ლავრა


galerea



aRwera

          მონასტერი დაარსებულია VI საუკუნეში, 562 წელს წმინდა დავით გარეჯელის მიერ, რომელიც იყო ცამეტ ასურელ მამათაგან ერთ-ერთი, რომლებსაც გამოეცხადათ ღვთისმშობელი და უბრძანა, საქართველოში წასულიყვნენ ქრისტეს სარწმუნოების საქადაგებლად.
        წმიდა დავით გარეჯელი მთის ბუნებრივ გამოქვაბულში დასახლდა და აქ შექმნა პირველი მონასტერი, რომელსაც დღეს წმიდა დავითის ლავრა ეწოდება. ამავე საუკუნეში მისმა მოწაფეებმა და თანამოღვაწეებმა დააარსეს კიდევ ორი სამონასტრო განშტოება: დოდომ - დოდოს რქა, ხოლო ლუკიანემ _ ნათლისმცემლი.
       მონასტრის კარიბჭეზე ყურადღებას იქცევს ხუცური წარწერა: “განმიხვენით: მე: ბჭენი: სიმართლისა: შევიდე: მასშინა: და: აუარო: უფალსა: ესე: არს: ბჭე: უფლისა: და: მართალნი: შევლენ: მას: შინა: ქორონიკონს: ტპგ”
       ამ ქვაზე არის ამოჭრილი სამი ირემი ნუკრით რაც ერთ-ერთ სასწაულს უკავშირდება. როცა მამა დავითი და ბერები უდაბნოში მივიდნენ, წყურვილი კლდის ნაპრალში შემორჩენილი წვიმის წყლით მოიკლეს. ლუკიანეს ეჭვი შეეპარა, რომ უწყლო და უნაყოფო მიწაზე ცხოვრებას შეძლებდნენ. მამა დავითმა მას შეახსენა, როგორ დააპურა უფალმა მანანით უდაბნოში მოხეტიალე ებრაელი ერი და როგორ ზრუნავდა იგი უდაბნოში გასულ ბერებზე. მამებმა გამოქვაბული იპოვეს, იქ დასახლდნენ და ძირითადად მცენარეებით იკვებებოდნენ. მაგრამ ზაფხულში სიცხემ მცენარეები გაახმო. ლუკიანე საკვებზე ფიქრით ვერ ისვენებდა. მაშინწმიდა მამამ მას სულმოკლეობა უსაყვედურა და სწორედ ამ დროს მათთან მოულოდნელად მივიდა სამი ირემი და მოთვინიერებულებივით დადგნენ. მამა დავითმა ლუკიანეს ირმების მოწველა უბრძანა. ამის შემდეგ ირმის რძე გახდა უდაბნოში გადახვეწილი ბერების ყოველდღიური საკვები, ყოველ საღამოს მოვიდოდნენ, როგორც შიანური საქონელი, მივიდოდა ლუკიანე და მოსწველიდა მათ; რძეს მიართმევდა წმიდა დავითს, გადასახავდა იგი ჯვარს და შედგებოდა ყველად. ოთხშაბათს და პარასკევს ისინი საზრდელს სულ არ იღებდნენ და მხოლოდ ლოცულობდნენ, ირმებიც კვირის ამ დღეებში მათთან არ მოდიოდნენ. კლდის ერთ-ერთ გამოქვაბულში აღმოჩენილია ბაგა, რომელიც ძროხისთვისაც და ცხვრისთვისაც ძალიან მაღალია. მეცნიერთა ვარაუდით, იგი მოშინაურებული ირმების ბაგა უნდა ყოფილიყო.
        აქვე არის ამოჭრილი ერთი არწივი, რომელსაც კლანჭებში აქვს მოქცეული თევზი ორაგული, იმის ნიშნად, რომ, როდესაც ამ უდაბნოს მოღვაწე მამებს ერთ ბზობა დღეს არ ჰქონდათ არც თევზი და არც მხალი, მათ ჰკითხეს წინამძღვარს, თუ რა ექნათ. მაშინ მამა დავითმა უბრძანა ორივე მათგანს, რომ წასულიყვნენ და მოეძებნათ მინდვრის მწვანილი. ერთი წავიდა ჩიჩხიტურის მხარეს, ხოლო მეორე დოდოს უდაბნოსკენ. მწვანილის ძებნაში ერთი მათგანის წინ დაფრინდა არწივი და დააგდო ცოცხალი თევზი ორაგული. გახარებულმა ბერებმა თევზი მიართვეს წინამძღვარს, რომელმაც უთხრა, რომ ეს თევზი იოანე მახარებელმა გამოგვივგზავნაო.
