დრანდის ტაძარი
galerea
aRwera
დრანდის ტაძარი მდებარეობს ქ. სოხუმიდან 18 კმ სამხრეთ-აღმოსავლეთით, მდ. კოდორის მარჯვენა სანაპიროზე, შემაღლებულ პლატოზე, სოფელ დრანდაში. ძეგლი ჯვარ-გუმბათოვან ნაგებობას წარმოადგენს. კონსტრუქციის ბირთვს გუმბათი და მისი მზიდი კედლები ქმნიან. ტაძრის აღმოსავლეთ ნაწილში მოთავსებულია სამსხვერპლო და სადიაკვნო შიგნიდან ნახევარწრიული და გარედან სამწახნაგოვანი აფსიდით. ჯვრის აღმოსავლეთი მკლავი შიგნიდან ნახევარწრიულ, გარედან ხუთწახნაგოვან აფსიდას წარმოადგენს. სამშენებლო მასალად ძირითადად აგურია გამოყენებული, პერიფერიული და ზოგი სხვა კედლები კი აგურისა და რიყის ქვის რიგების მონაცვლეობითაა ნაგები (ვ. ცინცაძე)
დრანდის გუმბათის ყელის საძირკველსა და ყრუ გუმბათს შორის სივრცე ამოვსებული იყო 30-მდე მთელი ამფორით. მსგავსი მეთოდი გამოყენებულია განთიადის ბაზილიკის ბემის კამარასა და კონქაში. დრანდაში 7 ტიპის ამფორაა წარმოდგენილი. უმრავლესობას წელშეზნექილი ამფორები (IV-VI სს.) ქმნიან. დრანდის ტაძარში გამოვლენილი ამფორები იმდროინდელ ხმელთაშუა და შავიზღვისპირეთში საკმაოდ გავრცელებულ კერამიკულ ტარას წარმოადგენენ, მათი ქრონოლოგიური ჩარჩო IV-VII სს-ებს შორის თავსდება. გამოვლენილი ამფორების შუქზე კარგად ვლინდება ის სავაჭრო-ეკონომიკური კონტაქტები, რომელიც დასავლეთ საქართველოს, ხმელთაშუა და შავიზღვისპირეთის სახელმწიფოებს შორის უნდა არსებულიყო აღნიშნულ პერიოდში. დრანდის ტაძრის თარიღი ამფორათა ანალიზზე დაყრდნობით და მცხეთის ჯვრის თარიღის გათვალისწინებით VI ს-ის ბოლო VII ს. დასაწყისით უნდა განისაზღვროს.
ინფორმაცია მოამზადა გოგა კირთაძემ