ბიჭვინთის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი


galerea



aRwera

    ერთ-ერთი უძველესი და სხვებისგან განსაკუთრებით გამორჩეული არის ბიჭვინთა, რომელიც ძველი ბერძენი მწერლის ჰეროდოტეს (I ს. ქრ. წ-თ) მიერ იწოდება “დიდ პიტიუნტად”. აქ IV-საუკუნის პირველი მეოთხედისათვის არსებობდა საეპისკოპოსო, რომლის მწყემსთავარი სტრატოფილე, ესწრებოდა I მსოფლიო საეკლესიო კრებას ნიკეაში 325 წელს.

     ბიჭვინთაში ჯერ კიდევ IV-საუკუნეში არსებულა ბაზილიკური ტიპის ეკლესია, რომელიც მდიდრულად ყოფილა მორთული. ამას ამტკიცებს მარმარილოს არქიტექტურის ფრაგმენტები და მოზაიკით შემკული იატაკი. იგი შესრულებულია ადგილობრივი ფერადი ქვის ოთხკუთხა ნატეხებით, სუფთად დაფქვილი აგურისა და კირის ხსნარზე. ფონი აგურისფერია. შესრულებულია ადგილობრივი ოსტატების მიერ და მათ მაღალ ხელოვნებას მოწმობს. V-საუკუნეში ამ ბაზილიკის ნანგრევებზე აუგიათ დიდი, სამნავიანი ბაზილიკა, რომელსაც შვერილი ხუთწახნაგოვანი აფსიდი ჰქონია. მის დასავლეთით ყოფილა უფრო მცირე მოცულობის ტაძარი, რომელიც მკვლევართა აზრით, VI-VII საუკუნეებში უნდა აეგოთ.
     უფრო გვიან, X-საუკუნის ბოლოს, ან XI საუკუნის დასაწყისში ზემოთაღნიშნული ეკლესიების მახლობლად აუგიათ ჯვარ-გუმბათოვანი დიდი ტაძარი, რომელსაც აღმოსავლეთით სამი შვერილი აფსიდი აქვს, დასავლეთით-ნართექსი. გუმბათი ფართო და მრგვალია, თავისუფლად მდგარ ორ ბურჯსა და საკურთხევლის აფსიდის კედლის შვერილებზე დაყრდნობილი. ზოგიერთი მკვლევარის აზრით “იგი წარმოადგენს კონსტანტინეპოლის სოფიის ტაძრის შემცირებულ მოდელს და იყო წმ. სოფიის სახელობის, რის გამოც კონცხი იწოდებოდა წმ. სოფიის კონცხად-ცაპო შანტა შოფია.

      XIX-საუკუნის ნობილი ისტორიკოსის, დ. ბაქრაძის აზრით „ბიჭვინთა ბიზანტიური არქიტექტურული ძეგლია. ტაძრის შესასვლელთან იყო წარწერა: “შეიწყალე, უფალო, ღვთისმსახურები პარა (ფარა) და..., რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ამ ეკლესიას და გუმბათს, ბატონი კათალიკოსი ევდემონის მმართველობისას. წელსა ქორონიკონსა 7-ს”. ეს ევდემონი უნდა იყოს ევდემონ ჩხეტიძე, რომელიც აფხაზეთის პატრიარქი გახდა 1666 წელს. ბროსეს აზრით, ქორონიკონი მიუთითებს 1556, ან 1557 წელს, როდესაც ევდემონ I კათალიკოსობდა. 

      ბიჭვინთას XVIII საუკუნეში ეკუთვნოდა 800 კომლი, დაახლოებით 4000 სული. ტაძარი უკვე დაცარიელებული იყო XVII საუკუნის დამლევს.

     ქართული არქიტექტურული ხელოვნების დიდი სპეციალისტის, პროფ. ნ. კონდაკოვის აზრით “ბიჭვინთის მონასტერი არის აგებული ბიზანტიური არქიტექტურის სისტემით”. მისი მტკიცებით “აფხაზეთი, რომელმაც თვითონ ვერ გამოიმუშავა არქიტექტურის საკუთარი ფორმები, ამჯობინებს საერთო ბიზანტიურ არქიტექტურის ტიპს, ვინემ იქიდან წარმოებულ ქართულ არქიტექტურას”.

     აკად. ვ. ბერიძის მტკიცებით ბიჭვინთის ტაძარი ნაშენია ორმაგი მასალით, ქვითა და აგურით, რაც უჩვეულოა საქართველოს სხვა მხარეებისათვის და რამდენადმე ენათესავება ბიზანტიურ წყობას. თუმცა, კი ძალიან დაშორებულია იქაურ ეკლესიების XI და მომდევნო საუკუნეების ფასადთა ხალიჩისებური წყობისაგან... იგი არის ყველაზე საინტერესო ძეგლთაგანი ქართული ხუროთმოძღვრებისათვის მნიშვნელოვანი ეპოქისა-იგი ე.წ. გარდამავალი ხანისა და მცირე აყვავების ხანის მიჯნაზე დგას.

