ანანური
galerea
aRwera
ანანურის კომპლექსი მდებარეობს დუშეთის რაიონში, მდინარე არაგვის ხეობაში, ჟინვალის წყალსაცავის ნაპირას.
საქართველოს გვიანფეოდალური ხანის ძეგლებიდან ხელოვნების საუკეთესო ნიმუშს წარმოადგენს ანანურის ხუროთმოძღვრული ანსამბლი. მასში თავმოყრილია, როგორც სამხედრო, საკულტო, ისე საერო დანიშნულების ნაგებობები. საქართველოს ტერტორიაზე ძნელია მოიძებნოს ასე ერთად თავმოყრილი და შედარებით კარგად დაცული ძეგლი.
ანანური ძლიერ ფეოდალთა – არაგვის ერისთავთა ციხესიმაგრე იყო. აქ იყო არაგვის საერისთავოს კვანძი, სადაც თავს იყრიდა: ერთი მხრივ – ჩრდილოეთიდან, თერგისა და არაგვის ხეობებით და მეორე მხრივ - ქართლის შიდა ტერიტორიიდან დუშეთის გამოვლით მომავალი მთავარი გზები. ადრეული პერიოდის ნაგებობათა კვალი არ ჩანს. ამ ადგილის, როგორც სტრატეგიული პუნქტის, მნიშვნელობა გაზრდილა ერთიანი საქართველოს სამეფოს დაშლის შემდეგ. არაგვის საერისთავო XIV-საუკუნეში უკვე ჩამოყალიბებული იყო. ცენტრალური ხელისუფლების დასუსტებამ გამოიწვია ცალკეულ ფეოდალთა გაძლიერება. რაგვის ერისთავები განსაკუთრებით აქტიურდებიან XVII-საუკუნესა და XVIII_საუკუნის I ნახევარში. ისინი უკვე არამარტო მეზობელ სამთავროებს ებრძვიან, არამედ მეფეთა დასმა_ჩამოგდებაშიც არავის უთმობენ პირველობას და ერთმანეთსაც კი არ ინდობენ.
არაგვის ერისთავთა არსებობა ცენტრალურ ხელისუფალთათვის აუტანელი იყო, მაგრამ იგი მათ მოსპობასაც ვერ ახერხებდა, ვიდრე თეიმურაზ II-მ არ ისარგებლა შემთხვევით და გააუქმა საერისთავო 1743-წელს, როდესაც ერისთავი მისმა განაწამებმა ყმებმა მოკლეს.
ანანურში მომხდარი ამბებიდან საინტერესოა 11739-წლის ტრაგედია, როდესაც დაუდეგარი შანშე ქსნის ერისთავი რუსეთში იყო წასული, არაგვის ერისთავებს მისი ცოლი ყიზილბაშებისათვის მიუგვრიათ. რუსეთიდან დაბრუნებულ შანშეს ოჯახის შეურაცხმყოფელნი სასტიკად დაუსჯია. საკუთარი და ლეკთაგან დაქირავებული ჯარით მისდგომია ანანურის ციხეს, სადაც გამაგრებული ყოფილა ერისთავი ბარძიმი ძმასთან ერთად. ბრძოლის შედეგად უამრავი ლეკი და ქართველი დახოცილა. მოალყეებს ვერაფერი გაუწყვიათ და ბოლოს გადაუჭრიათ წყალსადენი. ზაფხული ყოფილა, ციხეში მყოფთ მეტად გასჭირვებიათ და იძულებულნი გამხდარან ფიცით დანებებულიყვნენ. ბარძიმ ერისთავი ჩაბარდა, მაგრამ ერისთავის შვილი ერთურთი არ დანებებია და ერთ-ერთ კოშკში, რომელსაც “შეუპოვარს” ეძახდნენ, გამაგრებულა. ქსნელებმა ფიცი დაარღვიეს და ბარძიმი მოკლეს. დაუხოციათ მისი ოჯახის სხვა წევრებიც. შემდეგ შესევიან ციხეს, აუკლიათ მონასტერი. “შეუპოვარ” კოშკისათვის ცეცხლი წაუკიდებიათ და ურთურთი შიგ გამოუწვიათ.