       ამავე ქვაზე არის ამოჭრილი ორი ყორანი, რომლებსაც ნისკარტებით მიაქვთ ვაშლები. ეს უკავშირდება შემდეგ ისტორიას: ლავრაში იდგა ვაშლის ხე, რომლის ნაყოფსაც ჭამდა ყველა ძმა ტრაპეზის დროს. ამ ხეზე ყველასგან მალულად იკრიფებოდა ვაშლები, და ვერ იგებდნენ ვინ კრეფდა. ბოლოს წინამძღვრის ბრძანებით დააყენეს დარაჯი, რომელმაც ნახა როგორ მოფრინდნენ ყორნები, მოწყვიტეს ვაშლები და შეიტანეს ერთ კლდეში. ცნობისმოყვარე კაცს დააინტერესა თუ რა იყო იმ ადგილას და აღმოაჩინა, რომ იმ კლდეში ყოფილა დაყუდებული მოღვაწე, რომელიც იზრდებოდა ყორნების დახმარებით. შემდეგ აქაც გამრავლდნენ მოღვაწეები, გამოკვეთეს ეკლესია და სენაკები, წითელ უდაბნოდ წოდებული, რომელიც მდებარეობს ბერთუბნის და დავითის უდაბნოს შორის. დღესაც არის ძველი ჩამოქცეული ეკლესია და სენაკები.
      ზემოთნახსენებ კირის ქვაზე კიდევ არის ამოჭრილი ორი ლომი ჯაჭვით დაბმული, ეს მოგვაგონებს იმას, რომ ღვთისადმი მინდობილებს შეუძლიათ დათრგუნონ ლომი და ვეშაპი, ისევე როგორც წმიდა დავითმა დაიმორჩილა უდაბნოს ხევში დამკვიდრებული ვეშაპი, რომელმაც ირემს ნუკრი შეუჭამა. წმიდა მამამ ქრისტეს ჯვრის ნიშნიანი რკინის კვერთხი აიღო და საზარელი მხეცის საპოვნელად ირემთა კვალს გაჰყვა. მხეცის არად შემრაცხველმა კვერთხი ზე აღაპყრო და მხეცს იმ ადგილიდან შორს გადახვეწა უბრძანა. მხეცი წმინდანის ბრძანებას დაემორჩილა, მაგრამ ის-ის იყო მტკვარში უნდა ჩასულიყო, რომ ის ციდან ჩამოტყორცნილმა მეხმა მეყსეულად დაწვა. ანგელოსმა აუწყა დავითს, რომ მხეცი მდინარიდან ზღვაში შესვლას აპირებდა, სადაც იგი ხალხს დიდ ზიანს მოუტანდა, ამიტომაც მასზე მოწეული რისხვა ღვთის განგება იყო.
        ლავრაში არის უბნის რამდენიმე ნაწილი. ზემო უბანი, ეს არის ორ კოშკს შორის გავლებული ქვითკირის კედლები, გალავანში აშენებულია ერთი ორსართულიანი სახლი ორი კარით, აქედან ერთი რკინისაა. აღმოსავლეთით გალავანს თუ გავუყვებით ჩავალთ მეორე ნაწილში, სადაც დგას ერთი ხართუთის და ორი კაკლის ხე. ამ მეორე მოედნიდან არის კლდეში გამოკვეთილი კარი, საიდანაც ჩავდივართ მესამე ნაწილში, რომლის აივნითა და კიბით ჩავალთ მეოთხე ნაწილის გალავანში, სადაც არის საფლავები ძმებისა და თავადების ანდრონიკაძეებისა და ვაჩნაძეების.
        აქ მარცხნივ არის კლდეში გამოკვეთილი ფერისცვალების სახელობის ეკლესია. ამ ეკლესიას სულ სამი ფანჯარა აქვს, ერთი საკურთხეველში, მეორე კედლის შუაში კანკელის გასანათებლად, და მესამეც შესასვლელ კარზე.
        ამ ეკლესიაში ინახება ის მადლის ქვა, რომელიც წმიდა დავითმა ჩამოიტანა ქრისტეს საფლავიდან, აი ეს როგორ მოხდა: ერთხელ დავით გარეჯელმა წმიდა ადგილთა მოსალოცად წასვლა გადაწყვიტა. მან ლუკიანე მოიხმო და მისი წასვლის შემდეგ სამწყსოზე ზრუნვა დაავალა. მამა დავითმა კეთილ სარბიელზე მხნედ ყოფნისათვის დამოძღვრა იგი და რამდენიმე ძმის თანხლებით წმინდა ქალაქისაკენ გაემართა. როდესაც მადლის ქედად წოდებულ მთას მიეახლნენ, წმინდა ქალაქიც გამოჩნდა. იხილა რა მამა დავითმა იერუსალიმი, მადლობის შემწირველმა ჯერ ხელნი ზეცად აღაპყრო, შემდეგ კი ქვითინით მიწაზე დავარდა. წმიდა მამამ თავი წმინდა ქალაქში შესვლის ღირსად არ მიიჩნია და სანამ მისი მხლებლები იერუსალიმის სიწმინდეებს მოილოცავდნენ, ქალაქის კარიბჭესთან მხურვალედ ლოცულობდა. წმიდანმა მადლის ქედიდან დიდი რწმენით სამი ქვა წამოიღო.
