სებასტოპოლი – ცხუმი


galerea



aRwera

        სოხუმის გეგმაზომიერი არქეოლოგიური შესწავლა 50-იანი წლებიდან დაიწყო. 1987-1990 წლებში სოხუმის ე.წ. “თურქული ციხის” ტერიტორიაზე მ. გუნბას მიერ ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების დროს გამოვლინდა ეკლესიის ნაშთი, რომლის გეგმა სრულად არ იკითხება. ესაა სამნავიანი ეკლესია ხუთწახნაგოვანი აფსიდით. აფსიდის ირგვლივ, ასიმეტრიულად, ოთხკუთხა ბოძებია (8) გამართული (М. Гунба). მოპირკეთებაში გამოყენებულია opus sectile-ის წყობა, პროკონესული მარმარილოს პატარა ფილებისა და აგურების მონაცვლეობით (L. Khrushkova). საყურადღებოა, რომ ეკლესიის გათხრებისას აღმოჩნდა კრამიტის ფრაგმენტი ლეგიონერთა ვექსილაციით XV Legio Apollinaris და საფლავის ქვა ბერძნული წარწერით: “აქ განისვენებს ჯარისკაცი-ლეგიონერი ორესტი, რომლის მოსაგონრადაც აღვმართეთ ეს ეკლესია” (А. Габелия, В. Вертоградова). აქვე გაითხარა ოთხი აგურით ნაგები ქრისტიანული სამარხი. სავარაუდოდ, ეკლესია VI ს. აგებული.
      სოხუმის ციხეზე გამოვლენილია აგრეთვე ქრისტიანული სიმბოლოებით (ქრიზმა, ჯვარი) შემკული კერამიკული ნაწარმი. ფენა იუსტინიანეს დროინდელი 544-545 წწ-ში მოჭრილი ბრინჯაოს მონეტით თარიღდება. ამავე ფენაში აღმოჩნდა ანასტასიუს I (491-518 წწ.) და იუსტინიანე II (565-578 წწ.) კონსტანტინოპოლში მოჭრილი ბრინჯაოს მონეტა, იუსტინიანე II და სოფიას (574-5 წწ.) მიერ თესალონიკში მოჭრილი ბრინჯაოს მონეტა და კაბადოკიის კესარიაში მოჭრილი მონეტა არა უგვიანეს III ს-სა (М. Гунба, Л. Хрушкова).
       VI საუკუნის 40-იანი წლებიდან, ბიჭვინთა, როგორც ქრისტიანული ცენტრი, კარგავს თავის პირველობას. როგორც ჩანს, სწორედ ამ დროს დაწინაურდა სებასტოპოლისი, როგორც საეკლესიო ცენტრი, რომელიც VII ს. საეკლესიო ნუსხაში მოხსენებულია, როგორც სებასტოპოლის საეპისკოპოსო, შემდეგ კი ავტოკეფალური საარქიეპისკოპოსო. სებასტოპოლისის დაწინურება მისი გეოგრაფიული მდებარეობით იყო განპირობებული. სებასტოპოლისიდან გზა კოდორის ხეობით გადიოდა ჩრდილოეთ კავკასიაში (ს. ჯანაშია). როგორც ჩანს, ამ გზამ დიდი როლი ითამაშა, განსაკუთრებით VI საუკუნიდან, სებასტოპოლისის დაწინაურებაში, რადგან ე.წ. “აბრეშუმის გზის” ჩრდილოეთით გადანაცვლების შემდეგ ვაჭრები ჩრდილოეთი კავკასიიდან შავ ზღვაზე მდ. კოდორით გადიოდნენ და აქ მთავარი ნავსადგური სებასტოპოლისი იყო.

 

ინფორმაცია მოამზადა გოგა კირთაძემ