      აფხაზეთის ეკლესია-მონასტრების ერთი ნაწილის მსგავსება ბიზანტიურთან, სავსებით გასაგები მიზნით, სრულებითაც არ უნდა იწვევდეს შეკამათებასა და გაკვირვებას, რამდენადაც საქართველო საუკუნეების განმავლობაში არა მარტო პოლიტიკურ, არამედ კულტურულ გავლენას განიცდიდა ჯერ რომის, ხოლო შემდეგ ბიზანტიის იმპერიისაგან. საქართველოს საეკლესიო არქიტექტურას ბერძნულ არქიტექტურაში უდგას ნაწილობრივ ფესვები.

      აფხაზეთის საკათალიკოსოს რეზიდენციის გელათში გადატანის შემდეგ (XVI საუკუნის 50-იანი წლების დამლევი) ბიჭვინთის მონასტერი დაცარიელდა, მაგრამ უკვე ქრისტიანობისაგან გამდგარი ადგილობრივი აფხაზი მოსახლეობა ტრადიციულად მაინც განაგრძობდა მისდამი თაყვანისცემას. XIX საუკუნის 30-იანი წლებიდან ამ ტაძარში წირავდა რუსი სამხედრო მღვდელი, რომელიც აქ მდგომ გარნიზონს ემსახურებოდა. ამ დროს ჯერ კიდევ ხეზე ეკიდა არცთუ დიდი ზარი, რომელზეც ლათინური ასოებით ამოკვეტილი იყო 1429 წელი. საფიქრებელია, რომ ეს ზარი აქ ჩამოიტანეს გენუელებმა, რომლებმაც XIII საუკუნიდან შეცვალეს ბიჭვინთაში ბერძნები. ყირიმის ომის დროს ეს ზარი დაიკარგა. 1830 წელს რუსებმა ამ ტაძარში იპოვეს XV საუკუნის ქართული სახარება, რომელიც შემდეგში ინახებოდა საიმპერატორო საჯარო ბიბლიოთეკაში. ტრადიციული გადმოცემის მიხედვით თითქოსდა, ამ ტაძარში დამარხულია წმ. იოანე ოქროპირი და აგრეთვე, წმ. ანდრია პირველწოდებული და სიმონ კანანელი, რომელთა სიმბოლური საფლავებიც განლაგებულია შენობის შიგნით. ეს გადმოცემა დაშორებულია სინამდვილეს.

     XIX საუკუნის 30-იან წლებში უწმ. სინოდმა განიზრახა ბიჭვინთის ტაძრის აღდგენა და იქ მართლმადიდებლური ქრისტიანობის სამისიონეროს გახსნა, რასაც მხარი არ დაუჭირა კავკასიის მაშინდელმა მთავარმართებელმა გენერალა ე. გოლოვინმა იმ მიზეზით, რომ მის გარშემო მოსახლე აფხაზები უკვე მუსულმანები იყვნენ და მათ გაქრისტიანებას დიდი დრო დასჭირდებოდა. ამასთანავე, აღდგენა მეტად ძვირი დაჯდებოდა. მთავარმართებლის აზრით, ის უნდა დაეტოვებინათ, როგორც ქრისტიანული სიძველის ძეგლი აფხაზეთში. ტაძრის აღდგენა დაიწყო მხოლოდ 1845 წელს, მ. ვორონცოვის კავკასიაში მმართველობის დროს. რესტავრაცია დამთავრდა 1869 წელს და  აკურთხა იმერეთის მთავარეპისკოპოსმა გაბრიელმა.

       აფხაზეთის საკათალიკოსოს რეზიდენციის გელათში გადატანისას ბიჭვინთის ტაძრის საგანძური გადატანილ იქნა გელათში. აქ ინახებოდა ბიჭვინთის ღვთისმშობლის ვერცხლის ჭედური ხატი, დგომელი ყრმით ხელში, 41 სმ სიმაღლისა და 33 სმ სიგანის. ხატი შემკობილია ძვირფასი ქვებით, გამოირჩევა დაუხვეწავი ხელობით. ეს ხატი, მასზე გაკეთებული წარწერის მიხედვით, მორთულია კათალიკოს ევდემონ ჩხეტიძის მიერ 1568 წელს და ლეონ დადიანის (1661-1680) და მისი მეუღლის, თამარის მიერ. მეორე ხატი ბიჭვინთის ღვთისმშობლისა ინახებოდა ქუთაისის საკათედრო ტაძარში, მდიდრულად მორთული იმავე ლეონ დადიანის მიერ. ის ცოტათი დიდია პირველ ხატზე. შესრულებულია დახელოვნებული ოქრომჭედლის მიერ, საუკეთესო რელიეფური გამომსახველობით, მთლიანად მარგალიტითა და ძვირფასი ქვებით შემკული.

 

ინფორმაცია მოამზადა გოგა კირთაძემ