ბნელეთი
galerea
aRwera
ბნელეთის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია გორის მუნიციპალიტეტში, სოფელი სკრის სამხრეთით 9 კმ-ში, მდინარე სკრის ერთერთი შესართავის მარცხენა ნაპირზე, ტყეში მდებარეობს. სტილისტურად იგი სამეკლესიანი ბაზილიკაა და IX-X საუკუნეებით თარიღდება. ნაგებია ნატეხი ქვით, ხოლო პერანგი მთლიანიდ შირიმის ქვისაა. თავდაპირველად მხოლოდ ცენტრალური ნაგებობა მდგარა, ხოლო შემდგომ მიუშენებიათ სამხრეთით და ჩრდილოეთით ეგვტერები(ეკლესიები). ტაძარს ერთადერთი შესასვლელი სამხრეთიდან აქვს, საიდანაც შესაძლებელია ყველა ეგვტერში მოხვედრა. ინტერიერი მოხატული ყოფილა, რაზეც მოწმობს დღეს არსებული ფრაგმენტები. მხატვრობა ძალიან დაზიანებულია და ყოველდღიურად მისი მდგომარეობა უარესდება სახურავიდან ჩამოსული წყლით. აფსიდის კონქის მხატვრობა განადგურებულია, შედარებით გარჩევადია მომდევნო რეგისტრი სადაც სავარაუდოდ 12 მოციქულის გამოსახულებაა. ჩრდილოეთ კედლის დასავლეთ მონაკვეთში სავარაუდოდ სულიწმინდის მოფენის სცენაა გამოსახული. მის ქვემოთ 6 წმინდანის ფიგურაა გამოსახული. დასავლეთ კედლის ქვედა ნაწილში 10 წმინდანის გამოსახულებაა, ყველა ფიგურა ქვევიდან შემოსაზღვრულია ორმაგი ორმანმენტით. მოხატულობის ფრაგმენტებზე შეიმჩნევა სუფთა ცისფერი, უნაბისფერი, ყვითელი ფერები, მხატვრობა სტილისტურად შესაძლებელია მივაკუთნოთ XIII-საუკუნეს.
პარმენ ზაქარაიას ინფორმაციით აღმოსავლეთ ფასადზე, სარკმლის გვერდით ყოფილა წარწერიანი ქვა, რომელიც მისი მოგზაურობის დროსაც კი უკვე აღარ იკითხებოდა.
ბნელეთის ეკლესია, თავისი სტილისტური თუ პერიოდიკის მიხედვით საკმაოდ მნიშვნელოვანი ისტორიულ კულტრული ძეგლია. სამწუხაროდ სავალალოა დღეს ტაძრის მდგომარეობა, მისი ჩრდილოეთის ეგვტერი დამეწყრილია და ფაქტიურად მთლიანად მიწაშია ჩაფლული. ძალიან ცუდ მდომარეობაშია ტაძრის სახურავი, საიდანაც სისტემატიურად ჩადის ნალექი აზიანებს მხატვრობას და კამარებს ჩანგრევით ემუქრება. ტაძრის მოხატულობა, დროის და ბუნებრივი პირობების გარდა აწ უკვე ”ტრადიციულ ქართულ ვანდალიზმსაც” საკმაოდ დაუზიანებია. კედლებზე ტაძრის ”მოამაგეების” სახელებს, გვარებს, წლებს მრავლად ამოვიკითხავთ. გასაკვირია ასეთი ხალხის აზროვნება, რომლებიც XIII-საუკუნის უნიკალურ მხატვრობას, რომელიც დიდი შრომის ფასად შექმნილა, 700-800 წელი გაძლო, დღემდე მოაღწია, ერთი ხელის მოსმით, თავიანთი არაფრის მთქმელი სახელების დაწერით აზიანებენ. აყრილია იატაკიც, რომელიც სავარაუდოდ განძის მაძიებლების მსხვერპლი გამხდარა. საკმაოდ მძიმე დღეშია ტაძართან მისასვლელი გზა, რომელზეც წვიმიან, ან თოვლიან პერიოდში ტრანსპორტით გადაადგილება ფაქტიურად შეუძლებელია. დღევანდელი მდგომარეობის გამო, ბნელეთის ღვთისმშობლის ეკლესია სასწრაფო დახმარებას საჭიროებს.
ინფორმაცია მოამზადა ანზორ მჭედლიშვილმა
ფოტოები - ანზორ მჭედლიშვილის