ილორის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესია


galerea



aRwera

        ილორის წმ. გიორგის ეკლესია, XI საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლია, რომელიც აგებულია სოფ. ილორის შუაგულში და დასავლეთ საქართველოს უმნიშვნელოვანეს სალოცავს წარმოადგენდა. პროპორციათა მოხდენილობითა და შესრულების ტექნიკური დონით იგი ექცევა ნაგებობათა იმ წრეში, რომელშიც ჩანს შუა საუკუნეების საქართველოს წამყვანი რეგიონების მხატვრული მისწრაფებანი.
         ილორის ეკლესია აფსიდით დასრულებული ერთნავიანი ნაგებობაა, რომელსაც ჩრდილოეთიდან, სამხრეთიდან და დასავლეთიდან სხვადასხვა ხანის მინაშენები აქვს. აღმოსავლეთ ფასადზე შემონახულია ძველი ქართული წარწერებიანი 5 ქვა, რომლებიც ასევე XI საუკუნის I მეოთხედით თარიღდება. XVII საუკუნეში ილორის ეკლესია ლევან II დადიანმა შეაკეთა. 1736 წელს დაწვეს თურქებმა. აღადგინეს ოდიშის მთავრებმა. ძეგლი საფუძვლიანად შეაკეთეს XIX საუკუნის 40-იან წლებში.

          სოფელი ილორი (აფხ. Елыр), ოჩამჩირის რაიონში, აფხაზეთი. მდებარეობს შავი ზღვის პირას, ოჩამჩირესთან სიახლოვეს. სოფლის მოსახლეობა 1989 წელს შეადგენდა 2099 ადამიანს და ძირითადად ქართველებით იყო დასახლებული.
          ეს მიდამო პირველად ისტორიული წყაროებში ნახსენებია XI საუკუნეში. შუა საუკუნეებში ილორი სამეგრელოს სამთავროს ნაწილი იყო. ამ სოფელში მდებარეობს დასავლეთ საქართველოს შუა საუკუნეების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი არქიტექტურული ძეგლი - ილორის წმინდა გიორგის ეკლესია, რომელიც XI საუკუნის პირველ მეოთხედშია აგებული.
          1886 წელს მეფის რუსეთის მიერ ჩატარებული აღწერის მონაცემებით ილორში ცხოვრობდა 1120 მართლმადიდებელი ქრისტიანი და 6 სუნიტი მაჰმადიანი. ილორში ორი თავადი, 136 აზნაური, 6 სასულიერო პირი და 982 გლეხი სახლობდა. XIX საუკუნის აღწერებში ილორის მოსახლეობა მიკუთვნებულია ეთნიკურ სამურზაყანოელებს, თუმცა ტერიტორიულად ეს ადგილი სამურზაყანოს არ ეკუთვნოდა. 1926 წლის აღწერით მოსახლეობის ნახევარი აფხაზად ჩაეწერა, დანარჩენი ქართველად. ამავე დროს მცხოვრებთა მხოლოდ 5,6%-მა დაასახელა მშობლიურ ენად აფხაზური, 91,1% მთავარ ენად მეგრული აღნიშნა. შემდგომში ილორის თითქმის მთელი მოსახლეობა ქართველად მოიხსენებს თავს. 1992-93 წლების კონფლიქტის შედეგად სოფელი ილორი თითქმის მთლიანად განადგურდა (განადგურებულია 350 საცხოვრებელი სახლი) და გაუკაცრიელდა.

 

ინფორმაცია მოამზადა გოგა კირთაძემ