უჯარმა


galerea



aRwera

          უჯარმის ციხე-ქალაქის ამჯამინდელი ნანგრევები მდებარეობს გარე კახეთში, მდინარე იორის ნაპირზე.
        ფეოდალიზმის ხანაში საქართველოში რამდენიმე ქალაქი გაჩნდა. მათ რიცხვს ეკუთვნის უჯარმაც. მატიანეთა ცნობით: უჯარმა წარმოშობილია III_IV საუკუნეთა მიჯნაზე. ისტორიკოსი ლეონტი მროველი გადმოგვცემს: “ასფაგურ აღაშენა ციხე-ქალაქი უჯარმა”. IV-საუკუნიდან უჯარმა წარმოადგენდა კახეთის ერთ-ერთ მთავარ ქალაქს. ქალაქმა განსაკუთრებული აღმავლობა განიცადა V-საუკუნის მეორე ნახევარში, როდესაც ვახტანგ გორგასალმა იგი თავის ერთ-ერთ რეზიდენციად აქცია. ამის თაობაზე მოგვითხრობს ისტორიკოსი ჯუანშერი, რომ ვახტანგ გორგასალმა აქ ააშენა უამრავი შენობები და გააძლიერა ქალაქის დაცვა. თვით ვახტანგ გორგასალსაც უდიდესი იმედი ჰქონდა უჯარმის ციხის. სპარსელებთან ბრძოლაში ვახტანგ გორგასალი მძიმედ დაიჭრა და იგი სწორედ აქ გარდაიცვალა. შემდგომში ვახტანგის მემკვიდრეებიც უჯარმიდან მართავდნენ კახეთს. არაბობის ხანაში უჯარმა, როგორც ქალაქი, დაცემის გზას ადგება. X-საუკუნის დასაწყისში უჯარმა, როგორც მხოლოდ ციხე-სიმაგრე, უკვე აღარ ყოფილა გამოსარჩევი, იქვე მახლობლად მდგარი ბოჭორმის ციხე მასზე უკეთეს სიმაგრედ ითვლებოდა. 914-წელს უჯარმა არაბებმა აიღეს და დაარბიეს. მიუხედავად ამისა იგი მალე აღუდგენიათ და მას მონაწილეობა მიუღია საქართველოს გაერთიანების საქმეში. მომდევნო წლებში უჯარმა უკვე ნაკლებად მონაწილეობდა ქვეყნის ცხოვრებაში და არსებობას განაგრძობდა, როგორ მცირე დასახლებული პუნქტი.
         დღეს არსებულ ნანგრევებში შემორჩენილია ციხის მთავარი ციტადელის გალავნისა და კოშკების ნაშთები, მცირე ზომის ჯვარპატიოსნის კარის ეკლესია, ორსართულიანი სამეფო სასახლის ნანგრევები, წყალსაცავი, და სხვა დამხმარე ნაგებობები. ციხის გალავანი გრძელდებოდა მდინარე იორის ნაპირამდე, გალავნის კუთხეებსა და საპასუხისმგებლო ადგილებში კოშკები იყო ჩარიგებული, კოშკები ძირითადად ორ ან სამ სართულიანი იყო. ქალაქს რამდენიმე კარი ჰქონდა. მთავარი კარი ყოფილა ციხის დასავლეთით. ასევე ერთ-ერთი კარი ჰქონია მდინარის პირას, გამორიცხული არ არის რომ ქალაქს თავისი წყალსადენიც ჰქონოდა. საერთო ჯამში ციხე არქიტექტურული თვალსაზრისით იშვიათი გემოვნებით არის აგებული.