        იმ ღამით იერუსალიმის პატრიარქს ილიას უფლის ანგელოზი გამოეცხადა და უთხრა: „მოიწია ვიდრე სახლად ჩემამდე საკუთარი მონა ჩემი დავით და სარწმუნოებითა მისითა წარიღო სრულიად მადლი იერუსალიმისა“. ილიამ მალემსრბოლი დაადევნა წმინდა დავითს და მათი პირით ამცნო უფლის ნება - ერთი ქვა წაეღო, ორი კი დაებრუნებინა, რათა სრულად არ მოჰკლებოდა მადლი ქრისტეს ქალაქს.
        მამა დავითმა მართლაც დაუბრუნა იერუსალიმს ორი ქვა, ხოლო მესამე გარეჯში დაბრუნებულმა ეკლესიაში დაასვენა. სიწმინდის თაყვანსაცემად უდაბნოში უამრავი ხალხი მიდიოდა. ღვთის ნებით ქვა სასწაულმოქმედი ძალით აღივსო - მისი შეხება უკურნებელი სენისაგან არჩენდა მლოცველებს. მადლის ქვა არის ბატის კვერცხზე ცოტა პატარა, მოგრძო, თავზე აქვს ძველი სისხლის ფერი ხალი; მადლის ქვა, დღესაც კურნავს სარწმუნოებით მვედრებელთ. მას შემდეგ, რაც წმიდანმა უდაბნოში მადლის ქვა ჩამოიტანა, საძმო რიცხობრივად გაიზარდა.
        წმიდა დავითის გარდაცვალების შემდეგ მრავალი წელი არავინ იცოდა სად იყო ეს ქვა შენახული. 1816 წელს, სიძველის გამო, ეს ეკლესია განაახლა ამ უდაბნოს წინამძღვარმა არქიმანდრიტმა ილარიონ (ვაჩნაძემ) მეორემ; საჭიროებამ მოითხოვა კანკელის ოთხ კუთხიანი სვეტის გასწორება, რომელიც იყო დავითის საფლავის ფეხებისკენ. სვეტის ნახევარი რომ ჩამოაქციეს, გამოჩნდა გაჯით გალესილი კედელი მამების _ დავითისა და დოდოს ფრესკებით, იმ შემთხვევის ამსახველი სცენით, იერუსალიმიდან დაბრუნებულ დავითს რომ შეეგება მამა დოდო მხიარული სახით და ხელებზე ამბორით. საჭირო იყო ამ კედლის ჩამონგრევაც, რის შემდეგაც გამოჩნდა სხვა კედელი, რომელშიც იყო პატარა სორო, სწორედ ამ სოროში იდო მადლის ქვა; ეს ეკლესია თავიდან ყოფილა ღრმად ამოკვეთილი ქვაბი, რომელშიც ცხოვრობდა ღირსი მამა დავითი, სადაც აღესრულა და დასაფლავდა. შემდგომმა მოღვაწეებმა ამოკვეთეს ეს კლდე და ააშენეს ეკლესია.
        მთავარი ტაძრის მოპირდაპირე კლდეზე არის ორი გამოქვაბული - ერთში ლოცულობდა წმიდა მამა დავითი და მეორეში - წმიდა დოდო.
        წმინდა დავითის საფლავის ეკლესიის პირდაპირ არის ქვითკირით ნაშენი სამი სენაკი. მეორე სართული შედგება აივნის, სენაკების, კიბეების და გამოკვეთილი თახჩებისაგან. მესამე სართულზე არის შენობა, ორსართულიანი სახლი საჩეხიანი და ერთი სენაკი. ამის ზემოთ არის მეოთხე სართული და ერთი სენაკი, პატარა საკუჭნაოთი, რომელსაც აქვს მცირე აივანი.
        გარდა წმინდა დავითის სხეულისა აქ განისვენებენ კეთილი საქმეებითა და წმინდა ცხოვრებით ცნობილები: ღირსი მამა დოდო (კახეთის თავადთაგანი, ადნრონიკანი), მოწაფე დავით გარეჯელისა, რომელმაც დააფუძნა დოდოს მონასტერი, რომელიც პირდაპირ უყურებს ჩრდილოეთიდან ამ უდაბნოს, ერთ დიდ მთაზე, სადაც დღესაც არის ეკლესიები, სხვადასხვა სენაკები და ჭები. წმინდა დოდო აღესრულა 623 წელს, რომელსაც საქართველოს ეკლესია დღესასწაულობს ე.ი. ამაღლების შემდეგ ოთხშაბათს, სწორედ დავით გარეჯელის დღესასწაულის წინა დღეს; მამა ლუკიანე, მოწაფე წმინდა დავითისა; ღირსი მამა არსენი, წამებული შაჰ-აბაზისაგან 1603 წელს; გრიგორი ხუცეს-მონაზონი, გარდაცვლილი 1628 წელს, რომელმაც აღწერა წამება ქეთევან დედოფლისა.
        ამის პირდაპირ არის წმ. ნიკოლოზის სახელობის პატარა ეკლესია. შესასვლელი კარის ზემოთ აქვს ოთხი სვეტი და მათზე სამრეკლო.

 

ინფორმაცია მოამზადა  ლელა მარგიანმა

ფოტოები  - ანზორ მჭედლიშვილის და ლელა მარგიანის