ქოლაგირი
galerea
aRwera
ქოლაგირის ციხე-გალავანი, თბილისიდან 40 კმ-ში, ბოლნისის მუნიციპალტეტში, მდინარე ხრამის მარცხენა მხარეს, სწორ ადგილზეა აშენებული.
ქოლაგირი შეიძლება ითქვას, რომ უკანასკნელი საფორტიფიკაციო ნაგებობაა, რომელიც საქართველოში აშენებულა. იგი 1788-1798 წლებშია აგებული, ერეკლე მეორის მეუღლის დარეჯან დედოფლის მიერ. ძალიან მძიმეა მდგომარეობაა იმ პერიოდის ქვემო ქართლში, სადაც წყაროების მიხედვით, ფაქტიურად გამქრალია ქართული მოსახლეობა. ეს ფაქტი დასტურდება, დარეჯან დედოფლის მიერ 1801 წელს მთავარმართებლისათვის მიწერილ წერილში ”მეფემ მე მიბოძა უცხოს ქვეყნებიდან ქრისტიანენი, მოვაყვანინე დავასახლე კომლი ნე” (ანუ 55 კომლი). სწორედ ამ ჩასახლებული ქრისტიანების დასაცავად და თავშესაფრად საჭირო გახდა ამ ციხე-გალავნის აგება. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ იმ პერიოდში საკმაოდ მოძლიერებულია ახალციხის ფაშა, რომელიც პერიოდულად თავს ესხმოდა ქრისტიან მოსახლეობას. წყაროებში დაფიქსირებულია ფაქტები, რომ ახალციხის ფაშა ციხის მშენებლობის დროს არაერთხელ დაესხა თავს მშენებელებს, რათა შეეჩერებინა მშებელობა, ამის გამო იმდრიონდელ ხელისუფალთ ჩაუყენებიათ ჯარი. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ აღნიშნული ციხე-გალავანი პასუხობს იმ დროინდელ მოთხოვნებს და სამხედრო-სტრატეგიულ შესაძლებლობებს. საგულისხმოა ასევე ის ფაქტი, რომ მისი მშენებლობის დამკვეთი არის უშუალოდ სამეფო და არა, რომელიმე ადგილობრივი ფეოდალი. ეს ყველაფერი მის სახელმწიფოებრივ ფუნქციაზე მეტყველებს. საქართველოს სამეფოს გაუქმების შემდეგ მან შესაბამისი ფუნქცია დაკარგა.
ციხე-გალავანს კვადრატის ფორმა აქვს. მისი ზომები 135 მ * 135 მ-ზეა. შიდა ფართობით დაახლოებით 2 ჰექტარია. აღსანიშნავია მისი მოცულობა და ზომები, რომლის მსგავსი საქართველოს ფარგლებში შეიძლება არც მოიპოვებოდეს. არსებულ ციხე გალავნებში, იგი ყველაზე რთულია და მორთული. ციხეს ორი შესასვლელი აქვს, მთავარი ჩრდილო აღმოსავლეთის კედლის ცენტრში, ხოლო მეორე შედარებით პატარა მის მოპირდაპირე მხარეს. კარიბჭეების გვერდებზე თაბიებია(მცირე საბრძოლო კოშკები), კარიბჭის მარჯვნივ და მარცხნივ კედლების გაყოლებაზე კიდევ ორ ორი თაბიაა, ხოლო დანარჩენ ორ კედელზე ხუთხუთი. თაბიები ისე განლაგებული, რომ უზრუნველყოფდა ციხის მაქსიმალურ დაცვას. გალავანის სიმაღლე 6-7 მეტრს შეადგენს და ორ იარუსიანია, პირველი იარუსი ყრუა, ხოლო მეორე იარუსზე საბრძოლო ბილიკია და თავდაცვითი კედელი, პირველ იარუსზე კედლის სისქე 2 მეტრს აღწევს, საბრძოლო ბილიკი დაახლოებით 1,5 მეტრის სიგანისაა, რაც იძლევა თავისუფლად მოძრაობის, სხვადასხვა თავდაცვითი იარაღის განლაგების საშუალებას. ციხეს ოთხივე კუთხეში დიდი საბრძოლო კოშკები აქვს. ზომებში დაახლოებით 16-17 მეტრია. კოშკები ოთხ სართულიანებია და გამოიყენებოდა როგორც საცხოვრებლად ისე საბრძოლველად. სწორედ ამიტომ ყველა კოშკში არის ბუხარი და საპირფარეშო, სათოფურები. ყველა კოშკს შესავლელი ეზოს მხრიდან აქვს. მეორე სართული კი საბრძოლო ბილიკზე გადის, ყველა. მეოთხე სართული, ბანი არის სრული საბრძოლო დანიშნულების. აქ განლაგებულია, სათოფურები, საზარბაზნეები, სალოდეები.
ციხე-გალავანში მორთულობა, მხოლოდ ცენტრალურ კარიბჭეს აქვს. რომლის ფასადზე ჩადგმულია ქვები ლომების გამოსახულებით. აგრეთვე აგურის წყობით გამოყვანილია რომბების მსგავსი მორთულობა. გალავანში დგას მცირე ზომის დარბაზული ტიპის ეკლესია.
ძალიან სამწუხაროა ის ფაქტი, რომ მე-20 საუკუნის 60 იან წლებში, კომუნისტური მმართველობის პერიოდში, ციხის ტერიტორიაზე მოაწყვეს საქათმე მეურნეობა. პარმენ ზაქარაიასა და სხვა ეროვნულად მოაზროვნე ადამიანების წყალობით მხოლოდ ის მოხერხდა, რომ ციხის კედლებზე არ მიშენდა არაფერი. 10 წლის შემდეგ კი ეს საქათმე გაიტანეს გალავნიდან, მხოლოდ იმის გამო, საქათმეს სჭირდებოდა განიავება და ეს ციხის გალავანში არ ხერხდებოდა. სამწუხაროა ის ფაქტი, რომ იმ პერიოდში, ხელისუფლებაში არ ფიქრობდნენ ამ ისტორიულ ძეგლზე, მის დაცვაზე და მოვლა პატრონობაზე.
80-იან წლებში ქოლაგირის ციხე-გალავანზე ჩატარდა მცირე სარესტავრაციო სამუშაოები.
ამჟამად ციხე-გალავნის ტერიტორიაზე მოქმედებებს წმიდა ქეთევან დედოფლის სახელობის დედათა მონასტერი.
ინფორმაცია მოამზადა ანზორ მჭედლიშვილმა
ფოტოები - ლელა მარგიანის