განთიადი, იგივე ცანდრიფში


galerea



aRwera

      განთიადის, იგივე ცანდრიფშის ბაზილიკა მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროზე სოფ. განთიადში, ქ. გაგრიდან 14 კმ ჩრდილო-დასავლეთით. ძეგლი წარმოადგენს სამნავიან ბაზილიკას, სამი წინ გამოზიდული აფსიდით. ნაგებობას თავდაპირველად ნართექსიც ჰქონია. ბაზილიკა ნაგებია საშუალო ზომის სწორი ფორმის ადგილობრივი კირქვის კვადრებით. განთიადის ბაზილიკის კამარაში და კონქში ჩაშენებული იყო კირხსნარით შედუღაბებული ამფორები. მათი რიცხვი ორ ათეულს აღემატება. ეს მეთოდი ტრადიციული იყო რომაულ-ბიზანტიური არქიტექტურისთვის და იგი ძირითადად კამარის კონსტრუქციის შემსუბუქების მიზნით გამოიყენებოდა. ამფორები ბაზილიკის თანადროულია და VI საუკუნით თარიღდება.
      ბაზილიკაში 15 ქრისტიანული სამარხი გაითხარა. სამარხები შეიძლება ორ ტიპად დაიყოს. პირველ ტიპს წარმოადგენენ წვრილი ქვით, დუღაბით, კრამიტითა და აგურით ნაგები სამარხები, რომელიც ქვის ფილებით იყო გადახურული. სამარხთა მეორე ტიპი მხოლოდ ქვითაა ნაგები და არც ერთ მათგანს ძირი არა აქვს. სამარხეული ინვენტარი ძირითადად წარმოდგენილია მინის ჭურჭლით. ეკლესიაში გამოვლინდა აგრეთვე დეკორატიული მარმარილოს (სავარაუდოდ პროკონესული) 70 ფრაგმენტი. ერთ-ერთ მათგანზე შემორჩენილია ბერძნული წარწერა: CГIAC (Л. Хрушкова).
      განთიადის ბაზილიკის თავისებურებაა: აღმოსავლეთ ნაწილის არქაული ნიშნები, დაბალი არდაბაგი, მსგავსად სირიისა და მცირე აზიის ბაზილიკებისა, ამავე დროს, გამოყენებულია კონსტანტინოპოლური ტიპის ამბიონის დეტალები, რაც ამ რეგიონში, როგორც ქრისტიანული აღმოსავლეთის, ისე კონსტანტინოპოლის გავლენებზე მიუთითებს (И. Завадская). სამი აფსიდის არსებობა, ცენტრალური აფსიდა ბემით, შემოკლებული ზომები - უფრო განვითარებული ეტაპისთვის დამახასიათებელი ნიშნებია. არქეოლოგიური მასალები - სამარხთა ტიპები, ხუროთმოძღვრული დეკორატიული დეტალები, ამფორები და მინის ჭურჭელი - VI ს-ით უნდა დათარიღდეს, ამავე დროით თარიღდება ეკლესიაც.

 

ინფორმაცია მოამზადა გოგა კირთაძემ