დავითის ცრემლები


galerea



aRwera

        უდაბნოს მთის კალთაში არის გამოქვაბული, სადაც ძირიდან და ზემო კედლებიდან ცვარივით წვეთს წყალი და საათში ერთი ბოთლი გროვდება, მშვენიერის ფერის და გემოსი, რომელსაც უწოდებენ "ცრემლის წყალს", ხოლო მლოცველი ხალხი კი ეძახის: "მადლის წყალს", "დავითის წყალს".
         ამ ცრემლების ისტორია ასეთია: მამა დავითი ბერების სენაკში ხშირად დადიოდა ნუგეშისსაცემად და გასამხნევებლად. ერთ-ერთი მათგანისგან, რომელიც კლდეზე ცხოვრობდა, შეიტყო, რომ ამ კლდის ძირას მწარე წყალი მოწვეთავდა. ბერს ამ წყლის სმა უწევდა, მაგრამ თავს იმით ინუგეშებდა, რომ ჯოჯოხეთის სატანჯველი უფრო მწარეა და აქ დათმენა სჯობს იმქვეყნიურ მარადიულ ტანჯვას. წმიდა დავითს შეეცოდა ბერი და უფალს შეევედრა, წყალი დაეტკბო. ჭურჭელი წყაროს წყლით აავსო და ჯვარი გარდასახა. მოხდა სასწაული და მწარე წყალი გატკბილდა. ამ წყაროს დავითის ცრემლები უწოდეს. იგი ამჟამადაც წვეთობით გამოედინება კლდიდან და როგორც ამბობენ, სხვადასხვა დაავადებებს არჩენს. ბერები ხშირად ხდებიან მისი სასწაულის შემსწრენი. მათი თქმით ამ წყაროს წყალს მძიმე სენით დაავადებულ ქუთაისელ ბავშვს ასმევდნენ და განიკურნა. ''დავითის ცრემლები'' წმიდა წყალია და მასში დაბანა ან ჭურჭლის გარეცხვა არ შეიძლება. იგი მორწმუნეებს სახლში მიაქვთ და უზმოზე სვამენ. ამბობენ, რომ განსაკუთრებულად უშვილობასა და თვალის დაავადებებს შველის.
         ქვათახევის მონასტრის ხელნაწერებში ასეთი ამბავიცაა მოთხრობილი: თათარმა მწყემსებმა მამა დავითის მონასტერი დაარბიეს. შევიდნენ იმ გამოქვაბულში, სადაც '' დავითის ცრემლების'' წყალი წვეთავს და იქ თავიანთი სარწმუნოებრივი რიტუალი, ნიზამი ჩაატარეს, რის შემდეგაც წყალი გაქრა. როცა ეს მონასტრის ბერებმა შეიტყვეს, წინამძღვარმა მამა დავითის სახელზე პარაკლისი გადაიხადა, ამოაბრძანეს ამ ადგილზე მადლის ქვა, ნაკურთხი წყალი აპკურეს და ''დავითის ცრემლებმა'' ისევ დაიწყო დენა.
         ეს გამოქვაბული უდაბნოდან უკან დაბრუნებისას გზაზე - დაღმართზე გვხვდება. გამოქვაბული დაკეტილია, მაგრამ შიგნით წყაროს მუდამ უდგას ჭურჭელი. ამბობენ, როცა ჭურჭელი გაივსება, წვეთები წყვეტენო წანწკარს, სანამ ახალ ჭურჭელს არ დაუდგამენო. 
      

 

 

ინფორმაცია მოამზადა  ლელა მარგიანმა

ფოტოები  - ანზორ მჭედლიშვილის და ლელა მარგიანის