ბებრის ციხე


galerea



aRwera

      ბებრის ციხე მდებარეობს ქალაქ მცხეთის ჩრდილო ნაწილში. მდინარე არაგვის, მარჯვენა სანაპიროს კლდისთავზე. მას უძველეს დროს ერქვა ბელტა. ვახუშტი ბაგრატიონი მას ბელტისციხეს უწოდებს. ციხე-სიმაგრის საერთო ფართი დაახლოებით 1500 კვ.მ-ია შიდა ეზოსი კი 600 კვ-მეტრი. იგი კეტავდა არაგვის ხეობაში შემავალ გზას.  კედლები თითქმის თანაბარი ქვებითაა ნაშენი. ციხის მთავარი ნაწილი იყო ციტადელი, რომელსაც სამხრეთით ვრცელი სამკუთხა ეზო ეკვროდა, სამივე კუთხესა და გალავნის ბოლოში კოშკები იყო აღმართული. ბებრისციხის მიდამოებში აღმოჩენილია ანტიკური, ფეოდალური ხანის არქეოლოგიური ფენები.
       ბებრის ციხესთან დაკავშირებით არსებობს ასეთი ლეგენდა: ოდესღაც ეს მიწა ეკუთვნოდა ვინმე თავად სიმონს. მას აქ, ხეობის ვიწროში, სიმაგრე აუგია და შიგ გზის მცველი ჩაუყენებია. სიმონს ორი შვილი ჰყოლია, მარინე და მამუკა. მამის გარდაცვალების შემდეგ მამუკას დიდძალი გადასახადი დაუკისრებია ქვეშევრდომთათვის. მარინეს შებრალებია ისინი და მამუკასთვის უთხოვია მათი გადასახადებისგან გათავისუფლება. ძმას მარინე კოშკში გამოუმწყვდევია. ერთ დღეს, როდესაც ყმებისათვის წყალწყალა საჭმელი მზადდებოდა, გამოჩენილან ყვავები და ქვაბში ჩაცვენილან. ყმებს საჭმელი გადაუსხიათ, მამუკა გაბრაზებულა და გლეხებს დასაჭერად დასდევნებია. უეცრად ქვაბიდან გველები ამოცვენილან და მამუკას შემოხვევიან. სასოწარკვეთილი მამუკა ღმერთს შევედრებია: ,,ოღონდ მიხსენი და ეკლესიას აგიგებო’’. ამ ყველაფერს კოშკში დამალული მარინე ხედავდა. ისიც მხურვალედ ევედრებოდა ღმერთს. ღმერთს შეუსმენია მათი ვედრება. და-ძმას ეკლესიურად ცხოვრება დაუწყია. მარინე მონაზვნად აღკვეცილა, მამუკა კი ბერად შემდგარა. მაკრინე 70 წლის გარდაცვალებულა. დაკრძალვაზე თეთრწვერა მოხუცი მისულა. იგი თურმე მიცვალებულს შუბლზე ეამბორა და წარმოთქვა: ,,დაო ჩემო, ჩვენ შევასრულეთ ჩვენი აღთქმა“. ამ სიტყვების დასრულებისთანავე იქვე ჩაკეცილა და სული განუტევებია, ამიტომ ეწოდება ციხეს ,, ბებრის ციხე“
       როგორც ჩანს ციხეს ციხე-დარბაზის ფუნქციაც ჰქონდა, სწორედ ამ ციხეში გარდაიცვალა 1156 წელს დემეტრე I, რომელიც შემდეგ გელათში გადაასვენეს.
        2007-2008 წლებში ციხეზე ჩატარდა სარესტავრაციო სამუშაოები. 2010 წლის გაზაფხულზე ციხეს მეწყერმა დიდი ზიანი მიაყენა.