დოდოს რქა
galerea
aRwera
გარეჯის ლავრის შესასვლელიდან ჩანს მოპირდაპირე მთა, რომელთა ძირშიც ფერმებია. მწვერვალზე ჩანს ნაგებობა. ეს ნაგებობა და მთა - არის დოდოს რქა, სადაც ცხოვრობდა და მოღვაწეობდა წმ. მამა დოდო გარეჯელი. შედგება სხვადასხვა დროის (VI - XVIII სს. ჩათვლით) გამოქვაბული კომპლექსებისაგან. მთავარი დარბაზული ეკლესია და სატრაპეზო გარეჯის საერთო აღმავლობის პერიოდს - XI-XIII საუკუნეებს განეკუთვნება. განსაკუთრებით საყურადღებოა კლდეში გამოკვეთილი წმ. დოდოს მცირე ეკლესია, რომლისაგანც შემორჩენილია საკურთხევლის აფსიდის კონქი, კლდეში გამოკვეთილი უყელო გუმბათი, ჩრდილოეთი კედელი და დასავლეთი ნართექსის კედლის ნაწილი. კონქში შემონახულია მხატვრობის ერთ-ერთი ყველაზე ადრინდელი (VIII-IX სს.) და მნიშვნელოვანი ნიმუში საქართველოში. მოხატულობის მთავარი ფიგურაა ტახტზე მჯდომი ქრისტე მაკურთხებელი მარჯვენით. მარცხენა ხელში უჭირავს გადაშლილი წიგნი, რომელზედაც ქართული წარწერის კვალია შერჩენილი. მაცხოვრის ორსავე მხარეს თითო მედალიონია მოთავსებული. ერთში გამოსახულია ქალის ფიგურა მკერდამდე, მთვარის ქიმით თავს ზემოთ, მეორეში (ასევე მკერდამდე) - ფრიგიულ თავსაბურავიანი ჭაბუკი აგიზგიზებული ჩირაღდნით მარჯვენა ხელში. როგორც ჩანს, პირველი ფიგურა მთვარეს განასახიერებდა, მეორე - მზეს. ამგვარი გამოსახულებანი ადრინდელი ქრისტიანულ სარკოფაგებში გვხვდება. ქრისტეს ქვემოთ გამოსახულნი არიან მთავარანგელოზები მიქელი და გაბრიელი, აგრეთვე ტეტრამორფი (ოთხი მახარებლის სიმბოლური გამოსახულება) და ქერუბინი (ექვსფრთიანი ანგელოზი). დოდოს რქის მონასტრის პოლიტიკური-ეკონომიკური ისტორია დაკავშირებულია დავითგარეჯის მონასტრის ისტორიასთან. XII-XV საუკუნეებში დოდოს რქა სამეფო მონასტერი იყო. 1424 წელს ალექსანდრე I-მა დავითგარეჯთან ერთად შესწირა მცხეთის საკათალიკოსო სვეტიცხოვლის ეკლესიას. XIII-XVIII საუკუნეებში გარეშე მტრების (მონღოლების, თემურლენგის, თურქების, ირანელებისა და ლეკების) შემოსევისა და ბატონობის შედეგად დაქვეითდა ბევრჯერ დაცარიელდა. დოდოს რქის მონასტერი ეპარქიულად რუსთაველის საეპისკოპოსოში შედიოდა. XV-XVII საუკუნეებში კათოლიკოს-პარტიარქს ემორჩილებოდა, შემდეგ 1760 წლამდე - ნინოწმინდელ ეპიკოპოსს. 1760 წელს დავითგარეჯს შეუერთეს. გასული საუკუნის მიწურილს გაუკაცრიელდა.
დოდოს რქასთან მისვლა შესაძლებელია ორი გზით - ერთი ზემოდან მანქანა მიდის მთის ძირამდე - მაგრამ მერე ძნელი გადასასვლელია უშუალოდ დოდოს ხევის სენაკებში - სადაც უნიკალური ფრესკებია; და მეორე ფერმიდან - ანუ ქვემოდან - იქაც მთაა გადასასვლელი....დოდოს რქაზე ამ ნაგებობას სავარაუდოდ თავდაცვითი ფუნქცია ჰქონდა...
ის პირდაპირ უყურებს ჩიჩხიტურს.. მის ქვემოთ სენაკები და გამოქვაბულები იყო. 300-400 მეტრის დაშორებით დასავლეთის მიმართულებით არის დიდი დარბაზი და საკურთხეველი - სადაც ფრესკების შემორჩენილი. იქით მიმავალი გზა სულ უფრო და უფრო ციცაბო ხდება...ფაქტიურად კლდის ძირში - ფერდობზეა სამოძრაო. გზად შეგხვდებათ კლდეზე გამოქვაბულები და ეკლესიები.
ბოლოს მიადგებით კლდეში ნაკვეთ პატარა სალოცავს. სადაც, მართალია ძალიან ცუდ მდგომარეობაში, მაგრამ მაინც, შემორჩენილია ფრესკები. იქვე ორ ნაბიჯში არის კიდევ ერთი გამოქვაბული, ჩასასველი ქვევით, საიდანაც უცებ აღმოჩნდებით დიდ ეკლესიაში.
ინფორმაცია მოამზადა -ლელა მარგიანმა
ფოტოები - ანზორ მჭედლიშვილის და ლელა მარგიანის