წუღრუღაშენი


galerea



aRwera

          წუღრუღაშენის ტაძარი მდებარეობს ქვემო ქართლში, ბოლნისის მუნიციპალიტეტში, ბოლნისის ცენტრიდან დაახლოებით 10 კმ-ში. ვახუშტი ბაგრატიონი წუღრუღაშენს მონასტრად იხსენიებს. თუმცა ადგილზე სხვა სამონასტრო ნაგებობების კვალი არ ჩანს. ტაძარზე შემორჩენილია სამი ასომთავრული წარწერა, რომლის მიხედვითაც ვიგებთ ინფორმაციას ტაძრის შესახებ. პირველი წარწერა, რომელიც ყველაზე უკეთ არის შემორჩენილი დასავლეთის ფასადზეა, კარის მარჯვნივ. აღნიშნული წარწერა ქარაგმების გახსნით შემდეგნაირად იკითხება:
 
1. "ქ. სახელითა ღმრთისაჲთა და მეოხებითა წმინდისა
2. ღმრთისა მშობელისაჲთა, ძლიერებითა, წმიდისა
3. გიორგის ხუთშაბათის ჯვარისაჲთა, მეფისასა
4. შინა დიდისა გიორგი მეფეთა მეფისასა
5. მიწამან მეფობისა მათისამან, არსენის
6. ძემან ჰასან, დავიწყე შენ -
7. ებაჲ ტაძარსა (sic) გუნბადს, მამულ -
8. სა ჩემსა, უწყებითა გამოცხადე -
9. ბითა ამისვე მთავარმოწამისა
10. მიერ, სადიდებლად ღმრთისა"
 
