ბოჭორმა


galerea



aRwera

      ბოჭორმის ციხე თიანეთის რაიონში, სოფელ ძელველიდან რამდენიმე კილომეტრში, ზღვის დონიდან დაახლოებით 900-1000 მ-ზე მდებარეობს. იგი წარმოადგენდა შუა საუკუნეების კახეთის ერთ-ერთ უდიდეს ციხეს და სწორედ ამ ციხის ნანგრევები დღეს ასწლოვანი ხშირი ხეებით არის დაფარული.
       ბოჭორმის ციხის წარმოშობის საკითხი ჯერჯერობით გაურკვეველია. პირველად იგი, როგორც ციხე-სიმაგრე X-საუკუნის დასაწყისში იხსენიება. შემდეგ საუკუნეებში მას ბევრი ცვლილება განუცდია და ძალიან დაზიანებული სახით მოუღწევია ჩვენამდე. XVIII-საუკუნის შუა ხანებში ერეკლე მეფეს ბოჭორმის ციხე “განუსრულებია”. ამჯამად არსებულ ნანგრევებს სწორედ ამ ეპოქის მშენებლობის კვალი ამჩნევია. ერეკლე მეფის დროს ამ ციხეში უამრავი მნიშვნელოვანი მოვლენა მომხდარა, მაგალითად, ერეკლე მეფემ აქ შეაფარა ანა დედოფალი, როდესაც იგი ებრძოდა მის ტახტის მემკვიდრეს აბდულა-ბეგს.
       როგორც ცნობილია, XVII_XVIII-საუკუნეების ციხეებსა და კოშკებსაც კი საკუთარი ზარბაზნები ჰქონიათ. ცხადია დიდ ციხეებს დიდი ზარბაზნები ჰქონიათ. ასე ყოფილა აღჭურვილი ბოჭორმის ციხეც. ღოდესაც ომან ხერხეულიძე, ისტორიკოსი, აღწერს ერეკლეს მეფობის პირველ წლებს და თბილისის აღებას, საკმაოდ საპატიო ადგილს უთმობს ბოჭორმისეულ ზარბაზანსაც, როგორც იგი წერს, სწორედ ამ ზარბაზნით აუღიათ მეტეხის ციხე. როგორც ჩანს ბოჭორმის ციხე XVIII-საუკუნის ბოლომდე მოქმედი ყოფილა, მაგრამ მისი ცხოვრების დეტალები ისტორიას არ შემოუნახავს.
        ციხის ძველი და ახალი კედლები მთის რელიეფს ისე მარჯვედ შემოუყვება, რომ მტერს გაუჭირდებოდა მიდგომა. შედარებით ადვილი მისადგომია ციხე აღმოსავლეთის მხრიდან. სწორედ ამ მხრიდან აქვს ციხეს შესასვლელი. ციხის შუაგულში დგას ექვსაფსიდიანი გუმბათოვანი ეკლესია, რომლის მრავალწახნაგა ფასადებს გარედან კარგი პროპორციები აქვს. ეკლესიის კედლები შიგნიდან და გარედან თლილი ქვით ყოფილა მოპირკეთებული. მოგვიანებით ინტერიერის კედლები ფრესკული მხატვრობით დაუფარავთ. ეკლესია თარიღდება X - საუკუნით. იგი წმინდა გიორგის სახელობისაა და ამჯამადაც გიორგობის დღესასწაულზე უამრავი ადამიანი იყრის აქ თავს. ხალხში არსებობს ასეთი რწმენა, რომ უშვილო ოჯახები ეკლესიაში ტოვებენ აკვნებს, ქვევრებს, თოჯინებს, ხოლო წმინდა გიორგი კი მათ შეეწევა და აჩუქებს შვილებს.
        შიდა ციხის სამხრეთ ნაწილში შემორჩენილია სამეფო სასახლის ნანგრევებიც, რომელიც სავარაუდოა რომ ყოფილიყო ორსართულიანი. ადრეულ საუკუნეებს მიეკუთვნება კოშკი, რომელიც წვეტიან მაღალ გორაკზე დგას, აქედან კარგად ჩანს ირგვლივ მდებარე ხეობები. ციხის ყველაზე მაღალ ადგილას მდგარ კოშკს “მეფის დარბაზი” ეწოდება. იგი ახლაც თავისი შეხედულებით მიუდგომელი სიმაგრის შთაბეჭდილებას ტოვებს და სამსართულიან კოშკურ სახლს წარმოადგენს.
        ამრიგად ბოჭორმის ციხე წარმოადგენს საკმაოდ საინტერესო არქიტექტურულ და ისტორიულ ძეგლს, რომელიც საკმაოდ დიდ ფუნქციას ასრულებდა კახეთის დაცვის და საქართველოს ერთიანობისათვის.