წმიდა დოდო გარეჯელის სახელობის ეკლესია


galerea



aRwera

       წმ. დოდოს სახელობის ეკლესია მდებარეობს ქ. საგარეჯოში დოდოს უბანში, ბარათაშვილისა და რუსთაველის ქუჩების გადაკვეთაზე.
       ეკლესია XVII საუკუნეებშია აგებული, აქ არსებული VI საუკუნის ეკლესიის ადგილზე. მასალად გამოყენებულია აგური. შიგნიდან მოხატული არ არის. აქვს სამღვდელო სახლი, რომელიც XX საუკუნის 70-იან წლებში მამა იოაკიმეს მიერაა აგებული. ეკლესიაში ტრაპეზის ქვეშ დაკრძალულია წმ. დოდო გარეჯელის წმინდა ნაწილები. ღირსი დოდო გარეჯელი წარმოშობით კახელი იყო, ანდრონიკაშვილთა გვარიდან. სიყრმიდგან მონაზვნობის ღვაწლის მიმღები და ქრისტეს მსახურებას შემდგარი, ყოველგვარი სათნოებით იყო შემკული. უპოვარებისა და დაყუდების მოყვარული ბერი განმარტოებით მოღვაწეობდა ნინოწმინდაში.
        როცა ღირსმა დოდომ გაიგო მამა დავით გარეჯელის სასწაულების ამბავი, გარეჯში წავიდა. ღირსმა მამებმა კეთილად მოიკითხეს ერთმანეთი და გვერდიგვერდ დაიწყეს მოღვაწეობა. რამდენიმე ხნის შემდეგ მამა დავითმა იხილა ღირსი დოდოს სარწმუნოებრივი სიმტკიცე, მოეწონა „სიმახვილე დოდოს გონებისა საღმრთოსა შინა“ და კურთხევა მისცა პირდაპირ აღმართული კლდის წვერზე აეგო სენაკები და იქ წაეყვანა თანამოსაგრეები. ძმებმა ააგეს სენაკები და დაიწყეს მოღვაწეობა. შემდეგ სენაკების რაოდენობამ ორასს გადააჭარბა. თვითონ ღირსი დოდო დაეყუდა ერთ ვიწრო ნაპრალში, რომელიც ერთ კაცს ძლივს იტევდა და დღე და ღამ, ზამთარ-ზაფხულ, სიცხესა და ყინვაში ცრემლებით ევედრებოდა უფალს ცოდვათა მიტევებას, ძმათა გაძლიერებას და ქვეყნის მოქცევას ჭეშმარიტ სჯულზე.
        ერთხელ მამა დავითმა სასწაულებრივად განკურნა რუსთავის მთავრის, ბუბაქარის დავრდომილი ვაჟი. მადლიერმა მთავარმა მეუდაბნოე ბერებისთვის აუცილებელი ნივთები მიართვა ღირს მამას. წმიდა დავითმა მიიღო ნაწილი, დანარჩენი კი ღირს დოდოს გაუგზავნა და ბუბაქარს ურჩია, მისი ხელით მონათლულიყო. წმიდა დოდომ სიხარულით აღასრულა ნათლობის საიდუმლო და ნათელ-სცა ბუბაქარს, მის სამ ვაჟს და მთელს ამალას.
        სოფ. საგარეჯოში დოდოს ეკლესიას ჰქონდა დიდი ზვარი გაშენებული ორნახევარ დესტინაზე, ეკლესიის წინ დიდი სასტუმრო - სადგომი, მარანი, პურის ბეღელი, საქონლის ბოსელი და საბძელი. მთელ ამ მეურნეობას განაგებდნენ დალბაშვილები. მათვე ევალებოდათ ვენახებისა და ხეხილის ბაღების მოვლა-პატრონობა.
        არსებობს მოსაზრება, რომ დოდოს ეკლესიაში გახსნილი იყო სამხატვრო სასწავლებელი, რომელმაც რამდენიმე საუკუნე იარსება და მრავალი კარგად დახელოვნებული მხატვარი მოამზადა.
        XIV საუკუნეში თემურ-ლენგს საქართველოს სხვა კუთხეებთან ერთად საგარეჯოც დაურბევია და გაუძარცვავს. მათ შორის იყო დოდოს ეკლესია, საიდანაც გაუტანიათ ეკლესიის სიმდიდრე, ოქროს შანდლები, ხატის ჩარჩოები. საღვთო წიგნები დაუწვავთ და გაუნადგურებიათ. ამ შემოსევებს დოდოს ეკლესიისათვის არსებობის უნარი წაურთმევია. მდგომარეობით ისარგებლეს ფეოდალებმა, მიიტაცეს ეკლესიის მიწები. ალექსანდრე კახთა მეფეს მოუწესრიგებია სამონასტრო მამულებით სარგებლობის უფლება.
        საბჭოთა პერიოდში ანტირელიგიური მოძრაობის პირობებში ეკლესია მოქმედი იყო 1930 წლამდე. შემდეგ ის კოლმეურნეობის საწყობად გაადაქციეს. 1970 წლიდან ეკლესია კვლავ დაუბრუნდა საქართველოს საპატრიარქოს და დოდოს ეკლესიაში აღსდგა წირვა-ლოცვა.
        1978 წლის ივლისში დოდოს ეკლესიაში ჩამობრძანებული იყო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია II.
        ეკლესიაში აღესრულება სასწაულები. არის რამდენიმე მირონმდინარე ხატი. მირონდინება განსაკუთრებით ძლიერდება მარხვაში. XX საუკუნის შუა ხანებში, 1948-50 წლებში მღვდელ ევაგრე დიასამიძის მიერ ტაძარს აღდგენითი სამუშაოები ჩაუტარდა. წმიდა დოდო გარეჯელის ეკლესია მოქმედია. ღირსი დოდო გარეჯელის ხსენების დღეა ამაღლების შემდგომი ოთხშაბათი (გარდამავალია).