ზარზმა
galerea
aRwera
ზარზმის მონასტერი არის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი სოფელ ზარზმაში (სამცხე-ჯავახეთი, ადიგენის მუნიციპალიტეტი), ქვაბლიანის ხეობაში. შემორჩენილია გუმბათოვანი ეკლესია, სამრეკლო და რამდენიმე ერთნავიანი სამლოცველო, ზოგი დანგრეულია. მათგან ცოტა მოშორებით ძველთაგან ცნობილი წყაროა. ბერების სენაკები და სატრაპეზო არ შემონახულა. გადმოცემით, იქ იყო მდინარეზე ჩასასვლელი გვირაბი, რომელიც დღეს ლოდებითაა ამოვსებული.
მონასტრის დაარსების დროის შესახებ სხვადასხვა მოსაზრება არსებობს (VIII საუკუნე, IX საუკუნე). მონასტერი დაუარსებია ფეოდალური ხანის ცნობილ სასულიერო მოღვაწეს სერაპიონ ზარზმელს, წარმოშობით კლარჯს, რომლის ცხოვრებაც აღწერილია ბასილი ზარზმელის აგიოგრაფიულ თხზულებაში. ეკლესიის ადგილის შერჩევის შემდეგ სერაპიონმა და მისმა ძმამ “დადვეს საფუძველი”. სერაპიონს მტრულად შეხვდნენ მახლობელი დაბის მცხოვრებნი. მის გაძევებასაც კი მოითხოვდნენ. სერაპიონმა ადგილობრივ მოსახლეობას სასწაული მოუვლინა: ერთ დღეს გასკდა კლდე და წამოვიდა ნიაღვარი რომელმაც თითქმის მთელი სოფელი წალეკა. ამიტომაც “ეწოდა ზარზმა, რომელი ზარითა და შიშითა მოუთხრობელითა შეპყრობილ იყვნეს”.
სერაპიონისათვის დიდი დახმარება გაუწევია ადგილობრივ მთავარს გიორგი ჩორჩანელს, მას ახალი მონასტრისათვის სოფლები და მამულები შეუწირავს. სერაპიონის დროინდელი ეკლესია, რომელსაც დღემდე არ მოუღწევია, ხუროთმოძღვარ გარბანელს აუშენებია, და როგორც ჩანს, მარტივი ნაგებობა ყოფილა. ზარზმის ახლანდელი ტაძარი და სამრეკლო აგებულია XIV საუკუნის პირველ წლებში სამცხის მთავრის ბექა მანდატურთუხუცესის დროს. უძველესი ისტორიული ნაშთია ერთ-ერთი სამლოცველოს შესასვლელ თაღში ჩასმული, უფრო ადრინდელი, შენობიდან გადმოტანილი, X საუკუნის ბოლო ათეული წლების წარწერა, რომელიც მოგვითხრობს დავით III დიდი კურაპალატის გალაშქრების ამბავს ბარდა სკლიაროსის წინაარმდეგ.
ზარზმის ტაძარი უმნიშვნელოვანესი ძეგლია, რომელშიც მკაფიოდ ჩანს მაშინდელი ქართული ხუროთმოძღვრების დამახასიათებელი ზოგი ახალი ნიშანი. მნიშვნელოვანია კედლის მხატვრობაც, სადაც ტრადიციულ სიუჟეტებთან ერთად შემონახულია სამცხის მფლობელ ჯაყელთა (სარგისის, ბექა მანდატურთუხუცესის, სარგის II-ის, ყუარყუარეს), აგრეთვე XVI საუკუნის ისტორიულ პირთა (იმერეთის მეფის ბაგრატ III-ის, სერაპიონ ხურციძის და სხვ.) პორტრეტები. ზარზმის მონასტრის სამრეკლო ერთერთი უდიდესია საქართველოში და ამ ტიპის ქართული ნაგებობათა ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია. 1577 ზარზმის ახალმა მფლობელებმა - ხურციძეებმა, რომელთაც ეკლესიის ძველი მხატვრობის ნაწილი ახლით შეცვალეს, სამრეკლოს I სართულს თაღები ამოუშენეს და იოანე მახარებლის ეკლესიად აქციეს.
XX საუკუნის დასაწყისში ჩატარდა ზარზმის ეკლესიის, სამრეკლოსა და მხატვრობის რესტავრაცია. ამის შედეგად მხატვრობის კოლორიტი და ნაწილობრივ სტილისტიკური თავისებურებაც შეილახა.
ზარზმაში ინახება მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოჩენილი უხრწნელი გვამი, რომელსაც, სამოსიდან გამომდინარე, ვარაუდობენ რომ ბერი იყო.
ინფორმაცია მოამზადა ლელა მარგიანმა
ფოტოები - ანზორ მჭედლიშვილის და ლელა მარგიანის