ამბარას სამეკლესიიანი ბაზილიკა
galerea
aRwera
საქართველოს ქრისტიანულ საკულტო ნაგებობათა შორის ერთი მნიშვნელოვან ძეგლთაგანია. მიუსერის ეკლესია (VII –VIII სს), მდებარეობს საქართველოს ჩრდილო - დასავლეთ რეგიონში, გუდაუთის რაიონის სოფელ მიუსერაში. მასიური ტაძრის კამარა ჩაქცეულია, ნაწილობრივ პერანგშემოძარეცვულიც, მაგრამ ჩვენამდე თითქმის პირვანდელი სახითაა მოღწეული და მისი შიდა სივრცე კვლავაც შთამბეჭდავია. ტაძარი წარმოადგენს დიდ, ე. წ. ,,სამეკლესიანი ბაზილიკის" ტიპის ნაგებობას, რომლის დასავლეთ კედელი სამთაღედითაა გახსნილი და გადის პატრონიკეში. ტაძრის კედლები, საკურთხეველი და შიდა სივრცე, 1992-1993 წლების ომამდე, შედარებით კარგად იყო შემონახული.
ამბარის ეკლესიის შესახებ საინტერესო ცნობას გვაწვდის ვ. ლევინტასი: ამბარის ეკლესიას აქვს შთამბეჭდავი ზომები: სიგრძე - 20 მეტრი და სიგანე - 15 მერტი. ადგილობრივების მონათხრობით ადრე ტაძრიდან ზღვის სანაპირომდე გადიოდა მიწისქვეშა გვირაბი, რომელიც გასულ საუკუნის, 30-იან წლებში ამოივსო. გვირაბის მეშვეობით, საშიშროების შემთხვევაში შესაძლებელი იყო ჩასვლა და ნავების დახმარებით მდინარე მისრას ხეობაში მიმალვა. 1962 წელს სპეციალური სამეცნიერო - სარესტავრაციო ექსპედიციის მიერ მოხდა ტაძრის გასუფთავება. ძეგლი თანდათან ინგრევა, ხის ფესვები, წვიმა ქარი განაგრძობს დამანგრეველ გავლენას.
მიუსერის ეკლესიის როგორც ქართული საეკლესიო არქიტექტურის განუყოფელი ნაწილის და მის განსაკუთრებული მნიშვნელობაზე შემდეგი დაკვირვება აქვს დიმიტრი თუმანიშვილს: ,,ეს, ალბათ, აფხაზეთის ერთი ყველაზე შთამბეჭდავ ეკლესიათაგანია. ეს ტაძარი მოზრდილი, თლილი ფოროვანი ქვითაა მოპირკეთებული. შუაში აქ განიერი, ხალვათი დარბაზია, კედლის ნაშვერებზე ჩამოყრდნობილი (ახლა-ჩამოქცეული) კამარით; დასავლეთი კედლის გაყოლებაზე ნართექსია, მეორე სართულზე შუანა ,,ეკლასიისკენ’’ თაღოვანი ღიობებით გამავალი პატრონიკეთი. ჩრდილოეთი ფრთა ერთიან, წაგრძელებულ აფსიდიან სადგმოს წარმოადგენს, სამხრეთისა კი აღმოსავლეთით პატარა ოთახისა, დასავლეთით კი გარეთკენ სამთაღედით გახსნილი კარიბჭე - ეგვტერისგან (ორთავ აფსიდიანია) შედგება. ნაგებობის კომპონენტთა თვით შეფარდებაც, შუა ,,ეკლესიის“ მკვეთრი მეტობა გვერდითებთან შედარებით მოგვიანო, VIII-IX საუკუნეების არქიტექტურასთან კავშირს გვიჩვენებს. სწორედ ამ დროისთვისაა ნიშნეული პატრონიკის გადაწყვეტა, თანაც, იმის მაუწყებელი, რომ ამბარას ხუროთმოძღვარს კახეთის ტაძრები სცნობია - პატრონიკის სამ თაღთან შუას გასწვრივ გურჯაანის ყველაწმინდის (VIII ს.) ეკლესიის პატრონიკის მსგავსად, კიდევ ერთი, ,,არაფუნქციური‘’ თაღია მოწყობილი, კიდევ ერთი, არარსებული სართულის მიმანიშნი თითქოს და კედლის შემამსუბუქებელიც. შუა ,,ეკლესიის’’ გვერდითი კედლები პილასტრებითაა დანაწევრებული, დამატებით კი სარკმლებს შემოყოლებული ბრტყელი თაღებითაც არის ,,დაძერწილი“ და ამდენად ის ხაზგასმით პლასტიკურია. სარკმლის ასეთი მორთულობის მაგალითიც აღმოსავლეთ საქართველოში, ამჯერად - ქართლში, ბიეთის ნახევრად გამოქვაბულ, ეკლესიაში (IX ს.) ვიცით. ამათთან ერთობაში აღმოსავლეთ ქართული გამოცდილების გაზიარების მაჩვენებელია სამხრეთი თაღოვანი კარიბჭეც - ლიხს გადმოღმა ხომ ასეთი მრავალთაღებადი VI საუკუნიდან შენდება. დაბეჯითებით უნდა ითქვას ისიც, რომ მთლიანობაში ამბარას ეკლესია აქეთ - იქიდან მოტანილი ელემენტებით კი არაა შეკოწიწებული, სხვადასხვა ადგილას შემუშავებული ხერხებს დაუფლებული, საზოგადო მიმართულებით მავალი, მაგრამ შემოქმედებითად მაძიებელი ხელოვანის სავსებით თავისებური და თავისთავადი ქმნილებაა. ამ კუთხით ნიშანდობლივია, რომ ამბარაში ნართექსს ვხედავთ (ასევეა- აბაანთაშიც) რაც მეტად იშვიათია აღმოსავლეთ საქართველოში, სადაც ადრიდანვე უპირატესობა ორი თუ სამმხრივ გარშემოსავლელს მიეცა. ეს ნიშანი ჩვენს ეკლესიებს, ეჭვს გარეშე ბიზანტიურ სამყაროს აკავშირებს, უფრო ზუსტად კი - აფხაზეთის ,, სუფთა ბიზანტიურ “ ნაგებობებს.
მიუსერის ტაძარი დღეს კვლავ დაზიანებულია, თუმცა კი მცენარეული საფარისგან გასუფთავებულია.
წყარო: წარმოდგენილი ტექსტი და ფოტომასალა ეყრდნობა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს კულტურულ ფასეულობათა დაცვის სამსახურის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას.
გამოყენებული ლიტერატურა:
1. გიორგი კობახიძე. აფხაზეთი ქართული სულიერების სამკვიდრო. თბ. 2016 წ.
2. Expertclub.ge მიუსერას ეკლესია.
3. Левинтас В. Храм Амбара Сов. Абхазия.-1979.-30 мая. (თარგმანი)
4. დიმიტრი თუმანიშვილი, გზაჯვარედინი, თბ. 2007 წ.