არჩილის მონასტერი (ნადოკრა)


galerea



aRwera

       არჩილის მონასტერი მდებარეობს სოფელ ნადოკრაში, ერწოს ქვაბულის დასავლეთ ნაწილში, თიანეთიდან 29 კმ -ზე. ნადოკრა ისტორიულ წყაროებში მოიხსენიება, როგორც ნოტოკრა, ნოკორნა, ნაკორნა, ნადოკრა. „ქართლის ცხოვრების" თანახმად, არაბებისგან წამებით მოკლული არჩილ სტეფანოზის ძის (719 – 745 წწ.) გვამი ქართველ აზნაურებს მოუპარავთ და დაუკრძალავთ ნოდოკრაში, არჩილ მეფის მიერვე აშენებულ ეკლესიაში. ნადოკრა საკათალიკოსო სოფელი იყო და სვეტიცხოვლის სასარგებლოდ გარკვეული სამოსაღები ეკისრებოდა. 1392 წელს მეფე ალექსანდრე II-მ სვეტიცხოველს განუახლა უფლებები. მეფე გიორგი VIII-მ (1446 – 1466 წწ.) 1457 წელს სვეტიცხოველს ახ. გუჯარით დაუმტკიცა ნადოკრის მფლობელობა.  XIX  საუკუნის შუა წლებში სოფელში  დასახლდნენ  ხევსურები.
       კომპლექსში შედის მიჯრით მდგარი  ორი დარბაზული ეკლესია და ხუთსართულიანი კოშკი, აგრეთვე, მარანი, საცხოვრებელი შენობისა გალავნის ნაშთები.  ნაგებობათაგან   ყველაზე ძველია დასავლეთით  მდგარი VIII საუკუნის ეკლესია, რომლის შიგნით მდებარეობს არჩილ სტეფანოზის ძის სამარხი. მოგვიანებით,  როგორც  ჩანს, განვითარებულ  შუა საუკუნეებში ეკლესიის  ჩრდილო - აღმოსავლეთით კუთხესთან აუგიათ  მეორე  ეკლესია ისე, რომ მისი სამხრეთ კედელი  თავდაპირველი ეკლესიის ჩრდილო კედლის ხაზზე მდებარეობს და სამხრეთ - დასავლეთ კუთხით თავდაპირველი  ეკლესიის ჩრდილო - აღმოსავლეთ კუთხეს ებჯინება.  XVII – XVIII  სს - ში თავდაპირველი ეკლესიის წინ აუგიათ კოშკი, რომელიც მთლიანად ფარავს თავდაპირველი ეკლესიის აღმოსავლეთის ფასადს, ხოლო მეორე ეკლესიის - სამხრეთის  ფასადის ნახევარზე მეტს.    ამავე  (XVII – XVIII  სს ) პერიოდს უნდა მიეკუთვნებოდეს მარანი, საცხოვრებელი ნაგებობა და გალავანი.
      თავდაპირველი ეკლესია გეგმით სწორკუთხაა ( 9X 6,8 მ ) შეიცავს ქრონოლოგიურად განსხვავებულ სამ საამშენებლო ფენას: თავდაპირველი ნაწილი, რომელიც დასავლეთის და ჩრდილოეთის ფასადებზეა შემორჩენილი, მოზრდილი ზომის რიყის ქვის ირეგულარულიწყობითაა ნაგები; მომდევნო ხანებში აღმოსავლეთისა და სამხრეთის ფასადები შირიმის სწორკუთხა  ფილებით შეუმოსავთ, ხოლო  უფრო გვიან კედლების ჩამოშლილი ნაწილები რიყის წვრილი ქვის წყობით აღუდგენიათ. შესასვლელი სამხრეთ   კედლის დასავლეთ ნაწილშია გაჭრილი.  ფასადები სადაა. აღმოსავლეთის ფასადი, რომელიც მთლიანად შირიმის სწორკუთხა ფილებითაა მოპირკეთებული, დაფარულია კოშკის კორპუსით. ფასადის მცირე ნაწილი, საკურთხევლის სარკმელთან ერთად, კოშკის მეორე სართულის ერთ-ერთი (დასავლეთ) ნიშის ზურგის კედელია.
      კოშკი - გეგმით კვადრატულია (6X6 მ.). ხუთსართულიანი. ნაგებია რიყის ქვით. თაღოვანი შესასვლელი სამხრეთიდანაა,  I სართულის დონეზე. სართულის ჩრდილოეთ კედელში გეგმით ნახევარწიული ბუხარია, მის ზემოთ - ნახევარ წრიულთაღოვანი ნიში. აღმოსავლეთ კედელში იატაკიდან 1,3 მეტრის სიმაღლეზე. ვიწრო (სიმაღლე 1 მ.) ხვრელია, რომელიც კედელში არსებულ II და III სართულებზე ასასვლელ კიბეს უკავშირდება. სართული გადახურულია   ნახევარცილინდრული კამარით. სართულს ხის კოჭებზე გამართული ბრტყელი გადახურვა ჰქონია. მსგავსად ყოფილა გადახურული კოშკის III და IV სართულებიც. III სართულის სამხრეთ კედლის შუაში ხის პატარა აივანზე გამავალი ფართო სწორკუთხა კარია, ხოლო აღმოსავლეთით - ერთი სწორკუთხა სარკმელია. IV სართულის კედლებში ექვსი სათოფურია: ორ-ორი სამხრეთითა და ჩრდილოეთითაა, ხოლო თითო - თითო აღმოსავლეთითაა და დასავლეთით. V სართულის სამხრეთ კედელში ხის აივანზე გასასვლელი კარია. დანარჩენ კედლებში კი - თითო სათოფური. სართული გადახურულია გუმბათოვანი კამარით, რომლის წრიული საფუძველი ოთხივე კუთხეში განლაგებული ტრომპებითაა შექმნილი.
       მარანი მდებარეობს ეზოს ჩრდილოეთ ნაწილში, II ეკლესიიდან 10 მ მანძილზე. ნაგებია რიყის ქვით. შედგება ორი თანაბარი ფართობისა (დაახლოებით 42-44 კვ. მ) და ერთმანეთთან დაკავშირებული სწორკუთხა ოთახისგან. მათგან ერთი, აღმოსავლეთით მდებარე, საწნახელია, ხოლო მეორე - ღვინის საცავი (შემორჩენილია რვა ქვევრი). საწნახელს შესასვლელი აღმოსავლეთიდან აქვს. ღვინის საცავი გეგმით კვადრატულია (შიდა ზომები: 6,68X 6,68 მ), გადახურულია გუმბათოვანი კამარით.
      საცხოვრებელი ნაგებობა თავდაპირველი ეკლესიის სამხრეთ - დასავლეთით ოციოდე მეტრის მანძილზეა. იგი მთლიანად დანგრეულია. შემორჩენილია საძირკველის ნაშთი და ბუხრის ნაწილი. კომპლექსი გარშემორტყმული ყოფილა მრუდხაზოვანი მოხაზულობის გალავნით, რომლის კვალი მხოლოდ აქა -იქ შემორჩა.

ინფორმაცია მოამზადა ანზორ მჭედლიშვილმა

ფოტოები  - ანზორ მჭედლიშვილის  და ლელა მარგიანის