წმიდა პეტრე-პავლეს ეკლესია
galerea
aRwera
პეტრე-პავლეს ეკლესია მდებარეობს ქ. საგარეჯოს ჩრდილო-დასავლეთით მდ. თვალთხევის მარჯვენა სანაპიროდან დაახლოებით 300-400 მეტრის დაშორებით. ქალაქის რომელი მხრიდანაც არ უნდა გაიხედოთ, იგი ყველა მხრიდან ჩანს. პეტრე - პავლეს ეკლესიას ჩრდილო-დასავლეთით აკრავს ტყით შემოსილი მაღალი მთა, რომელსაც „კოცნამეულს“ უწოდებენ. ამოსავლეთიდან და სამხრეთიდან ეკვრის ბაღ-ვენახებში ჩაფლული საცხოვრებელი უბნები. პეტრე - პავლედან ულამაზეს პანორამად იშლება საგარეჯოს ყოველი კუთხე-კუნჭული.
ეკლესიის ისტორიის შესახებ ძუნწი ცნობები მოგვეპოვება. იგი აშენებულა ნადარბაზევზე. მისი მშენებლობის დროს აქ მჭიდრო დასახლება ყოფილა, შემდეგ კი მოსახლეობა დაბლა, ვაკე ადგილზე მდ. თვალთხევის სანაპიროზე დასახლებულა. ამჟამად ეკლესიის შემოგარენის გარკვეულ ტერიტორიაზე სასაფლაოა.
დადგენილია, რომ იგი ააშენა 1710-1712 წლებში დავით-გარეჯის მონასტრების წინამძღვარმა, ცნობილმა საეკლესიო მოღვაწე ონოფრე მაჭუტაძემ (1690-1736 წწ.) მისი პირადი ბიოგრაფიის შესახებ მცირე ცნობები მოგვეპოვება. ლევან ბატონიშვილის ერთი საბუთით ვარკვევთ, რომ საერო ცხოვრებაში მას ოთარი ერქვა. 1690 წლის მარტის საეკლესიო კრების დადგენილებით ოთარი ონოფრედ მოუნათლავთ, გაუმწესებიათ გარეჯის მონასტრების წინამძღვრად. გარდაცვალების თარიღად მიღებულია 1733 წ. (თ. ჟორდანია, „ქართლ-კახეთის მონასტრების და ეკლესიების ისტორიული საბუთები“, გვ. 60) დაკრძალვის ადგილი დაუდგენელია. ხანდაზმული ადამიანები მიუთითებენ მის საფლავს პეტრე - პავლეს ეკლესიის ჩრდილოეთით მდებარე ერთ ქვაზე, რომელსაც წარწერა ჰქონია ნუსხა-ხუცურით. დროთა ვითარებას წაუშლია და ამჟამად მხოლოდ სუსტად შესამჩნევი ორნამენტიღა ამშვენებს. გადმოცემის საფუძვლიანობას ამტკიცებს ისიც, რომ გარდაცვალების წლებში გარეჯის მონასტრები დიდ თავდასხმებს და აწიოკებას განიცდიდა. სავარაუდოა, სწორედ ამიტომ გაატარა მაჭუტაძემ აქ სიცოცხლის ბოლო წლები, აქვე გარდაიცვალა და დაიკრძალა. ქვეყანაში არსებული ძნელბედობის გამო მისი ნეშტის გადასვენება დავით-გარეჯის უდაბნოში ვერ მოხერხდა.
