ხორნაბუჯი


galerea



aRwera

ხორნაბუჯი მდებარეობს დედოფლისწყაროს რაიონში, დედოფლისწყაროდან რამდენიმე კილომეტრში. იგი საქართველოს ერთ-ერთ უძველეს და ულამაზეს ციხე-ქალაქს წარმოადგენს. თვითონ ციხის მთავარი ციტადელი მიუვალ კლდეზეა გაშენებული საიდანაც ულამაზესი ხედები იშლება ალაზნის ველზე. არქეოლოგიური გამოკვლევები ადასტურებს ამ ადგილას დასახლების არსებობას, ჯერ კიდევ წინაქრისტიანულ ხანაში, ძვ.წ. IV-III სს-ში. ქალაქ ხორნაბუჯის განვითარება V ს-დან იწყება და ვახტანგ გორგასალის სახელთან არის დაკავშირებული, რომელმაც აქ საეპისკოპოსო კათედრა დააფუძნა, ხოლო თვით ქალაქი თავის ვაჟს, დაჩი უჯარმელს უბოძა. ციხე-ქალაქი სავაჭრო გზაზე მდებარეობდა. VI ს-დან იგი ქართლის ერისთავებს ეკუთვნოდა, ხოლო VIII ს-დან – ჰერეთის სამთავროს. XI ს-დან ფეოდალთა გვარის მახატლისძეთა რეზიდენციას და გაერთიანებული საქართველოს განაპირა საერისთავოს ცენტრს წარმოადგენდა.
XII ს-ში, თამარ მეფის დროს, ქალაქი კვლავ განიცდის დიდ აღმავლობას რის გამოც, ციხეს დღესაც თამარის ციხეს უწოდებენ. 
ბერქა ყაენის დამანგრეველი შემოსევის შემდეგ, XIII ს-ში, ქალაქური ცხოვრება აქ მოიშალა და აღარც განახლებულა. თუმცა ხორნაბუჯის ციხეს თავისი საფორტიფიკაციო ფუქცია არ დაუკარგავს. XIV ს-ში იგი განაახლა ალექსანდრე კახთა მეფემ, ხოლო შემდგომში, XVII ს-ში ფეიქარ ხანის რეზიდენცია იყო და 1625 წელს კი გიორგი სააკაძემ დაუბრუნა საქართველოს. ამჟამად აქ შემორჩენილია შიდა ციხის კედელ-გოდოლები, გვირაბები, წყალსაცავები, მრავალრიცხოვანი გადასასვლელი დერეფნები და კიბეები.
1837 წელს ხორნაბუჯის ციხესიმაგრე უნახავს და დაუხატავს რუს პოეტს მიხეილ ლერმონტოვს. საქართველოში ყოფნის დროს ხორნბუჯი დაათვალიერა დიდნა ფრანგმა მწერალმა ალექსანდრე დიუმამ.
მაღალ მთაზე განლაგებული ციტადელი ახლაც დიდ შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე.

 

 

 

ინფორმაცია მოამზადა ანზორ მჭედლიშვილმა

ფოტოები  - ანზორ მჭედლიშვილის და ლელა მარგიანის