ჭულე(ჭულევი)
galerea
aRwera
ჭულევის მონასტერი მდებარეობს სამცხე-ჯავახეთში, ადიგენის მუნიციპალიტეტში, დაბა ადიგენიდან შვიდ კილომეტრზე, ფერსათის მთების ძირში. სახელწოდება „ჭულევი“ მომდინარეობს სიტყვიდან „ჭური“, რომელიც ძველ ქართულში ჩავარდნილ, ჩაფარებულ ადგილს ნიშნავდა. ჭულევის ადგილმდებარეობა სავსებით შეესაბამება. მონასტრის სახელი სამი ვარიაციული ფორმით იხმარება: „ჭულე“, „ჭულევი“ და „ჭულები“. დღეისთვის დამკვიდრებულია სახელწოდება „ჭულევი.“
ჭულევის სამონასტრო კომპლექსის მთავარი ნაგებობაა გუმბათოვანი ტაძარი, რომელიც აშენებულია წმ. გიორგის სახელზე და თარიღდება XIV საუკუნით. ტაძრის გეგმა და შიგა სივრცე ტიპურია - იგი ოდნავ წაგრძელებული, გეგმით სწორკუთხა ნაგებობაა შვერილების გარეშე. გუმბათი დაყრდნობილია საკურთხევლის კედლებსა და 2 ჯვარისებრ გუმბათქვეშა ბურჯზე. საკურთხევლის აფსიდში 2 ნიშია. სამკვეთლოსა და სადიაკვნეს აღმოსავლეთით აფსიდები აქვთ. შესასვლელი ორია - დასავლეთით და სამხრეთით. გუმბათის ყელში 6 სარკმელია. კონქის ქუსლის სიმაღლეზე პროფილირებული სარტყელი გარს უვლის მთავარ ჯვაროვან სივრცეს. განსაკუთრებით თვალში საცემია ცრუ პატრონიკეები. არის განმასხვავებელი ნიშნებიც: აქ შიგა სივრცე უფრო კომპაქტურია. მკლავები და კუთხის ნაწილები უფრო შემჭიდროებულია გუმბათქვეშა სივრცის გარშემო და გუმბათიც უფრო მაღალი ჩანს, რასაც ხელს უწყობს ქვედა კორპუსის ამაღლება და გუმბათის დიამეტრის სიმცირე.
ამ ტაძრის ადგილას უძველესი დროიდანვე არსებობდა წმ. გიორგის სალოცავი, რაზეც მიგვანიშნებს ტაძრის ჩრდილოეთ კედლის საფეხურში ჩატანებული ადრე შუა საუკუნეებით დათარიღებული მეორადი გამოყენების ჩუქურთმიანი ქვები და ასომთავრულით შესრულებული ფრესკული წარწერა, რომელიც მხატვარ არსენის ეკუთვნის.
ეკლესიის მაშენებლები სამცხის მმართველი საგვარეულოს, ათაბაგთა (ჯაყელთა) ოჯახის წევრები არიან. ათაბაგების „ოჯახური“ ფრესკული პანო ეკლესიის სამხრეთის კედელზეა გამოსახული და ერთდროულად რამდენიმე თაობას წარმოგვიდგენს. აქ გამოსახულნი არიან: სარგის I საბა (1266-1255), ბექა მანდატურთუხუცესი (1285-1306), სარგის II სამცხის სპასალარი და მანდატურთუხუცესი (1306-1334), ყვარყვარე I ამირსპასალარი (1334-1361), შალვა, სამცხის სპასალარი და ათაბაგი (1361-1374).
ინტერიერი თავის დროზე მთლიანად ყოფილა მოხატული. მხატვრობა მშენებლობის თანადროულია, დღეისათვის კი მხოლოდ ნაშთიღაა შემორჩენილი, ისიც, მხატვრული თვალსაზრისით, შედარებით მდარე და „ხელოსნური“, თუმცა სახეთა ექსპრესიულობა და ემოციურობა მაინც იგრძნობა.
ჭულევის სამონატრო კომპლექსის მშვენებას ეკლესიის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე სამრეკლო წარმოადგენდა, რომლისგანაც მხოლოდ ფოტოებიღა შემოგვრჩა. ნაგებობა მაღალმხატვრული ღირსებისა ყოფილა, რასაც საგანგებოდ აღნიშნავს ექვთიმე თაყაიშვილი: „ჭულების ნახევრად დანგრეული სამრეკლო გვაოცებს მორთულობის სიმდიდრითა და სილამაზით: სარკმლები და სამხრეთის კარი დაფარულია უნატიფესი ჩუქურთმით... ასევე ნატიფია შიგნით თაღების შემკულობა... სამრეკლო მთლიანად რომ შემორჩენილიყო, იქნებოდა ყველაზე ლამაზი მთელს საქართველოში“. სამრეკლოს ცისფერი სმალტით შემკულ ჩუქურთმებს აღმოსავლური გავლენაც დაჰკრავდა.
1595 წლისთვის ჭულევი უკვე გაუკაცრიელებულია. ამის შემდეგ იგი წყაროებშიც აღარ მოიხსენიება. XV-XVI საუკუნეებში ადგილობრივ მცხოვრებთ, გადარჩენის მიზნით, ჩამოუხსნიათ ეკლესიის ზარები და, ღვთისმსახურებისთვის საჭირო სხვა ინვენტართან ერთად, ტაძრის ჩრდილო-აღმოსავლეთით ტყეში მიწაში ჩაუფლავთ. ეს ზარები და ვერცხლის ბარძიმის ფრაგმენტი XX ს-ის 80-იან წლებში შემთხვევით, ხის მოჭრისას უპოვია ზანაველ მეტყევეს კაკო ხოზრევანიძეს, რომელსაც ისინი ახალციხის მხარეთმცოდნეობის მუზეუმისთვის ჩაუბარებია. ამჟამად ზარები ეკლესიაშია დაბრუნებული.
XVI-XIX საუკუნეებში ტაძარი იძარცვებოდა გამაჰმადიანებული მოსახლეობის მიერ, შემდგომში კი ჭულევი ადგილობრივი მოსახლეობის უფასო ქვის სამტეხლოდაც იქცა.
მონასტრის შეკეთება 1935-36 წლებში უცდიათ რუსებს, რაც ძეგლის შეგნებული დამახინჯებით დასრულდა. ამ „რესტავრაციის“ დროს უკვალოდ გაქრა მაშინ ჯერ კიდევ შემორჩენილი სამრეკლო, ტაძრის ჩრდილო-დასავლეთით პატარა ეკლესია, სამხრეთის მხარეს სხვა ნაგებობანი.
XVI საუკუნის შემდგომ ჭულევში ღვთისმსახურება მხოლოდ 1999 წლიდან აღდგა, როდესაც ახალციხის, ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის ეპისკოპოსის, თეოდორეს (ჭუაძე) კურთხევით მონასტრის წინამძღვრად განაწესეს მამა სტეფანე (კალაიჯიშვილი), დღეს - ცაგერისა და ლენტეხის ეპისკოპოსი. ამავე დროს დაიწყო სამონასტრო კომპლექსის სარესტავრაციო სამუშაოები: მთავარი ტაძრის უკან, ჩრდილო-დასავლეთის მხრიდან, აშენდა საცხოვრებელი ბერებისათვის; მონასტრის კარიბჭესთან დაიდგა მონუმენტური ქვაჯვარი „ჭულევის ჯვართამაღლება“.
ინფორმაცია მოამზადა ლელა მარგიანმა
ფოტოები - ანზორ მჭედლიშვილის და ლელა მარგიანის