ონოფრე მაჭუტაძე თავისი დროის დიდად განსწავლული და მოაზროვნე პიროვნება ყოფილა. როგორც ვიცით, XVIII საუკუნეში დასავლეთ საქართველოში მეტად გავრცელდა ტყვის სყიდვა. გარეჯის მონასტერი ონოფრე მაჭუტაძის უშუალო ხელმძღვანელობით ჩაება ტყვის სყიდვის წინააღმდეგ ბრძოლაში. ხშირად, შესაძლებლობების ფარგლებში საკუთარი თანხებითაც კი იხსნიდა ტყვეებს და ასახლებდა მონასტრის მიწებზე (ვახუშტი, „საქართველოს ცხოვრება“, II გამოცემა, ზ. ჭიჭინაძის, თბ. 1913წ. გვ. 103). წინამძღვრობისას მას დიდი ორგანიზატორული ნიჭი გამოუჩენია, აღუდგენია დანგრეული მონასტრები, ბევრი ახალი ნაგებობა აუგია. მან თავისი წინამძღვრობის პირველ წლებში დაიბრუნა დავით გარეჯის მონასტრების ყოფილი ყმა-მამულები. საგარეჯოს მამულები მას დიდ შემოსავალს აძლევდა, რომლის ნაწილიც მოახმარა სოფ. თვალზე (დღ. საგარეჯო) თავისი მრევლისათვის ეკლესიის მშენებლობას. ერთ გუჯარში, რომელიც 1712 წლითაა დათარიღებული, ჩამოთვლილია ის ღვაწლი, რომელიც ო. მაჭუტაძეს გაუკეთებია: „აღვაშენე თვალზე საყდარი პეტრე-პავლესი და შევამკე პატიოსანის ჯვრითა, სიწმინდის იარაღითა, შესამოსითა და წიგნებითა“ (თ. ჟორდანია, ...)
ეკლესია ნაკურთხია წმინდა მოციქულების პეტრეს და პავლეს სახელზე. ეკლესიის მშენებლობის დროს ბერძენ ხუროთმოძღვრებთან ერთად ონოფრე მაჭუტაძეს საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მოუყვანია ქვისმთლელები, ჩუქურთმის მომჭრელი ოსტატები, ხუროები, მხატვრები. მათი მეშვეობით მოუხატია და სამონასტრო ინვენტარით შეუმკია ახლად აშენებული ეკლესია.
პეტრე - პავლე დარბაზული ტიპის, თაღოვანი ნაგებობაა, რომლის კუთხეები, კარნიზი და კარ-სარკმკლის კუთხეები ნაგებია ნათალი ქვით, კედლები ძირითადად აშენებულია რიყის ქვით. მისი შიდა ფართობი უდრის 180მ2-ს, გარეთა ფართობი კი კედლებიანად 200მ2-ს. ეკლესია თავდაპირველად გადახურული იყო ლორფინის ქვით, რომლის ნაშთები დღესაც შემორჩენილია ეკლესიის ტერიტორიაზე. ამჟამად კი თუნუქის სახურავი აქვს. ეკლესიას ორი შესასვლელი აქვს: სამხრეთით და დასავლეთით. დასავლეთით კარები კედლის ცენტრში მდებარეობს, იგი თაღოვანია და შემკულია ძვირფასი ჩუქურთმით. სამხრეთის კარი კედლის დასავლეთითაა და სწორკუთხაა, მასაც გარშემო ჩუქურთმა ამკობს. მის მაღლა, სავარაუდოა წმინდანებისა და ანგელოზების გამოსახულებების არსებობა. მის ქვემოთ ვაზის რელიეფური გამოსახულებაა მოთავსებული.
1886 წელს ეკლესია მოუნახულებია ქართველ პედაგოგსა და საზოგადო მოღვაწეს, საგარეჯოში პირველი სკოლის დამაარსებელს ალ. ცხვედაძეს, რომელსაც თავისი მოწაფეების საშუალებით დეტალურად აღუწერია ეკლესიის მაშინდელი მდგომარეობა. ამ ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ სამხრეთით არსებულ შესასვლელზე გამოსახული ყოფილა ქტიტორის პორტრეტი, რომელიც დღესაც არსებობს. ეკლესიის ინტერიერი მარტივადაა შესრულებული. დარბაზის გრძელ კედლებზე 3 წყვილი მარტივი პილასტრია, რომელიც ასევე მარტივი ორნამენტით შემკული კაპიტელებით მთავრდება. პილასტრებს ეყრდნობა ნახევარწრიული კამარის სამჯერი თაღი, კამარები ნაშენია აგურით. პილასტრებს შორის დატანებულია ორი წყვილი სარკმელი. სარკმლები დატანებულია აღმოსავლეთისა და დასავლეთის კედლებშიც. პილასტრების აყოლებით სარკმლებს მაღლა იკვრება თაღები, რომლებიც ეკლესიის მთლიან არქიტექტურაში ერთადერთი სპარსული ელემენტია. ეკლესიის იატაკი სუფთა, ოთკუთხა აგურითაა მოპირკეთებული. დასავლეთის კედელში ჩატანებულია ორი თაღოვანი თახჩა, რომელიც, ალბათ, წიგნების შესანახად იყო გამიზნული. ეკლესიის აღმოსავლეთით, როგორც წესი, მოთავსებულია საკურთხეველი. ამჟამად ეკლესიას კანკელი არ გააჩნია და საკურთხეველი მხოლოდ ამაღლებული ადგილით გამოიყოფა. საკურთხეველშიც ჩატანებულია თაღჩები საღვთისმეტყველო ინვენტარის შესანახად. ამჟამად ეკლესიას არანაირი მოხატულობა არ გააჩნია, მაგრამ შესაძლოა ადრე იყო.