        მეორე წარწერა მოთავსებულია სამხრეთის კარის არქიტრავის მორთულ ქვაზე. წარწერისათვის სპეციალურად დატოვებულია შუა ნაწილი. ზედა ვერტიკალურ სიბრტყეზე სამი სტრიქონია. ხოლო ქვედა, შიგნით დაქანებულზე - ორი. წარწერა პირველზე გაცილებით უკეთესი ოსტატობითაა შესრულებული. მაგრამ ეტყობა, რომ ამოკვეთის დრო ერთი და იგივეა, შემსრულებელი კი სხვადასხვა. მეორე წარწერა, ძალიან დაზიანებულია. განსაკუთრებით განაპირა ნაწილებში, მაგრამ ამ წარწერის ტექსტი თითქმის იდენტურია პირველისა.  ამ ორი ვრცელი წარწერის ტექსტი წარმოშობს მრავალ საკითხს, რომლებზედაც უშუალო პასუხს მათში ვერ ვპოულობთ. ტექსტი არ შეიცავს ძეგლის დამათარიღებელ არც ერთ პირდაპირ მონაცემს. წარწერის მიხედვით არ ირკვევა თუ რომელი გიორგია აქ ნახსენები ("მეფეთ მეფე გიორგი"). ან ვინ არის "ჰასან ძე არსენისა", რომელიც აგებს ამ ტაძარს?  რომელ ტერიტორიას შეიცავდა ჰასან არსენის ძის მამული "გუნბადი". 
ის ადგილი, სადაც ტაძარი დგას, დღეს წუღრუღაშენადაა ცნობილი. ასეთი სახელი სოფლისა ისტორიულ დოკუმენტებში, იხსენიება ორბელიანთ შემოსავლების ნუსხაში 1619-20 წლებში. ამ დროიდან მოკიდებული "წუღრუღაშენის" რამდენჯერმე გვხვდება საბუთებში. დღეს ეკლესიის ახლოს მოსახლეობა არ არის, მაგრამ აქა იქ შეიმჩნევა ნასოფლარის კვალი. ვახუშტიც ორ წუღრუღაშენს იცნობს და რუკაზეც ორივეა ნაჩვენები. ისტორიულ დოკუმენტებში ასევე გაურკვეველია ჰასან არსენის ძის პიროვნებაც,  თუ რომელ გვარს ეკუთვნოდა ეს შეძლებული ფეოდალი, რომელიც ასეთ დიდ ტაძარს აგებს (თანაც ეტყობა მარტო მარტო). რაც შეეხება იმას, თუ რომელი მეფეთ მეფე გიორგია აქ ნახსენები, ამის გარკვევა მხოლოდ ძეგლის მხატვრულ - ისტორიული ანალიზის შედეგად ხერხდება. აქედან გამომდინარე წარწერაში მოხსენიებული მეფეთმეფე გიორგი თამარ მეფის ძე ლაშა-გიორგი უნდა იყოს. მესამე წარწერა მოთავსებულია დასავლეთის კარის თავზე, ორნამენტული არშიის ზემოთ. წარწერა არასრული სახითაა. 
        ვახუშტი ბაგრატიონი წუღრუღაშენის ეკლესიას მონასტრად იხსენიებს. იგი წერს: "პირისპირ ამ ეკლესიისა - ლაპარაკია ბოლნისის სიონზე - არის მონასტერი წუღრუღაშენის, გუმბათიანი, შვენიერ ნაშენი შვენიერს ადგილს და აწ უქმ არს”. ამ ლაკონიური წინააღმდეგობიდან ვიგებთ, რომ წუღრუღაშენის ეკლესია XVIII საუკუნეში მოქმედი აღარ ყოფილა და რომ იგი ვახუშტისათვის ცნობილია, როგორც მონასტერი. მაგრამ როდის გაუქმდა იგი და რატომ, ამაზე ვახუშტი არაფერს ამბობს.  ვახუშტის შემდეგ, თითქმის საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში, წუღრუღაშენის ტაძარზე არაფერი ისმის. მხოლოდ 1853 წ. მკვლევარმა, პოლკოვნიკმა ი.ბართოლომეიმ გადაიღო წარწერები, რომლებიც გამოსცა აკად. მ.ბროსემ ფრანგული თარგმანითა და კომენტარებით. ი.ბართოლომეი არ ყოფილა დაინტერესებული თვით ძეგლით და არაფერს წერს მასზე, გარდა იმისა, რომ სახურავი მცენარეებით იყო დაფარული და სამხრეთ კარიბჭე მოშლილი. იმავე საუკუნის სამოციან წლებში არქიტექტორ დ.გრიმს დაუთვალიერებია წუღრუღაშენის მონასტერი და ჩაუხატავს ჩუქურთმებიც. მის მიერ 1864 წ. გამოცემულ ქართულისა და სომხური ძეგლების ალბომში ერთ ერთ ტაბულაზე, მოთავსებულია გრაფიკულად შესრულებული რამდენიმე ორნამენტი, რომლებიც, ტაბულის წარწერების მიხედვით, წუღრუღაშენის ძეგლს უნდა ეკუთვნოდეს, მაგრამ ეს არ შეეფერება სინამდვილეს, რადგან წუღრუღაშენზე დღეს ისეთი ორნამენტები არ მოიპოვება. 
        წუღრუღაშენის ეკლესიის გეგმა მოქცეულია გარეთა სწორკუთხედში, ხოლო შიდა სივრცე შექმნილია ჯვრის მკლავებისგან. აქედან აღმოსავლეთის და დასავლეთის მკლავები სამხრეთის და ჩრდილოეთის მკლავებზე გრძელია. მხოლოდ აღმოსავლეთის მკლავია აფსიდური, დანარჩენი მკლავები სწორკუთხაა. სამხრეთის და ჩრდილოეთის მკლავები ორ იარუსიანია. მეორე იარუსი ტაძრის იატაკიდან დაახლოებით 6-იოდე მეტრის სიმაღლეზეა. მასზე ასვლა სავარაუდოდ მისაყუდებელი ხის კიბით იქნებოდა შესაძლებელი. ტაძარს სამი შესასვლელი აქვს: დასავლეთიდან, სამხრეთიდან, ჩრდილოეთიდან. ჩრდილოეთის კარიდან მოგვიანებით მიშენებულ ეკვდერში შევდივართ.
წუღრუღაშენის ფასადებიდან აღსანიშნავია დასავლეთის ფასადი, რომელსაც მნახველი პირველ რიგში ხედავს. მასზე წყვილი სარკმელი და დეკორატიული ჯვარია განლაგებული. ამ ფასადზე წყვილი სარკმლის განლაგება ტაძრის ინტერიერის განათების საჭიროებიდან გამომდინარეობს. გვერდით ფასადებზე ფრონტონის ქვედა სივრცის სიმცირის გამო თითო სარკმელია განლაგებული. დასავლეთის ფასადის ქვედა ნაწილში, კარებია. თუმცა მისი კარიბჭე დანგრეულია.
სამხრეთის ფასადი პირვანდელი სახითაა შემორჩენილი. მასზე მოგვიანებით მიდგმული იყო კარიბჭე ან ეგვტერი, რომელიც ამჟამად დანგრეულია. ჩრდილოეთ მხარეს მოგვიანებით მიუშენებიათ ეგვტერი. სამხრეთ ფასადზე მხატვრულად გაფორმებულია მხოლოდ კარები და მის ზემოთ არსებული სარკმელი. ამ ფასადზე მხატვრულად გაუფორმებელია მცირე ზომის სარკმლებიც. ასეთივე სარკმლებია ჩრდილოეთის ფასადზეც.
           წუღრუღაშენის ტაძრის საუკეთესო ნაწილია მისი გუმბათი, სადაც ოსტატს გამოუვლენია მთელი თავისი ნიჭი და შემოქმედება. გუმბათის ყელის მთელი ზედაპირი დაფარულია სხვადასხვა ელემენტისგან შედგენილი სხვადასხვა დეკორით. აღნიშნული დეკორის მორთულობის მთავარი ელემენტია ათი ნაწილისაგან შემდგარი უწყვეტი თაღედი. ყოველ თაღში თითო სარკმელია გაჭრილი. ათივე სარკმლის საპირეები დეკორატიულად არის გაფორმებული. გუმბათი ნაგებია მუქი მოყვითალო ქვებით.
        რაც შეეხება ტაძრის ინტერიერს, როგორც ცნობილია ამ ეპოქისათვის ინტერიერის დეკორატიულად მორთვა აღარაა დამახასიათებელი. ამ პერიოდში ტაძარი ილესება და შემდეგ ხდება მისი მოხატვა. წუღრუღაშენში ინტერიერი მხოლოდ ქვედა ნაწილში ყოფილა მოხატული. ამჟამად მხატვრობის მხოლოდ ფრაგმენტებია შემორჩენილი. გუმბათის ყელი ოსტატმა მოხატვის მაგივრად ყვითელი ქვის სწორად ნათალი კვადრებით შემოსა. როგორც წესი გუმბათის ყელის დამაგვირგვინებელ ნახევარსფეროში მაცხოვრის გამოსახულებაა ხოლმე, ამ შემთხვევაში ოსტატმა მოხატვის ნაცვლად რელიეფური ჯვარი განათავსა. რომელიც სარკმელებიდან შემოსული სინათლის ფონზე შესანიშნავი სანახავია. 
წუღრუღაშენის ტაძარი ქართული არქიტექტურის ბრწყინვალე ნიმუშია. იგი საჭიროებს მუდმივ ყურადღებას და მოვლა პატრონობას. ამჟამად მოქმედებს მამათა მონასტერი.
 
ფოტოები ლელა მარგიანის