აბელიას სამება


galerea



aRwera

          აბელიას სამება მდებარეობს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ აბელიაში, მდინარე ალგეთის ხეობაში. ტაძარი ძალიან საინტერესოა მის სამხრეთ კარიბჭეზე არსებული საკმაოდ ვრცელი ასომთავრული წარწერიდან გამომდინარე. წარწერიდან შესაძლებელი გახდა ეკლესიის აგების ზუსტი თარიღის დადგენა. ექვთიმე თაყაიშვილს წარწერა ასე წაუკითხავს: ”ადიდენ და დაამყარენ ღმერთმან მეფენი ჩუენი, დავით და დავით, დედოფალი თამარ ხათუნ და ძე მათი გიორგი, რომელთა წყალობითა ღირს ვიქმენ აღმშენებად ეკლესიისა ამის, სამლოცველოდ მეფობისა მათისა, მე გლახაკი არსენი მშვილდაჲსძე მანგლელი მთავარეპისკოპოსი, და სახსენებლად ცოდვილისა სულისა ჩემისა და ძმისა ჩემისა ანილისა, და მშობელთა და ძმათა და ყოველთა მიცვალებულთა ჩემთათჳს. გარწმუნოს ღმერთმან ვინცა ჰნახოთ ჭირით და რუდუნებით ნამუშეკავი ჩუენი, შენდობაჲ ბრძანოთ, რათა ღმერთმან თქვენცა მოგანიჭოს სასყიდელი შრომათაჲ აქა და საუკუნესა, ამინ. 
        მას ჟამსა ხელ-ჰყავ შენებად, ოდეს თათართა დაეპყრა ესე სამეფო და ყოველი ქუჱყანაჲ. ძალით და შრომით შეემართებოდა ჩემებრ გლახაკისაგან და არაფრისმქონებელისაგან, გარნა წყალობითა ხელ-ვყავ. და ვისიცა რაჲ სხვისა სალოცავად წაგებულა ამისა შენებასა, მასცა ღმერთმან სასუფეველი მიანიჭოს და მაშენებელთაცა, და რაჲცა ვინ მოიჭირვა, ყოველთა შეუნდვნეს ღმერთმან, ამინ.”  ექვთიმე თაყაიშვილის მიხედვით წარწერაში მოხსენიებულნი არიან დავით ულუ(1243-1269) ლაშა-გიორგის ძე, დავით ნარინი(1243-1293) -რუსუდანის ძე, თამარ-ხათუნი რუსუდანის ასული და გიორგი დავით ულუს ძე. აღნიშნულ წარწერაში საკმაოდ საინტერესოა თამარ-ხათუნის პიროვნება. ფაქტია, რომ რუსუდანს მართლაც ჰყავდა ასული თამარ-ხათუნი, მაგრამ წარწერის შინაარსიდან და წყობიდან გამომდინარე, დიდად საფიქრალია, რომ თამარ-ხათუნი არის რომელიმე მეფის მეუღლე ”მეფენი ჩუენი, დავით და დავით, დედოფალი თამარ ხათუნ და ძე მათი გიორგი”. დავით ულუს მართლაც ჰყავდა ძე გიორგი რომელიც 1250 წელს შესძენია, ვინმე ალთუნისგან რომელიც მისი უკანონო მეუღლე იყო, რადგან მისი პირველი მეუღლე ჯიგდახათუნი უშვილი იყო. დავით ულუმ მესამედ რაჭის ერისთავის ქალიშვილზე გვანცაზე იქორწინა, მისგან შეეძინა დემეტრე, თავდადებულად წოდებული. გვანცას სიკვდილის შემდეგ დავითმა მეოთხედ იქორწინა მონღოლი ნოინის დაზე. ზემოხსენებულიდან გამომდინარე დავით ულუს არცერთ ცოლს თამარ-ხათუნი არ რქმევია. თამარი ერქვა დავით ნარინის მეუღლეს, თუმცა მის არცერთ შვილს გიორგი არ რქმევია. მისი შვილები იყვნენ ალექსანდრე, კონსტანტინე და მიქელი.