პეტრე-პავლეს ეკლესიის ჩრდილოეთით 9 მ-ის დაშორებით შემორჩენილი აქვს ნანგრევი კედლები. მისი ინტერიერი გვაფიქრებინებს, რომ აქ აშენებული იყო დამხმარე ნაგებობები: საცხოვრებელი სახლი ბერებისათვის და მამულების მმართველი მოურავისთვის, მარანი, სადაც ღვინოს ინახავდნენ. ონოფრე მაჭუტაძე აქ ხშირად ამოდიოდა სამეურნეო თუ პოლიტიკური საკითხების მოსაგვარებლად. მარანში ჩაყრილი იყო ქვევრები 9 საპალნე ღვინისათვის. აქედან 4 საპალნე ადგილზევე უნდა დალეულიყო, 1 გარეჯის უდაბნოში ბერებისათვის უნდა გაგზავნილიყო, დანარჩენი გაყიდულიყო და აღებული ფული ბერების საჭმლის შეძენას და სამსახურს უნდა მოხმარებოდა. დღეისათვის მხოლოდ ნაშთებია შემორჩენილი, რომლის მიხედვით იგი შესაძლოა 18 მ. სიგრძის და 8 მ. სიგანის იყო. შეინიშნება ქვევრების განლაგებაც, რომელიც მოპარულია. შენობა შუაზე ქვითკირის კედლით იყოფოდა, აღმოსავლეთ ნაწილში მარანი იყო, დასავლეთში - სასტუმრო.
ონოფრე მაჭუტაძემ გარდა იმისა, რომ სამეურნეო ცხოვრება ააღორძინა უდაბნოში, არც კულტურულ-საგანმანათლებლო საქმეები დარჩენია უყურადღებოდ. მან თავის გარშემო შემოიკრიბა კულტურის მოღვაწეები, რომელთა დახმარებით გარეჯის უდაბნოში შესანიშნავი წიგნთსაცავი შექმნა ძველქართულ-ბიბლიური, ფილოსოფიური, აგიოგრაფიული თუ საინტერესო ხელნაწერებითა და სტამბური წესით დაბეჭდილი საღვთისმსახურო წიგნებით, ლიტერატურა განკუთვნილი იყო უდაბნოს მონასტრის ბერებისათვის, გარეთ გატანა არ შეიძლებოდა. გამონაკლისი ნებადართული იყო სოფ. თვალზე პეტრე-პავლეს საყდარში, რომელიც თვით დავით-გარეჯას საკუთრებას წარმოადგენდა. თუ როდემდე იარსება პეტრე-პავლესთან ამ წიგნთსაცავმა არც წყაროებში ჩანს, არც მოსახლეობას ახსოვს.
პეტრე-პავლეს ეკლესია სპეციალურად, შესწავლის მიზნით 1929 წ. ინახულა ხელოვნებათმცოდნეობის უდიდესმა სპეციალისტმა პროფ. გ. ჩუბინაშვილმა და ეკლესიის მაშინდელი მდგომარეობა ვრცლად ასახა თავის გამოკვლევაში „დავით-გარეჯის გამოქვაბულთა მონასტრები“. მაშინდელი აღწერით ეკლესია კარგ მდგომარეობაში იყო, თუმცა აღმოსავლეთისა და დასავლეთის კედლებს ბზარი თანდათან მატულობდა. შემდეგ კი ეკლესიის დანგრების საშიშროებაც კი შეიქმნა. სახურავზე უამრავი მცენარე (მათ შორის ბუჩქები, ხეები) ამოვიდა, შიგნით წვიმა ჩადიოდა. 1976 წ. ეკლესიას რესტავრაცია ჩაუტარდა, გადაიხურა მოთუთიავებული სახურავით.