ოჩამჩირე - გიენოსი


galerea



aRwera

       ოჩამჩირე, ანტიკური წყაროების გიენოსი (მდებარეობს ქ. სოხუმიდან 55 კმ სამხრეთით მდინარეებს აძიკვარასა და ღალიძგას შორის) შავიზღვისპირეთის უძველეს ქალაქთა რიცხვს განეკუთვნება. ეს პუნქტი უკვე ძვ. წ. III ათასწლეულის II ნახევრიდანაა დასახლებული. მას, როგორც “ელინურ ქალაქს” იხსენიებს ფსევდო სკილაქსი. მისი დაარსება აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში ბერძნული ახალშენების გაჩენას უკავშირდება და უნდა მომხდარიყო არაუგვიანეს ძვ. წ. VI საუკუნისა (С. Шамба, Г. Шамба). ცხოვრება აქ გვიან ანტიკურ ხანაშიც გრძელდება. ადრებიზანტიურ ხანაში ნაქალაქარის აღმოსავლეთ ბორცვზე იგება დარბაზული ტიპის ეკლესია ნახევარწრიული აფსიდით, რომლის ნაოსი მინაშენებითაა გართულებული, შედეგად ეკლესიას გეგმაში ჯვრის ფორმა აქვს, რითაც იგი კაბადოკიის “croix libre” ტიპის ძეგლებს უახლოვდება (Buzluk, Çanlikilise, VI ს. დასაწყისი). დასავლეთით ეკვრის ნართექსი. ეკლესია, ნართექსის გარდა, აგურით, ნართექსი კი ნაწილობრივ opus mixtum-ის ტექნიკითაა ნაგები. ეკლესიის თანადროული არქეოლოგიური მასალაა: დიდი ოდენობით გამოვლენილი სამშენებლო აგური, რომელზეც ხშირია გამოწვამდე თითით დატანილი სხვადასხვა ასო-ნიშნების, ირიბი ჯვრების თუ ოვალური წრეების გამოსახულება; მინის
       ჭურჭლის ფრაგმენტები (ნ. სოროკინას მიხედვით IV-V სს.); სარკმლის მინა; წელშეზნექილი ამფორისა და კრამიტის ფრაგმენტები; ოქროს ჯვარი; თეთრი მარმარილოს სვეტისა და ადგილობრივი მუქი კირქვისგან დამზადებული კანკელის ფრაგმენტები. ეკლესიის ყველა ნაწილში, აფსიდის გამოკლებით, გაითხარა 14 ქრისტიანული სამარხი. აფსიდის გარეთ კი 8 სამარხი. ისინი ძირითადად აგურითაა ნაგები. მსგავსი ტიპის თიხის ფილასამარხები ჩვენთვის ცნობილია მცხეთაში და მის მიდამოებში (სამთავროს სამაროვანი, კოდმანი, კარსნისხევი, არმაზისხევი), აღაიანსა და ხოვლეში, რომლებიც II ს-ის მეორე ნახევარი - IV სს-ებით თარიღდება (Т. Бибилури; გ. მანჯგალაძე). არსებული მასალების შეჯერების საფუძველზე გიენოსის ეკლესია V ს-ის ბოლო - VI ს-ის დასაწყისით თარიღდება.

 

ინფორმაცია მოამზადა გოგა კირთაძემ