ნინოწმინდა (საგარეჯო)
galerea
aRwera
ნინოწმინდის კომპლექსი მდებარეობს საგარეჯოს რაიონში, სოფელ ნინოწმინდაში, თბილისიდან 50-ოდე კილომეტრის მანძილზე. ნინოწმინდის კომპლექსის მთავარი ნაგებობაა VI ს-ის III მეოთხედში აგებული წმ. ნინოს ტაძარი. გადმოცემის თანახმად წმ. ნინომ სწორედ ამ ადგილას დაისვენა და მის საპატივსაცემოდ აშენდა ეს ტაძარი. იგი არაერთხელ გადაუკეთებიათ IX-XI, XIII-XIV, XVI საუკუნეებში. კარიბჭის წარწერიდან ვიგებთ, რომ 1671 წელს ტაძარი განუახლებია ნინოწმინდელ ეპისკოპოსს – ნიკოლოზ ანდრონიკაშვილს.
XVIII საუკუნის მეორე ნახევარში ნინოწმინდელ საბა ტუსიშვილს განუახლებია ტაძარი და ძალზე დიდი გუმბათი დაუდგამს მისთვის. მისი აგებულია ასევე საეპისკოპოსო სასახლე, რომელიც იქვე ტაძრის ეზოშია. გადმოცემის თანახმად, ერეკლე II-ს ნინოწმინდის ტაძრის გუმბათის ნახვისას, გულისტკივილით უთქვამს ტუსიშვილისთვის: ტაძარი კი დაგიმშვენებია, მაგრამ მოგიკლავსო. მართლაც 1824 წელს, მიწისძვრის დროს, კედლებმა ვეღარ გაუძლო და თაღი და გუმბათი ჩამოინგრა. 1848 წელს კიდევ სხვა კედლებიც დაინგრა და დღეისათვის მხოლოდ ერთი კედელიღაა მთლიანად შემორჩენილი. ტაძრის გვერდით დგას XVI ს-ის კოშკი-სამრეკლო, რომელიც ხშირად მტრისგან იფარავდა ხალხს. კომპლექსს ძველი დროიდან გარს ერტყა დიდი გალავანი, რომელიც კოშკებით იყო აღჭურვილი და ადგილობრივი მოსახლეობა თავს აფარებდა ომიანობის დროს. ნინოწმინდის საეპისკოპოსო მეფეთა დიდი მხარდაჭერით სარგებლობდა. კათედრალს თავის დროზე დახმარებიან კახეთის მეფენი ლევანი,ალექსანდრე და დავით I, ქართლის მეფენი როსტომი და არჩილი. ნინოწმინდა განსაკუთრებით დაწინაურებულა ერეკლე II-ისა და თეიმურაზ II-ის მეფობის დროს.
მონასტერში მდიდარი წიგნთსაცავი ყოფილა, რასაც მოქმობს ჩვენს დრომდე მოღწეული ხელნაწერები. აქ მოღვაწეობდნენ მწიგნობრები და პოეტები: მღვდელმტავრები - ათონის ლიტერატურული სკოლის მოღვაწე ექვთიმე მთაწმიდლის ახლო თანამშრომელი არსენ ნინოწმინდელი (X-XI სს.), მიტროფანე ნინოწმინდელი, იოანე ნინოწმინდელი (XVIIIს.) , საბა ტუსიშვილი და სხვა.
XX საუკუნის ბოლოს სრულიად საქართველოს პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით ნინოწმინდაში აღდგა სამონასტრო ცხოვრება, ჩატარდა სარემონტო სამუშაოები. ამჟამად აქ ფუნქციონირებს დედათა მონასტერი. 2003 წლიდან აღდგა საგარეჯო - ნინოწმინდის ეპარქია და აქვე განთავსდა ეპარქიის კათედრა და ეპისკოპოსის რეზიდენცია.