმაშენებელმა, რომელიც განსაკუთრებით ზრუნავდა შიომღვიმის მონასტერზე და დიდძალი ქონებაც შესწირა მას. ტაძარი მთლიანად აგურით არის ნაშენი. თავიდან ის „ჩახაზული ჯვრის“ ტიპის გუმბათიანი ნაგებობა იყო. 1614-16 წლებს შორის, ირანელთა მიერ მონასტრის დარბევისას, ღმრთისმშობლის ეკლესია დაინგრა. 1678 წელს ის განაახლა გივი იოთამის ძე ამილახვარმა. შენობა აღადგინეს, როგორც სამნავიანი ბაზილიკა. 1722-26 წლებში ეკლესია კვლავ დაზიანდა ლეკების შემოსევების შედეგად. 1730-33 წლებში ხელახლა შეაკეთა გივი ანდუყაფარის ძე ამილახვარმა. 1890-იან წლებში ეკლესია განაახლა წმიდა ეპისკოპოსმა ალექსანდრე ოქროპირიძემ.
         მონასტერი წყლით მარაგდებოდა სოფ. სხალტბიდან. ცნობილია შიომღვიმე სხლატბის წყალსადენი, რომელიც ერთერთ გამორჩეული იყო იმ პერიოდში. საოფელ სხალტბაში კი იყო რამდენიმე ოჯახი რომელიც ემსახურებოდა ამ წყალსადენს.  
         მონასტრის მახლობლად, ჩრდილოეთით, სარკინეს (ახალტბის) ქედის შვეულ კალთებზე ასზე მეტი გამოქვაბულია, რომლებიც ბერების საცხოვრებელი და თავშესაფარი იყო.  
        შიომღვიმის მონასტრის შემოსასვლელი კარიბჭის მარჯვნივ არის წყარო („ცრემლის წყარო“), რომელიც იხსენიება წმიდა შიოს ცხოვრებაში. წყაროდან 300-იოდე მეტრის დაშორებით, გზის პირას, კონცხზე დგას პატარა სამლოცველო, რომელიც დაშენებულია წმიდა შიოს პირველი საცხოვრებელი გამოქვაბულის ნაშთზე. შენობა თითქმის მთლიანად ხელახლა არის აგებული XIX საუკუნეში.
         შიომღვიმე ძველი ქართული კულტურულ-მწიგნობრული კერაც იყო. აქ მოღვაწეობდნენ შიო მღვიმელი, ბასილ კარიჭის ძე (XI ს.), არსენ იყალთოელი, არსენ ბერი, გიორგი ხუცესმონაზონი (XIII-XIV სს.), თეოდოსი (1878-1881) და სხვა. შიომღვიმის უდიდესი წიგნთსაცავიდან მოღწეულია მრავალი ხელნაწერი. 1804 ცნობით, შიომღვიმის ბიბლიოთეკაში დაცული ყოფილა ხელნაწერთა მდიდარი ფონდი (10 ურემზე ძლივს დაეტეოდაო). შიოსავე სიცოცხლეში მონაზონთა რაოდენობა მონასტერში 25-დან 200-მდე გაიზარდა. 

        შიომღვიმე VI საუკუნიდან XII საუკუნის დასაწყისამდე კათოლიკოს-პატრიარქის უშუალო მფარველობაში იმყოფებოდა, დავით აღმაშენებელმა იგი სამეფო საკუთრებად აქცია. დაუწესა საგანგებო "ანდერძი"-ტიპიკონი (1123) და შესწირა დიდძალი უძრავ-მოძრავი ქონება. მონასტერმა მხარი დაუჭირა მეფეს ურჩ ფეოდალებთან ბრძოლაში. თბილისში მონასტერი ფლობდა სავაჭრო დუქნებს, საგანგებოდ აშენებდა გასაყიდ პირუტყვს. ჰქონდა სასამართლო (არასრული), საეპარქიო და სახელმწიფო გადასახადების შეუვალობის პრივილეგიები. მართვა-გამგეობის მხრივ მხოლოდ მეფე-პატრონის უზენაეს უფლებას ცნობდა, ეპარქიალურად მხოლოდ კათოლიკოს-პატრიარქს ექვემდებარებოდა.
         XIII-XVIII საუკუნეებში შიომღვიმის პოლიტიკური და ეკონომიური მდგომარეობა დაქვეითდა. XIV საუკუნის II ნახევარში ზედგენიძე-ამილახვართა საკუთრება გახდა (გიორგი VII-მ ერთგულობისათვის უბოძა ზევდგინიძე იოთამს (თაყას)). ამ დროიდან XIX საუკუნის I ათეულ წლებამდე შიომღვიმე ზედგინიძე-ამილახვართა საძვალე იყო. 1614-1616 წლების შაჰ-აბასის შემოსევების დროს შიომღვიმე ააოხრეს. 1678 აღადგინა გივი იოთამის ძე ამილახვარმა. ქართლში ოსმალთა ბატონობის (1723-1735) და ხშირი ლეკიანობის გამო 1726 წელს შიომღვიმე მთლიანად დაიცალა.
        1733 მონასტერში განახლდა ცხოვრება. ამ ეტაპზე ფართო სამშენებლო-აღდგენითი სამუშაოები შეასრულა გივი ანდუყაფარის ძე ამილახვარმა. მან აღადგინა მღვიმეზე დაშენებული ეგვტერი და დააკავშირა იგი ეკლესიის დასავლეთ მკლავთან. აგრეთვე ააშენა სამრეკლო თაყა ზედგენიძის ეგვტერის დასავლეთით. XIX ს-ში კარიბჭეს სამხრეთიდან მიუშენა პატარა მართკუთხა სათავსი.
         1735 შიომღვიმე ყიზილბაშებმა დაარბიეს და ბერები ერთიანად ამოხოცეს. XIV საუკუნიდან შიომღვიმის ყველა პრივილეგია გაუქმდა და გადავიდა მონასტრის პატრონის ხელში. ეპარქიალურად სამთავისის საეპისკოპოსოს დაექვემდებარა. სამთავნელ ეპისკოპოსს ზოგჯერ შიომღვიმის წინამძღვრის თანამდებობაც ეკავა. აღმოსავლეთ საქართველოს რუსეთთან შეერთების შემდეგ (1801) შიომღვიმე ფეოდალური სენიორიიდან შტატის დაწესებულებად იქცა. 1811-1822 ადმინისტრაციულად შეუერთეს ქვათახევის მონასტერს, 1822-1887 კი თბილისის ფერისცვალების მონასტერს. 1887-დან მიეცა დამოუკიდებელი ადმინისტრაციული-სასულიერო მმართველობა. XIX საუკუნის 90-იან წლებში ეპისკოპოს ალექსანდრე ოქროპირიძის ინიციატივითა და სახსრებით შიომღვიმე საფუძვლიანად განაახლეს. მონასტერი მოქმედებდა XX საუკუნის დასაწყისშიც. ამ ხანებში აქ სხვადასხვა შენობა აუგიათ. ამ დროსვე მოხატეს და "შეამკეს", არსებითად კი დაამახინჯეს შიოს ძველი ეკლესია.
          იოანე ნათლისმცემლისა და ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიები 1901 და 1903 წლებში მოხატა რუსმა მხატვარმა ნ. ანდრეევმა, ლეონიდე ეპისკოპოსის დაკვეთით. მხატვრობა ილუზორულ-აკადემიური ყაიდისაა.