უდაბნო


galerea



aRwera

        დავითის ლავრის სამხრეთ-დასავლეთით აღმართული კლდის სამხრეთ ფერდობზე მდებარეობს უდაბნო - ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, სამონასტრო ანსამბლი. გამოქვაბული მონასტერი მოიცავს მრავალ ეკლესია-სენაკს. ანსამბლის მთავარი ნაგებობაა ღვთისმშობლის ეკლესია, რომელსაც ჩრდილოეთით სამთაღიანი გასასვლელით დაკავშირებული მაღალი და ფართო სადიაკვნე ეკვრის. მონასტერს ჰქონდა აგრეთვე სატრაპეზო და სხვა დანიშნულების სათავსოები. უდაბნოს მონასტერში დაცულია მხატვრობა, რომელშიც პირველად აისახა დავით გარეჯელის ცხოვრების ციკლი. მთავარი ეკლესიის მოხატულობის უძველესი ფენა X საუკუნის II ნახევრით თარიღდება. ამავე ხანას მიეკუთვნება სატრაპეზოს მოხატულობა. ეს სატრაპეზო არის 6-7 მეტრის სიმაღლის. ამ სატრაპეზოს აქვს მარანში შესასვლელი კარი, რომელიც გამოკვეთილია ასევე კლდეში. იქ დღესაც არის შემორჩენილი დამარხული ქვევრები. აქ ტრაპეზის პირდაპირ არის გამოხატულება: მაცხოვრისა, ღვთის-მშობლისა და ნათლის-მცემლისა, სრულის ტანით მოუშლელი, რომელთათვის თათრებს მოუთხრიათ თვალები ხანჯლის წვერით. სადიაკვნის მოხატულობა სტილისტური და იკონოგრაფიული ნიშნებით ახლოს დგას ქრისტიანული აღმოსავლეთის ქვეყნების ადრინდელი ხანის მოხატულობის ნიმუშებთან და 856-864 შორის უნდა იყოს შესრულებული (გ. აბრამიშვილი). მოხატულობის II ფენა XIII საუკუნეს მიეკუთვნება, ხოლო შემდეგი - XIV საუკუნეს.
       ეკლესია, რომელიც უდაბნოს აღმოსავლეთ ბოლოში დგას აღდგომის ეკლესიაა, აგებულია VIII-IX საუკუნეებში. ამ ეკლესიაში, ქრისტეს აღდგომის დღესასწაულის ღამეს, როდესაც ეს ღირსნი მამები აღასრულებდნენ ღამით აღდგომის ცისკარს და გარს უვლიდნენ ეკლესიას სანთლებით, მაშინ შაჰ-აბასმა დაინახა შორიდან და წამოვიდა ჯარით მათკენ; როდესაც ბერები საღმრთო ლიტურგიას აღასრულებდნენ და მიიღეს კიდეც წმინდა საიდუმლო, სწორეთ იმ დროს დაესხა თავს ის ურჯულო და 6000 ბერი სააღდგომო კრავებივით ამოწყვიტა. წინამძღვარს ჰქონდა ხილვა, რომ უფალი გარეჯელ ბერებს თავისთან იხმობდა, იგი სხვა ბერებსაც მოუყვა. მხოლოდ ორი ახალნაკურთხი ბერი შეშინებულა და მონასტრიდან გაქცეულან. გაქცეულებმა უკან მოიხედეს და საოცარი სურათი იხილეს - ტრაგედიის ადგილზე ზეციდან სამი ნათელი სვეტი იყო გადმოსული. მათ გარშემო კი უამრავი ვარდისფერი გვირგვინი ლივლივებდა. გაქცეული ბერები გონს მოეგნენ, შიში დაძლიეს, უკან დაბრუნდნენ და მოძმეთა ბედი გაიზიარეს. იმ ადგილზე, სადაც ორი ბერი უსჯულოებმა სიცოცხლეს გამოასალმეს, ორი ვარდი ამოსულა. უწყლობის მიუხედავად ვარდები ორი საუკუნის განმავლობაში ხარობდა. არჩილ მეორეს ერთ-ერთი ვარდის გადანერგვა მოუსურვებია, მაგრამ ვერ მოუხერხებია. ვარდი მე-20 საუკუნის დასაწყისამდე, სანამ სამონასტრო ცხოვრება არ ჩაკვდა, ცოცხლობდა. გადმოცემის მიხედვით, 6000 დაღუპული ბერის ცხედარი კარგა ხანს უპატრონოდ, ღია ცის ქვეშ ყოფილა, მაგრამ ისეთ სურნელებას აფრქვევდნენ, ცხოველი და ფრინველი არ ეკარებოდა. დღესაც ცხადად ჩანს კვალი მაშინ დათხეული სისხლისა; მაგ. ზემოთ ნახსენებ სატრაპეზოში აქეთ-იქით მხარეზედ აჩნია დაღვრილი სისხლი.
        ამ წამებულთ ძვლები, რომელთაც აჩნიათ მახვილის დანაკრავი თავზე და მკლავზე, საქართველოს მეფემ თეიმურაზ პირველმა შეაკრებინა ერთად, ააშენა ერთი მცირე ეკლესია, გარეჯელ მამათა სამარტვილე, რომელიც უდაბნოს დასავლეთ ბოლოში დგას და საკურთხეველში ერთ საწნახელში ჩააწყობინა. ამ წმინდანების მათ ხსენებას საქართველოს ეკლესია დღესასწაულობს ბრწყინვალე კვირიაკეს სამშაბათს.
       უდაბნოში ყველაზე მაღლა არის ხარების ეკლესიის ნანგრევი.

 

ინფორმაცია მოამზადა  ლელა მარგიანმა

ფოტოები  - ანზორ მჭედლიშვილის და ლელა მარგიანის