არაგველებისათვის ისე უმოქმედია ამ შემთხვევას, რომ უზარმაზარი შვიდსართულიანი კოშკი ამოუქოლიათ და დამწვართა სამარხად უქცევიათ. მხოლოდ ორასი წლის შემდეგ 1939 წელს გახსნეს არქეოლოგებმა. მათ საშინელი სურათი წარმოუდგათ თვალწინ, ნახაძრალი სავსე იყო დიდებისა და ბავშვების დამწვარი ძვლებით, იარაღით და სხვადასხვა საოჯახო ნივთებით.
შემდგომ წლებში ანანურის ციხეს დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა მიენიჭა. აქ იყო განლაგებული რუსი გენერალი ტოტლებენი მთელი თავისი არტილერიით, როდესაც მას ერეკლე მეფის ტახტიდან ჩამოგდება ჰქონდა განზრახული. ანანურის ციხე-სიმაგრის დიდ სტრატეგიულ მნიშვნელობაზე მეტყველებს ის, რომ 1791-წელს ერეკლეს მიერ თავის ძეთათავის დაწერილ განწესებაში ჩამოთვლილია შვიდი მთავარი ციხე, მათ შორისაა ანანურიც. ასევე ყველასთვისაა ცნობილი რომ კრწანისის ბრძოლაში დამარცხებულმა მეფე ერეკლემ სწორედ ანანურს შეაფარა თავი.
ციტადელის შიგნით, ცენტრში, დგას პირამიდული ტიპის კოშკი, რომელიც ოთხსართულიანია. ორიგინალურია კოშკის სახურავი, რომელსაც პირამიდის ფორმა აქვს. ასეთი სახურავები დამახასიათებელია მთიანი საქართველოსათვის. ანანურის ციხის ციტადელში არის მცირე გუმბათოვანი ეკლესია “ღვთაება”. ეკლესიისთვის დამახასიათებელია თორმეტი სარკმელი, რომელიც ანათებს ეკლესიას.
ანანურის ანსამბლში დომინანტობს ღვთისმშობლის სახელობის, დიდი გუმბათოვანი ეკლესია, რომელიც შუა საუკუნეებში გავრცელებულ ცენტრალურ-გუმბათოვან ტიპს მიეკუთვნება. ეკლესიას გააჩნია შესასვლელები სამხრეთიდან და დასავლეთიდან. განათება ხდება კედლებში განლაგებული რვა და გუმბათის თექვსმეტი სარკმელით. სარკმლების ასეთი სიმრავლე აუცილებელი იყო ფრესკებით მოხატული ეკლესიის გასანათებლად. სამწუხაროდ ამჯამად მხატვრობა საკმაოდ დაზიანებულია. კარგადაა გადაწყვეტილი ტაძრის გარე მასები. კარ-ფანჯრებს გარს შემოუყვება ჩუქურთმიანი რელიეფური კომპოზიციები. განსაკუთრებით ამ მხრივ გამოირჩევა სამხრეთის ფასადი.
ანანურის ციხის ციტადელი უკეთაა შენახული. ამ გრძელ ნაგებობაში რამდენიმე კოშკია ჩართული; მათგან მხოლოდ სამხრეთი და დასავლეთი ცენტრალური კოშკებია ოთხკუთხა, ხოლო დანარჩენები კი ცილინდრული ფორმისაა. ციხის კედლები თავდაპირველად 5-6 მეტრს არ აღემატებოდა, მაგრამ შემდგომში მას დამატებული აქვს 2-3 მეტრი. ციტადელის ყველა კოშკი საბრძოლოა, მაგრამ აღჭურვილია საცხოვრებელი ელემენტებით. ციხის ყველაზე დიდი და გამორჩეული კოშკია “შეუპოვარი”. იგი შვიდსართულიანია და აღჭურვილი იყო სათოფეებით, საზარბაზნეებით და ლოდსატყორცნებით. ანანურის ციხეს გააჩნდა თავისი წყალსადენი, წყალი შემოჰყავდათ დასავლეთის კედლიდან და გროვდებოდა წყალსაცავებში.
ამრიგად ანანურის ხუროთმოძღვრული კომპლექსი ისტორიულად საკმაოდ მნიშვნელოვან და სტრატეგიულ პუნქტს წარმოადგენდა. ამჟამად კი ერთ-ერთი ყველაზე კარგად შემონახული ისტორიულ-კულტურული ძეგლია.