წერაქვის მონასტერი


galerea



aRwera

      წერაქვის მონასტერი მდებარეობს ქვემო ქართლში, მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ წერაქვში. სოფელი წერაქვი საკმაოდ ძველი და ისტორიული სოფელია. იგი გაშენებულია მდინარე შულავერის(ხრამის შენაკადი) ნაპირზე. წერაქვიდან იყო წარმოშობით ცნობილი მწერალი და საზოგადო მოღვაწე მიხეილ ჯავახიშვილი. აქვეა მისი სახლ-მუზეუმიც. 
      კომპლექსის მოცულობიდან გამომდინარე თავისუფლად შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რომ აქ, საკმაოდ ძლიერი სამონასტრო ცხოვრება იყო. მონასტერი ტყის პირას მდებარეობს. ძირითად ნაგებობას წარმოადგენს დარბაზული ტიპის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია. მონასტერს გარს შემოვლებული აქვს ქვის გალავანი. გარდა ღვთისმშობლის ეკლესიისა კომპლექსის ტერიტორიაზე კიდევ ორი მომცრო ზომის წმიდა გიორგის სახელობის და მიქაელ მთავარანგელოზის დარბაზული ტიპის ეკლესიაა, აგრეთვე ტერიტორიაზეა თავმოყრილი სხვადასხვა სამეურნეო ნაგებობები, კელიები, მარანი, სატრაპეზო.
      ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესია, შემაღლებულ, დატერასებულ გორაკზე დგას. სტილისტურად იგი დარბაზულია. ნაგებია კარგად გათლილი ქვის კვადრებით. ჩრდილოეთის და სამხრეთის მხრიდან აქვს მინაშენი, ჩრდილოეთის მინაშენის აღმოსავლეთის მხარე აფსიდურია, სამხრეთის სწორკუთხა. შესასვლელი, ორი მხრიდან აქვს, სამხრეთიდან და დასავლეთიდან, ორივე მხრიდან ღია თაღოვანი კარიბჭებია. ორივე კარიბჭე მხატვრული თვალსაზრისით საკმაოდ მდიდრულადაა გაფორმებული, მათგან მნიშვნელოვანია სამხრეთის კარიბჭე, რომლის თავზეც ორნამენტული გვირგვინია. კარებებიც და სარკმლებიც წნულორნამენტიანი ჩარჩოებითაა გაფორმებული. აღმოსავლეთ აფსიდის სარკმლის მარჯვენა მხარეს კედელში არის ასომთავრულ წარწერიანი ქვა. იგი არასრულადაა წარმოდგენილი. მისი ნარჩენი ნატეხი, ძირში გათხრის შემდეგ იქნა აღმოჩენილი. წარწერა დევი ბერძენიშვილმა შემდეგნაირაად წაიკითხა:
 
”1. სახელითა ღმრთ[ისაჲთა] შე[წევნით]
2. ა სულის წმიდისა [ჲთა] [მეო]
3. ხებითა ყოვლად [წმიდისა]
4. ღმრთისმშობლისაჲთა ვიწყ[ე] [მე]
5. დიდმან ფანასკერტელმან  
6. მან მეორედ განახლება [დ] [ამის]
7. [წმიდისა ღმრთისმშ[ობლის]
8. [ეკლესიი]სა [სულისა] [ჩუენისა]
9. [სახსრად] და სამლოცველოდ”
 
      პალეოგრაფიული ნიშნებით ზემოხსენებული წარწერა, შესაძლებელია დათარიღდეს XV-საუკუნით. როგორც მისი შინაარსიდან ვიგებთ იგი ფანასკერტელს ხელმეორედ შეუკეთებია, ეს ყველაფერი კი იმაზე მიგვითითებს, რომ ტაძარი უფრო გვიანდელია. არქიტექტორული  თვალსაზრისით მისი დათარიღება XIII-საუკუნით არის შესაძლებელი. ტაძარი ამჟამად გადახურული კრამიტით, თუმცა გათხრების შედეგად აღმოჩენილია მოჭიქული კრამიტის ნაშთები. სავარაუდოა, რომ ტაძარი მოცისფრო მოჭიქული კრამიტით იყო გადახურული. 
     რაც შეეხება წარწერაში მოხსენიებულ ფანასკერტელს. როგორც ცნობილია ეს ტერიტორია ბარათაშვილების და შემდეგ მათი განაყარი გოსტაშაბიშვილების საკუთრებას. საინტერესოა საიდან მიუწვდებოდა ამ ადგილებში ხელი ფანასკერტელს, რომლებიც ისტორიულად სამხრეთ-დასავლეთი საქართველოს, ტაოს ფეოდალებს წარმოადგენდნენ. როგორც ცნობილია, მას შემდეგ რაც საქართველომ დაკარგა ერთიანობა, ფანასკერტელების საგვარეულო ქართლში გადმოვიდა. მათ დაიკავეს ქართლის ფეოდალების ტერიტორიები. მათ შორის ცნობილია, რომ მათ დაიკავეს ატენის ციხე, რომელიც მანამდე ჯავახიშვილების საკუთრებაში იყო. აგრეთვე საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ ყინწვისის ერთერთ ფრესკაზე მიწერილია ზაზა ფანასკერტის სახელი და გვარი. აქვე უნდა აღინშნოს, რომ ერთერთ საბუთში ზაზა ფანასკერტელი იწოდება ”დიდ ფანასკერტად”. აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ ყინწვისის მინაწერში მოხსენიებული ზაზა ფანასკერტი და ”დიდი ფანასკერტი” ერთი და იგივე პიროვნებაა, რომელიც საკმაოდ მოძლიერებულია და აღმშენებლობით საქმიანობასაც ეწევა. ფანასკერტელების გვარი მოგვიანებით ციციშვილებად იწოდებოდა.
         2004-2010 წლებში წერაქვის მონასტერში ჩატარდა სარეტავრაციო სამუშაოები. ამჟამად მოქმედი მამათა მონასტერია.
 

ინფორმაცია მოამზადა ანზორ მჭედლიშვილმა

ფოტოები - ლელა მარგიანის