         ამრიგად თამარ-ხათუნის პიროვნება წარწერის შინაარსიდან გამომდინარე ცოტა არ იყოს და გაურკვეველია, სწორედ ამიტომ მიუჩნევია ექვთიმე თაყაიშვილს იგი რუსუდანის ასულად.
      რაც შეეხება წარწერის ავტორ მანგლელ ეპისკოპოსს არსენ მშვილდაისძეს. ექვთიმე თაყაიშვილის ვარაუდით იგივე პიროვნებაა, რომელიც რკონის 1258-1268 წლით დათარიღებულ გუჯარს აწერს ხელს. ეკლესიის აგების ზუსტ თარიღს ექვთიმე თაყაიშვილი წარწერაზე არსებული გარემოებებიდან ადგენს. ითვალისწინებს ორ ძირითად მომენტს: როგორც ცნობილია,  გიორგი დავით ულუს ძე გარდაიცვალა 1268 წელს. აქვე უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ წარწერის შინაარსიდან გამომდინარე, ორივე დავითი თანამმართველად იხსენიება, ხოლო სამეფო გაიყო 1259 წელს. აქედან გამომდინარე ტაძრის აგების სავარაუდო თარიღად შეგვიძლია მივიჩნიოთ 1250-1259 წლები.
ტაძრის აგების პერიოდი, საკმაოდ ტრაგიკული პერიოდია საქართველოს ისტორიაში. ქვეყანა მონღოლთა ბატონობის ქვეშაა. გაძარცვული და გაღატაკებულია მთელი საქართველო. სამეფო რომელსაც შეეძლო აეგო ფიტარეთის, წუღრუღაშენის მსგავსი არქიტექტორული ძეგლები, ამ მცირე ტაძარს დიდი გაჭირვებით აშენებს, როგორც წარწერაშია მოთხრობილი, თვით ეპისკოპოსიც ძალიან გაჭირვებულ მდგომარეობაშია და მას მხოლოდ თავისი პირადი შრომით შეუძლია შეეწიოს ეკლესიის მშენებლობას.
         რაც შეეხება სოფელ აბელიას, ეს მისი ნამდვილი ისტორიული დასახელებაა, შემდგომში, სომხური და ბერძნული მოსახლეობის მიერ მას აბელიანი დაერქვა. ამჟამად სოფელში ძირითადად ბერძნები ცხოვრობენ. როგორც ისტორიულ წყაროებშია მოთხრობილი ამ სოფელში ჯერ კიდევ XIX-საუკუნემდე ცხოვრობდნენ ქართველები. 1653 წლის გაცვლილობის წიგნში ოთარ, პაატა, ვარაზა ბარათაშვილებსა და ყაფიბაზ, დონბაზ გოგიბაშვილს შორის, მოცემულია ძირითადად ქართული გვარები ყუზანასშვილი, მჭედლიშვილი, ნაღირასშვილი, ღვინიასშვილი.
      აბელიას ეკლესია ფორმით დარბაზული ტიპის სწორკუთხა ნაგებობაა. ნაგებია ადგილობრივი ალგეთის სწორად გათლილი მონაცრისფრო ქვით. ეკლესიას ერთადერთი შესასვლელი სამხრეთის მხრიდან აქვს. კარიბჭეზე მოზრდილი ზომის კრონშტეინებია, სავარაუდოდა, მასზედ კარიბჭის მინაშენი იყო დაგეგმილი. რაც შეეხება ინტერიერს იგი შელესილი ყოფილა, შეიმჩნევა მხატვრობის ფრაგმენტებიც. მხატვრული თვალსაზრისით საკმაოდ საინტერესოდაა გაფორმებული ტაძრის სარკმელები. ტაძარი გადახურულია კრამიტით.
      ამრიგად აბელიას სამების ეკლესია, საკმაოდ მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლია. უნიკალური მასზედ არსებული წარწერა, რომელიც საშუალებას იძლევა ვიმსჯელოთ იმ პერიოდის საქართველოს მდგომარეობაზე, არქიტექტურაზე.
 

ინფორმაცია მოამზადა ანზორ მჭედლიშვილმა

ფოტოები - ლელა მარგიანის და ანზორ მჭედლიშვილის