პეტრე-პავლეს ეკლესია


galerea



aRwera

პეტრე პავლეს სახელობის ეკლესია ქუთაისში, თევდორე ბერის ქუჩაზე მდებარეობს. 1881  წლის  10  მაისს  წმიდა  გაბრიელ  ეპისკოპოსის კურთხევით  ქუთაისში,  რიონის  სანაპიროზე,  ე.წ.  სილისუბნის  მცხოვრებლებმა  ერთხმად  გადაწყვიტეს  საკუთარი  ტაძრის  აგება. ეკლესიის  ასაგებად  შეიქმნა  სპეციალური  კომიტეტი,  შემდეგი  შემადგენლობით:  კაპიტანი  პ. ქორქაშვილი,  კ.  ცომაია,  ე.  მეტრეველი, დ. წულუკიძე,  გ.  ტყეშელაშვილი.  სულ  მალე  გაბრიელ  ეპისკოპოსის  რჩევით  მისიაში  შეიყვანეს  ქუთასის  პოლოცმაისტერის ყოფილი თანაშემწე,  მრჩეველი  ივ.  ბაიდუროვი. შემოწირული  ფულით  სექტემბერში  კომიტეტმა  შეიძინა  1700  კვადრატული  მეტრი მიწის  ნაკვეთი,  რომელშიც  გადაიხადეს  2112  მანეთი  და  1882  წელს  კომიტეტი  შეუდგა  ეკლესიის  მშენებლობას,  ბერძენი  ოსტატების მეშვეობით.  ეკლესია  შენდებოდა  ეკლარის  ნათალი  ქვით. 
         აღსანიშნავია,  რომ  ტაძრის  ასაშენებლად  200  მანეთი  გაიღო  დიდმა  რუსმა  წმიდა  მამამ,  იოანე  კრონშტანტელმა. 1895  წლამდე ეკლესია  ააშენეს  ფანჯრებისა  და  კარების  დონემდე  დაახლოებით  4  მეტრ  სიმაღლემდე,  ამის  შემდეგ  უსახსრობის გამო, მშენებლობა გარკვეული  დროით  შეჩერდა,  ასევე  თავისებური  გავლენა  იქონია  განსაკუთრებით  მკაცრმა,  ხანგრძლივმა  ზამთარმა  და იმერეთის ეპისკოპოსის  გაბრიელის  გარდაცვალებამ. 1897  წელს  ახალი  კომიტეტის  მიერ  დათხოვნილი  იქნა  ძველი  ოსტატები  და  მშენებლობის თაობაზე  ხელშეკრულება  გააფორმეს  ცნობილ  ოსტატ  ისიდორე  ფილიპეს  ძე  ბერეკაშვილთან. 1897-1901  წლებში  კომიტეტმა  9100 მანეთზე  მეტი  თანხის  შეკრება  შეძლო,  აქედან  სინოდმა  ტაძრის  მშენებლობას  2000  მანეთი  გამოუყო,  აქვე  უნდა  აღინიშნოს,  რომ ეკლესიას  2000  მანეთი  შესწირა  რუსეთის  იმპერატორმა  ნიკოლოზ  მეორემ.  1902  წელს  იმერეთის  ეპისკოპოს ლეონიდეს (ოქროპირიძე)  კურთხევით  რუსეთში  გაიგზავნა  მღვდელი  იოანე  კერესელიძე,  რომელმაც  გარკვეული  თანხა  შეაგროვა,  რაც  ეკლესიის დამთავრებას  ეყო. 1903  წლის  9  თებერვალს  პეტრე-პავლეს  სახელობის  ეკლესია  აკურთხა  იმერეთის  ეპისკოპოსმა  ლეონიდემ,  რის შემდეგ  იგი  მოქმედებდა  1923  წლამდე.     1923  წელს  ტაძარი  დახურეს  ბოლშევიკებმა  და  მასში  განათავსეს  ქუთაისის  კომკავშირული კლუბი.  საეკლესიო  ნივთების  ნაწილი  კი  1924  წლის  2  ნოემბერს  მუზეუმში  გადაიტანეს.  1944  წელს  დაანგრიეს  ქუთაისის  ცენტრში (დღევანდელი  მერიის  ადგილზე)  მდებარე  მთავარანგელოზის  ეკლესია.  მიტროპოლიტ  ეფრემის  ძალისხმევით,  კანდელი  და  კანკელის ხატები  გამოტანილ  იქნა  პეტრე-პავლეს  ეკლესიაში.  იმავე  1944  წელს  პეტრე-პავლეს  ეკლესია  ეკურთხა  საკათედრო  ტაძრად. აღსანიშნავია,  რომ  ამჟამად  ტაძარში  ინახება  1945  წელს  მიტროპოლიტ  ეფრემის  მიერ  შეწირული  ვერცხლის  ბარძიმ-ფეშხუმი,  ვერცხლის  შანდლები,  ხელბანა,  ლანგარი  და  სხვა.  აგრეთვე  ტაძარში  ინახება  უწმინდესი  და  უნეტარესი  კალისტრატეს  (ცინცაძე)  ნაქონი  ოდიკი.  ტაძრის  კანკელში  დაბრძანებულია  მე-18  საუკუნის  ვერცხლის  მთავარანგელოზების  ხატი,  იქვეა  ვერცხლით  მოჭედილი  საწინამძღვრე  ჯვარი,  რომელიც  სათაფლიის  მიდამოებში  აღმოაჩინა  პეტრე  ჭაბუკიანმა  და  ტაძარს  შესწირა.  
პეტრე-პავლეს  სახელობის  საკათედრო  ტაძარში  მოღვაწეობდნენ  მიტროპოლიტები:  ეფრემი  (სიდამონიძე)  1944-1953 წწ., გაბრიელი  (ჩაჩანიძე)  1953-1956 წწ.,  ნაუმი  (შავიანიძე)  1957-1963 წწ.,  რომანოზი  (პეტრიაშვილი)  1971-1974 წწ.,  შიო  (ავალიშვილი)  1978-1981 წწ.,  ნიკოლოზი  (მახარაძე)  1981-1982 წწ. 
პეტრე-პავლეს  სახელობის  საკათედრო  ტაძარში  დაკრძალულნი  არიან  მიტროპოლიტები:  დავით  კაჭახიძე  და  ნაუმი  შავიანიძე. 
2003  წლის  12  ივლისს  აღინიშნა  პეტრე-პავლეს  საკათედრო  ტაძრის  საუკუნოვანი  იუბილე.