ბირთვისი
galerea
aRwera
ბირთვისი მდებაროებს ქვემო ქართლში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, მდინარე ალგეთის ხეობაში, სოფელი ტბისის მიმდებარედ. ბირთვისის ციხე არც ერთი ნაგებობაა, არც ნაგებობათა კომპლექსი, იგი ბუნების საოცრებაა, რომელიც ადამიანმა მოხერხებულად გამოიყენა და აუღებელ ციხე-სიმაგრედ აქცია. მისი ფართობი დაახლოებით 1 კვადრატული კილომეტრია. ციხე რამდენიმე ნაწილისგან შედგება. მოიცავს სხვადასხვა ნაგებობებს, როგორც საბრძოლო ისე საცხოვრებელი და სამეურნეო სახის. ბირთვისის ციხე ითვლებოდა აუღებელ ციხე-სიმაგრედ. მისი აღება, მხოლოდ რამდენიმეჯერ დიდი ძალისხმევით მოხდა. საბრძოლო ისტორიიდან შემორჩენილია სახელები ”დედაციხე”, ”შეუპოვარი”.
ისტორიულ წყაროებში ციხე პირველად XI საუკუნეშია მოხსენიებული.
ბირთვისის ციხის შესახებ საინტერესო ფაქტებია აღწერილი თემურ-ლენგის ლაშქრობის დროს, ცნობილია, რომ მან საქართველოს შვიდჯერ დალაშქვრის დროს ვერ მოახერხა ციხის აღება. მერვე ლაშქრობის დროს 1403 წელს მას გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ ციხე აეღო. ქართველებს ციხე კარგად ჰქონდათ გამაგრებული. საკმარისად ჰქონდათ მომარაგებული სურსათი, ღვინო და წყალი. ცნობილია, რომ ციხითავი იმ დროს იყო ვინმე ნაზალი. პირველი ბრძოლა ქართველი მეციხოვნეების გამარჯვებით დასრულდა. ამით განრისხებულმა თემურ-ლენგმა გადაწყვიტა ხანგრძლივი ალყა დაედო ციხისთვის. ამის გამო ციხის გარშემო თავის ჯარისთვის სიმაგრეებიც კი ააშენებინა. ალყა საკმაოდ გაჭიანურდა, მოალყეები ციხეს ვერაფერს აკლებდნენ. ბოლოს თემურ-ლენგის ჯარში გამოჩნდა ადამიანი, რომელმაც დაწნული თოკების საშუალებით მოახერხა ციხეზე ასვლა. მეციხოვნეებს ღამე დაესხნენ თავს. ციხე დაეცა. თემურ-ლენგს ციხის აღება იმდენად მნიშვნელოვნად მიუჩნევია, რომ საზეიმოდ დარბაზობაც გაუმართავს.
შემდეგ პერიოდში ბირთვისის ციხის ისტორიაში მნიშვნელოვანია 1541 წლის შაჰ-თამაზის ლაშქრობა, როდესაც მან მთელი ქართლი ააოხრა, არ დატოვა არაფერი რაზეც კი ხელი მიუწვდებოდა. ერთადერთი ბირთვისის ციხე დარჩა აუღებელი, რომელიც საკმაოდ მყარად იყო გამაგრებული. შაჰ-თამაზმა, ციხის მცველები მოტყუებით, გამოიყვანა ციხიდან, დაპირდა უვნებლობას, თუმცა ციხის ჩაბარებისთანავე, მან ეს პირობა მაშინვე დაარღვია და თითქმის ყველა სიკვდილით დასაჯა, მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა უშველა თავს გაქცევით.
ბირთვისის ციხესთანაა დაკავშირებული, გიორგი სააკაძის ირანის წინააღმდეგ ბრძოლის ერთი მომენტიც. როგორც ცნობილია ბირთვისის ციხის პატრონი ქაიხოსრო ბარათაშვილი ირანის მხარეს იყო. მან ციხის გარნიზონი 500 ყიზილბაშით გაზარდა. გიორგი სააკაძემ ციხის აღება ბრძოლით ვერ მოახერხა. ამიტომ ხერხს მიმართა, თავს დაესხა ბარათაშვილთა რეზიდენციას ტბისში. ტყვეთ ჩაიგდო თვით ქაიხოსრო და მისი ძმა ხოსია. ხოლო შემდეგ მათვე გამოაყვანინა ბირთვისიდან ხუთასივე ყიზილბაში, რომლებიც ეგრევე ამოწყვიტეს.
ბირთვისის ციხე იყო საკმაოდ ძლიერი და სტრატეგიული ციხე. მან დიდი როლი ითამაშა ქართული სახელმწიფოს სიძლიერეში და ისტორიაში. ციხე დღესაც დიდ შთაბეჭდილებას ტოვებს მნახველზე. ბირთვისის ციხე საკმაოდ პოპულარული ადგილია ლაშქრობის და ექსკურსიების მოყვარულებს შორის. ძალიან სამწუხაროა ის ფაქტი, რომ პოპულარობასთან იზრდება მნახველების მიერ დატოვებული ნარჩენების რაოდენობა