ბედიის მონასტერი
galerea
aRwera
ისტორიული ცნობების თანახმად, ბედიის კომპლექსი X საუკუნის მიწურულს ააგო გაერთიანებული საქართველოს პირველმა მეფემ ბაგრატ III ბაგრატიონმა და "შექმნა საყდრად საეპისკოპოსოდ".
ბედიის სამონასტრო კომპლექსი აღმართულია ოჩამჩირიდან 25 კმ-ის დაშორებით. სოფელ ბედიის ცენტრში. იგი ქართული ხუროთმოძღვრების ულამაზესი ნიმუშია. მასში დღეისთვის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი, საეპისკოპოსო პალატა და სამრეკლოს ნაწილი შედის.
სამონასტრო კომპლექსის მთავარ ნაგებობას წარმოადგენს ეზოს ცენტრში აგებული ბედიის ღმრთისმშობლის სახელობის ტაძარი, მისგან დასავლეთით შერჩენილია ბედიელ მიტროპოლიტთა ორსართულიანი სასახლე.
ტაძარი მნიშვნელოვნად გადაკეთებულია XIII-XIV საუკუნეთა მიჯნისა და XV საუკუნეში. სამრეკლო XII-XIV საუკუნეების ნაგებობას წარმოადგენს, ხოლო საეპისკოპოსო პალატა აშენდა XV საუკუნეში ბედიელი მიტროპოლიტის - ანტონ ჟუანისძე-ს მიერ. ტაძრის ინტერიერში შემორჩენილია ფრესკული მხატვრობის სამი ფენა, რომელიც X-XI, XIII-XIV და XVI-XVII საკუნეებით თარიღდება. ბედიის საეპისკოპოსო საუკუნეების მანძილზე შუა საუკუნეების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საეკლესიო და კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრს წარმოადგენდა.
დავით აღმაშენებელმა საქართველოსა და ქართული ეკლესიის ერთიანობის სიმბოლოდ ბედიელ მთავარეპისკოპოსს სამეონს ბედიელ-ალავერდელის საპატიო წოდება მიანიჭა, რითაც აღმოსავლეთ-ქართული და დასავლეთ-ქართული უძლიერესი სალოცავების ერთიანობას გაუსვა ხაზი.
მთავარეპისკოპოსმა ანტონ ჟუანისძემ ბედიის სამონასტრო კომპლექსში შექმნა შესანიშნავი წიგნთსაცავი, სადაც მიმდინარეობდა ძველ ხელნაწერთა განახლება-რესტავრაცია, საღვთისმეტყველო წიგნების თარგმნა და წიგნსაცავის შევსება ახალი ხელნაწერებით. ბედიის სამონასტრო კომპლექსი წარმოადგენს საქართველოს ერთიანობისა და განუყოფლობის სიმბოლოს. აქ დასაფლავებულია გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფე ბაგრატ III და დედამისი-დედოფალი გურანდუხტი.
გადარჩენილი ორნამენტული ფრაგმენტების მიხედვით იგი თავდაპირველად X-XI საუკუნეების მიჯნაზეა აგებული. ახლანდელი ნაგებობა XIII-XIV საუკუნეებს განეკუთვნება. ტაძარი გეგმით წაგრძელებული სწორკუთხედია სამი შესასვლელითა და ვიწრო გვერდის ნავებით. გუმბათი დაყრდნობილია ორ ბურჯსა და საკურთხევლის კედლების კუთხეებზე. აღმოსავლეთ ფასადზე ორი მცირე ნიშია. ფასადები კარგად გათლილი ქვითაა მოპირკეთებული. შიგნით წყობა უხეშია, ეტყობა, იმთავითვე იყო კედლების მოხატვა გათვალისწინებული. ტაძრის კედლებზე შემორჩენილია მოხატულობის ფრაგმენტები. სამხრეთი კედლის აღმოსავლეთ ნაწილში გამოსახულია ქტიტორი - ბაგრატ III (ეკლესიის მოდელით ხელში) და დადიანთა გვარის წარმომადგენლები, ალბათ, ადგილობრივი ფეოდალის ოჯახი. მოხატულობა სხვადასხვა ქრონოლოგიურ ფენას განეკუთვნება - XIII-XIV საუკუნეებს და უფრო გვიანდელ ხანას (ზოგი მკვლევრის აზრით, XI საუკუნის ფენაც შეინიშნება), მონასტრის დასავლეთ მხარეს საკმაოდ დიდი სასახლეა, ხოლო ჩრდილოეთი შესასვლელი კარის თავზე XIV საუკუნის სამრეკლო.
ინფორმაცია მოამზადა გოგა კირთაძემ