ჯვრის მონასტერი
galerea
aRwera
მცხეთის ჯვარი ქართული ეროვნული ხუროთმოძღვრების განვითარების მწვერვალია. მიუხედავად იმისა, რომ ეს ტაძარი მცირე ზომისაა, იგი თავის გრანდიოზულობით მაინც აოცებს მნახველებს. აღსანიშნავია ტაძრის მდებარეობა, ეს ადგილი წარმოადგენს მტკვრისა და არაგვის შესაყარს. თუ დავუკვირდებით ეს ადგილი წარმოგვიდგება საქართველოს თითქმის ყველა კუთხის შეყრის ადგილად – სამხრეთ-დასავლეთიდან მდინარე მტკვარის და ჩრდილო-აღმოსავლეთიდან მდინარე არაგვი.
ტაძრის სახელწოდებას ისტორიული საფუძველი აქვს. ქრისტიანობის მიღების პირველი დღიდანვე ამ ტაძრის ადგილას წმ. ნინოს მითითებით და მირიან მეფის ბრძანებით დიდი ჯვარი ყოფილა აღმართული. მემატიანეთა გადმოცემით, ქართლის ერისმთავარმა გუარამმა VI ს-ის II-ნახევარში ხის ჯვარის ჩრდილოეთით ააშენა პატარა ეკლესია, რომელსაც მცირე ტაძარს ან მცირე ჯვარს უწოდებდნენ. ეკლესია როგორც გარედან ისე შიგნიდან მორთული ყოფილა. დასავლეთის კედელში ეხლაც შემორჩენილია ჯვრის გამოსახულება, რომელიც ამ მცირე ტაძრიდან არის. შენობის ქვეშ მოთავსებული ყოფილა საძვალე რის გამოც ეკლესია მოუთავსებიათ საგანგებო ბაქანზე. სწორედ ამიტომ ეკლესიას მიდგმული ჰქონია შვიდსაფეხურიანი კიბე.
VIს-ის ბოლოს, VII-საუკუნისის დასაწყისში ჩანს, რომ მცირე ეკლესია მომძლავრებული და ფესვებგამდგარი სარწმუნოების მოთხოვნილებებს ვეღარ აკმაყოფილებდა. ამიტომ გუარამის ძეს, ქართლის ერისმთავარს სტეფანოზ პირველს, პატარა ეკლესიის გვერდით დიდი ტაძარი აუგია. ახალ ტაძარს თარიღიანი წარწერა არ აქვს, მაგრამ წარწერებში მოხსენიებულ პირთა მიხედვით და სხვა ისტორიული საბუთების შეჯერებით მოხერხდა ტაძრის აგების თარიღის დადგენა 584-585 – 604-605 წ.წ.
ტაძარს ორი შესასვლელი აქვს: სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან. სამშენებლო ხელოვნების მაღალ დონეზე მეტყველებს ფასადების გაფორმების ნაირგვარი გადაწყვეტა. განსაკუთრებული ყურადღების ღირსია აღმოსავლეთის და სამხრეთის ფასადების მხატვრული გადაწყვეტა. ისინი შესანიშნავად წარმოგვიდგენენ რელიეფური ხელოვნების მაღალ დონეს VI-საუკუნის საქართველოში. რელიეფებზე შემორჩენილი ასომთავრული წარწერები ქართული დამწერლობის უძველეს ნიმუშებს წარმოადგენენ. აღსანიშნავია აგრეთვე სამხრეთის შესასვლელის რელიეფი, რომელიც ანგელოზთა მიერ ჯვრის ამაღლებას გამოსახავს. ეს თემა ქრისტიანულ ხელოვნებაშია გავრცელებული და საწყისს რომაულიდან იღებს.
გუმბათის ყელის სამხრეთ წახნაგზე გამოსახულია მუხლმოდრეკილი კაცის რელიეფური ფიგურა. შესაძლებელია, იგი ამ ტაძრის ხუროთმოძღვარი იყო. აღსანიშნავია ასევე საკურთხევლის სარკმლებს ზემოთ გამოსახული რელიეფი, რომელიც ტაძრის დამფუძნებელთა გამოსახულებაა. ცენტრში ქრისტეს წინაშე მუხლმოდრეკილი სტეფანოზია, რომლის ორივე მხარეს დგანან ძმები ადარნასე და დემეტრე მფარველი ანგელოზებით. ადარნესესთან გამოსახულია მისი შვილი ქობული.
ტაძრის ირგვლივ შემორჩენილი გალავნის ნანგრევები მიეკუთვნება XVII-XVIII საუკუნეებს და მას მონასტრის დაცვის ფუნქცია ენიჭებოდა. ტაძრის ზომებია: 22,3მ სიგრძე, სიგანე-19მ, ხოლო სიმაღლე კი 25მ-ია.
მცხეთის ჯვრიდან იშლება დიდებული სანახაობა–ქვემოთ საქართველოს ძველი დედაქალაქი მცხეთაა, სვეტიცხოვლისა და სამთავროს ტაძრებით, მარცხნივ ბაგინეთის ქედი, არმაზის ნაშთებით, მარჯვნივ მაღალ მთაზე კი ზედაზნის მონასტერი.
ჯვრის მონასტერი აგებულია ქართული ეროვნული ხუროთმოძღვრების პრინციპებზე და სრულად განსხვავებულია ბიზანტიური და სომხური არქიტექტურისაგან. იგი საქართველოს ადრე ფეოდალური არქიტექტურის მწვერვალია.