პირღებულის მონასტერი


galerea



aRwera

პირღებულის მონასტერი მდებარეობს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სამშვილდის ნაქალაქარის დასავლეთით, დაახლოებით 5 კმ-ში. მონასტერი მდინარე ხრამის მარცხენა ნაპირზე, ძნელად მისადგომ კლდეზეა აგებული. ეს ადგილი ხრამის ხეობაში ბუნებრივ ქვაბულს წარმოადგენს. სწორედ ამ გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარეობს მისი სახელი - ”პირღებული”. პირღებულის მონასტერი დაკვირვებული თვალით სამშვილდის ნაქალაქარიდანაც მოჩანს. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ სამშვილდის, როგორც ქალაქის ძლიერების პერიოდში, ეს ტერიტორია ფაქტიურად ქალაქის გარე უბანს წარმოადგენდა და ახლანდელი გაუვალი კლდეები და ხეობა აქტიურად იყო დაკავშირებული გზებით ერთმანეთთან. ვახუშტი ბაგრატიონი პირღებულის მონასტერს ასე მოიხსენიებს: ”მონასტერი ქციის ხრამსა შინა პირღებულს, კლდე გამოკვეთილი დიდითა შენობითა და ყოვლით შემკული. ზის არქიმანდრიტი. იტყვიან თამარ მეფის ქმნულსა.” აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ როდესაც ექვთიმე თაყაიშვილმა შეისწავლა პირღებულის მონასტერი მან მასშტაბებიდან გამომდინარე ვარძიას შეადარა. მანვე წაიკითხა ტაძრის კედელზე არსებული ლაპირადურული წარწერა სადაც იხსენიება ტაძრის მაშენებლები. 
პირღებულის მონასტერი XIII საუკუნის I ნახევრით თარიღდება. შემდგომში იგი XVI საუკუნეში თბილელ ეპისკოპოსს ელისე საგინაშვილს შეუკეთებია და აღუდგენია. აღნიშნულს გვატყობინებს ტაძრის კარიბჭეზე არსებული წარწერა. 
კომპლექსი მოიცავს მთავარ ტაძარს, სამრეკლოს აგრეთვე სხვა რიგ სამეურნეო და საცხოვრებელ ნაგებობებს. მთავარი ტაძარი დარბაზული ტიპისაა, ნაგებია ადგილობრივი ბაზალტის ქვით. ტაძრის ჩრდილოეთის კედელი მთლიანადაა კლდეზეა მიდგმული. ერთადერთი შესასვლელი მხოლოდ სამხრეთის მხრიდან აქვს. ეკლესიას ჩრდილოეთით და სამხრეთის მხრიდან მინაშენები აქვს. ტაძრის კედლებზე შეიმჩნევა რამდენიმე გადაკეთების კვალი. რაც შეეხება ეკლესიის ინტერიერს იგი შელესილი და მოხატული ყოფილა, ამჟამად შემორჩენილია მხატვრობის რამდენიმე ფრაგმენტი.  მონასტერში 2006 წელს ჩატარდა სარესტრავრაციო სამუშაოები, შეკეთდა ტაძრის კამარები, თუნუქით გადაიხურა სახურავი.
პირღებულის მონასტერი დიდი კულტურული და ისტორიული მნიშვნელობის ძეგლია, რომელიც უფრო მეტ ყურადღებას საჭიროებს.
 

ინფორმაცია მოამზადა ანზორ მჭედლიშვილმა

ფოტოები - ლელა მარგიანის და ანზორ მჭედლიშვილის