ამაღლების ეკლესია
galerea
aRwera
მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში ქუთაისს კიდევ ერთი ახალი დასახლებული უბანი საფიჩხია შეემატა. საკუთარ ეკლესიას მოკლებულმა საფიჩხიის მცხოვრებლებმა მე-19 საუკუნის 70-იან წლებიდან დაწყებული, რამდენჯერმე ითხოვეს ნებართვა ეკლესიის აგებაზე. 1884 წლის 10 დეკემბერს მიმართეს იმერეთის ეპისკოპოს გაბრიელს, რათა ნება დაერთო ეკლესიის ასაგებად. გაბრიელ ეპისკოპოსმა ნებართვა გასცა, მაგრამ მშენებლობის დაწყებას ხელს უშლიდა მრევლის სიღარიბე. 1888 წლის ოქტომბერში საქართველოში ჩამოვიდა რუსეთის იმპერატორი ალექსანდრე III. იმპერატორი ქუთაისსაც ეწვია. 13 ოქტომბერს დაათვალიერა გელათის მონასტერი და მოწამეთა. 17 ოქტომბერს კი პეტერბურგისაკენ მიმავალი სამეფო მატარებელი გადაბრუნდა ტაგანროგსა და ბორკას სადგურს შორის. იმპერატორი უვნებლად გადარჩა. მხლებელთაგან 14 ადგილზე გარდაიცვალა. ამ ფაქტის გამო 17 ოქტომბერი საეკლესო დღესასწაულად დადგინდა. 17 ოქტომბრის მოსაგონებლად რუსეთის იმპერიის მრავალ ქალაქში დაიწყეს ეკლესიების მშენებლობა. ეს ფაქტი კარგად გამოიყენა გაბრიელ ეპისკოპოსმა ღარიბ საფიჩხიელთა სასარგებლოდ. 1889 წლის 28 სექტემბერს მან თხოვნით მიმართა ქუთაისის ქალაქის თავს ლუკა ასათიანს: "გვეძლევა შესანიშნავი შემთხვევა ეკლესიის აგებით გავაკეთოთ ორი კეთილი საქმე – აღმოუჩინოდ უდიდესი სიკეთე ქუთაისის მოსახლეობას და მასთან ერთად ამ ძეგლით გამოვხატოთ ხელმწიფე იმპერატორისადმი სიყვარული და რწმენა. საჭიროა, საჩუქრად გადავცეთ მათ ეკლესიის ასაგებად ადგილი, რომელიც აქამდის სიღარიბის გამო ვერ შეუძენიათ". პირადად გაბრიელმა ამ აქმისთვის 500 მანეთი გაიღო. იმავე წლის ოქტომბერში ქალაქის თვითმმართველობამ ეკლესიის ასაგებად 4000კვ საჟენი მიწა გამოყო თბილისის ქუჩაზე, ძველი "ზასტავის" ადგილზე. ეკლესიას სხვადასხვა დროს თანხები შესწირეს: გიორგი კოსტავამ 400 მანეთი, ლევან ქორქაშვილის მემკვიდრეებმა 400 მანეთი, ქუთაისის საადგილმამულო ბანკის დამფუძნებლებმა 200 მანეთი. დიაკონმა სიმონ კვიკაძემ 300 მანეთი.
1890 წლის 17 ოქტომბერს გაბრიელ ეპისკოპოსმა მშენებლობასთვის დიდი პარაკლისი გადაიხადა, სადაც შეიკრიბა შემოწირულობა. მშენებლობას ხელმძღვანელობდა სამშენებლო კომიტეტი, მღვდელი გერასიმე აბზიანიძის ხელმძღვანელობით, წევრები იყვნენ: მ. კლდიაშვილი, ლ. ქორქაშვილი, დ. უპრაშვილი. ეკლესია ააგეს ბერძენმა ოსტატებმა გიორგი შაბლახოვმა და ქრისტეფორე თოფალოვმა. შენობა აგებულია ეკლარის ნათალი ქვით.
1893 წლის 17 ოქტომბერს იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა მაცხოვრის ამაღლების სახელზე აკურთხა ტაძარი. 1940 წელს ეკლესია გაუქმებული იქნა, მასში სხვადასხვა დროს სპეც. საწყობები განათავსეს, ბოლოს კი ბიბლიოთეკა.
1989 წელს ეკლესია აკურთხა ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა კალისტრატემ ამაღლების დღესასწაულზე.